logo
ENG



აკაკი მინაშვილმა და ბაჩო დოლიძემ ნაციონალურ მოძრაობაში პარტიული თანამდებობები დატოვეს

30 იან 202313:00
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/30/kfi8slx47be6m8f.jpg

ნაციონალური მოძრაობის წევრებმა, ბაჩო დოლიძემ და აკაკი მინაშვილმა პარტიული თანამდებობები დატოვეს, თუმცა პარტიაში რჩებიან.

ბაჩო დოლიძე ნაციონალურ მოძრაობაში საორგანიზაციო მდივნის პოზიციას იკავებდა, აკაკი მინაშვილი კი პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და პოლიტიკური მდივანი იყო.

ბაჩო დოლიძის თქმით, ნაციონალური მოძრაობის ახალ თავმჯდომარეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ნორმალურად დააკომლექტოს გუნდი, რომელსაც თვლის, რომ უნდა იყოს წინა ფლანგზე.

"დღესვე ვთმობ [თანამდებობას] იქიდან გამომდინარე, რომ მოგებულ მხარეს, კანდიდატს, უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ნორმალურად დააკომპლექტოს გუნდი, რომელსაც ის თვლის, რომ უნდა იყოს ე.წ წინა ფლანგზე, ანუ მენეჯმენტში, არავინ მინდა ჩათვალოს ბოიკოტად აღნიშნული გადადგმული ნაბიჯი. რა თქმა უნდა, ვრჩები პარტიის რიგებში, ვაგრძელებ ბრძოლას იმ რეჟიმთან, რომელსაც ჰქვია ქართული ოცნება, ეს არის მთავარი მოწინააღმდეგე", - თქვა ბაჩო დოლიძემ.

აკაკი მინაშვილის თქმით, იმ ფონზე, როცა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის საკითხი აქტუალურია, ბუნებრივია, რომ პარტიას არ ტოვებს.

"მინდა გითხრათ, რომ მქონდა გარკვეული პოზიციები პარტიის მენეჯმენტში, ვიყავი პოლიტიკური მდივანი, პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ორივე ამ პოზიციას ვტოვებ, ბუნებრივია პარტიიდან არ მივდივარ, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის საკითხი არის ძალიან აქტუალური, თუმცა აქტიურ პარტიულ მმართველობას ჩამოვშორდები და ვდისტანცირდები. პარტიას ვუსურვებ წარმატებას", - თქვა მინაშვილმა.

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა.

არჩევნებში ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: ნონა მამულაშვილი - 3,73%, ნიკა მელია - 40%, გიორგი მუმლაძე - 3.68%, ლევან ხაბეიშვილი - 52,58%.

პარტიაში არჩევნები 28-29 იანვარს მიმდინარეობდა. რეგისტრაცია და ხმის მიცემა ელექტრონულად, ე.წ ბლოკჩეინის სისტემის გამოყენებით განხორციელდა.


close დახურვა