logo
ENG



"გავასაჩივრებთ უზენაესში, ეს სამართლიანობისთვის ბრძოლაა" - ხაზარაძე სააპელაციოზე

26 იან 202315:09
3 წუთის საკითხავი
 

ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დაცვის მხარე უზენაესში გაასაჩივრებს. ამის შესახებ სააპელაციოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ლელოს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

"ჩვენ დღესვე მივმართავთ ჩვენს ადვოკატებს და გავასაჩივრებთ უზენაესში. ეს არის გრძელი გზა და დარწმუნებული ვარ, რომ უზენაესში დაგვხვდება ის ადამიანი, ის მოსამართლე, რომელიც იყო ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, ბატონი თადუმაძე, რომელიც იყო გენერალური პროკურორი, რომელმაც დაიწყო პროცესი ჩვენს წინააღმდეგ და ახლა მივდივართ მოსამართლესთან, ბატონ თადუმაძესთან, რომელმაც თითქოს სამართლიანობა უნდა გამოიტანოს. ეს არის აბსურდის თეატრი, ქვეყანა და ასე ვერ გაგრძელდება, მაგრამ ვპირდები თითოეულ მოქალაქეს, რომ ბრძოლა არ გაჩერდება ერთი წამით. ეს ბრძოლა არ არის მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის. ეს არის სამართლიანობისთვის ბრძოლა, ბრძოლა, რომ ამ ქვეყანაში ესე ცხოვრება არ გავაგრძელოთ და გავაგრძელოთ წარმატებული ქვეყნის მშენებლობა"- თქვა ხაზარაძემ.

მისივე შეფასებით, ამ საქმეზე მიმდინარე პროცესები "სამართლებრივი აბსურდია".

"ის, რაზეც ჩვენ პირველმა ინსტანციამ და დღეს უკვე სააპელაციომ დაადასტურა, ეს არის სამართლებრივი აბსურდი. გვედავებიან იმ საქმეზე, რომელზეც განხილვა არ ყოფილა და რომელზეც პროკურატურას ჯერ კიდევ 4 წლის წინ წერილობით აქვს დადასტურებული, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით მათ პრეტენზია არ გააჩნიათ. აბსოლუტური ნონსენსია, რომ ბრალდება წაგვიყენა მოსამართლემ და არა პროკურატურამ, მსგავსი რამე არსად არ წერია, რომ ბრალი წაგიყენოს მოსამართლემ, რომელზეც პროკურატურა არ გედავება. დღეს ბიძინა ივანიშვილის მონებმა ეს გაიმეორეს თუთიყუშივით. ვერც პირველმა და ვერც მეორე ინსტანციამ ვერც კი თქვა, რომ ფულის გათეთრება არ ყოფილა და ჩვენ ვართ მართლები. ის, რომ მე ახლა თქვენ წინაშე ვდგავარ და 4 წელია მიმდინარეობს ეს საქმე და საპყრობილეში არ ვართ, ნიშნავს, რომ ფულის გათეთრება არსებობს"- თქვა ხაზარაძემ.

დღეს, 26 იანვარს სააპელაციო სასამართლომ ჯაფარიძე-ხაზარაძე-წერეთლის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

2022 წლის 12 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს ფულის გათეთრების მუხლი ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობის თაღლითობის მუხლით გადაუკვალიფიცირა, დამნაშავედ სცნო და სამივეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დანაშაულის ხანდაზმულობის გამო ისინი არ დააპატიმრეს.

TBC ბანკის დამფუძნებლების და ყოფილი ხელმძღვანელების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება 2008 წელს გაკეთებული ტრანზაქციის საქმეზე პროკურატურამ 2018 წლის აგვისტოში დაიწყო, მომდევნო წლის ივლისში კი ბრალი წარუდგინა მათ. მათ ბრალი 17 მილიონ დოლარამდე უკანონო შემოსავლის ლეგალიზებაში (ფულის გათეთრებას) ედებოდათ.

ავთანდილ წერეთელს კი პროკურატურა ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებაში ადანაშაულებდა. 

 


close დახურვა