logo
ENG



ჯიშკარიანი: ემპათიის დასკვნა ისეა დასაბუთებული, ბრეგაძე და სამხარაული გვერდს ვერ შემოუვლიან

30 იან 202321:52
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/30/kiofrqb4eyk35f5.png

ცენტრ ემპათიის ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი აცხადებს, რომ იუსტიციის სამინისტრო მიზანმიმართულად ცდილობს მიხელ სააკაშვილის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო პროცესების გაჭიანურებას.

სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში მან ისაუბრა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაზე, რომლის თანახმადაც, მიხეილ სააკაშვილზე "ცენტრ ემპათიას დასკვნა სარწმუნო და უტყუარი არ არის".

ჯიშკარიანის შეფასებით, სამხარაულის დასკვნით ცდილობენ რეპუტაციული ზიანი მიაყენონ ემპათიას.

"ასეთი რამე არ მომხდარა, რომ პატიმრის წინააღმდეგ გაელაშქროს იუსტიციის მინისტრს და ექსპერტიზის დასკვნის დასკვნის გასაკეთებლად მიმართოს სამხარაულს. დღეს ადვოკატებმა ცხადად აჩვენეს პროცესზე, რომ ეს იყო დაუშვებელ მტკიცებულება. ყოველგვარი საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით არის ჩატარებული ექსპერტიზა. რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნას თვითონ, ცენტრი ემპათია მუშაობს ამ დასკვნის დასკვნის დასკვნაზე. ეს ყველაფერი ცუდია თვითონ პაციენტისთვის პირველ რიგში. ეს არის უკვე შეგნებული მავნებლობა, რომ გააჭიანურო სასამართლო პროცესები და მიიყვანო კრიტიკულ ზღვრამდე. არ ვიცი, რას ელოდებიან უნდა მოკლან მიხეილ სააკაშვილი თუ რა დავალება აქვს მიღებული ამ იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს? რატი ბრეგაძემ ემპათიის დასკვნას რაც არ უნდა უძახოს, უტყუარი არ არისო, ეს არის ემპათიის რეპუტაციული ზიანის მიყენება და დისკრედიტაციის სურვილი ექსპერტების მიმართ. ემპათიის დასკვნა იმდენად დასაბუთებულია და იმდენად მაღალი სტანდარტისაა, რატი ბრეგაძე კი არა, მთელი სამხარაულის ბიურო ორღობედ რომ არის გადაქცეული, ყველა რომ ჩაებას ამაში, მთელი საქართველოს სამედიცინო საზოგადოება, გვერდს ვერ შემოუვლიან. იქ არც ერთი სიტყვა არც მეტი წერია და არც ნაკლები" - თქვა ჯიშკარიანმა.

იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, ლევან სამხარაულოს ექსპერტიზის ბიურომ დაადგინა, რომ მიხეილ სააკაშვილზე ცენტრ ემპათიას დასკვნა სარწმუნო და უტყუარი არ არის. 

"ლევან სამხარაულის ეროვნული ბიუროდან მივიღეთ დასკვნა, რაც მოიცავს 3 ძირითად მიმართულებას: ფსიქიატრიული, გასტროენტეროლოგიური და ნევროლოგიური დიაგნოზები. თამამად უნდა ითქვას, რომ დასკვნის შესაბამისად, ცენტრ ემპათიის მიერ გამოტანილი დიაგნოზები არ არის სარწმუნო და უტყუარი. ეს დასკვნა წარედგინა სასამართლოს და გაგრძელდება შემდგომ მსჯელობა სასჯელის გადავადებასა და მისი შემდგომი მოხდისგან გათავისუფელბასთან დაკავშირებით სასამართლოში", - თქვა ბრეგაძემ.

***

პირველ დეკემბერს ცენტრმა ემპათიამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნაზე ისაუბრა. 

ცენტრ ემპათიის განმარტებით, მათ მიერ სააკაშვილის შესახებ მომზადებული სამედიცინო დასკვნა 194-გვერდიანია და თან ახლავს 22 დანართი, რომლის მიხედვითაც სააკაშვილს აღენიშნება 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი - აქედან კი წამყვანია დაახლოებით 10 დიაგნოზი.

როგორც დასკვნაშია აღნიშნული, სააკაშვილს აღენიშნება სიმპტომები და დიაგნოზები (ნეირო - ფსიქიკური, გასტრო - ენტეროლოგიური, ასევე საყრდენ - მამოძრავებელი სისტემის, მხედველობის მხრივ), აღენიშნება დაუდგენელი ეტიოლოგიის ცხელება, ანორექსია, წონაში სწრაფი კლება, კუნთების, სახსრების ძვლების ტკივილი, სხეულზე ესკორიაციები - ნაკაწრები - ფხანის კვალი, კუნთების განლევა, რომელიც შესაძლოა წარმოადგენდეს დაუდგენელი ინფექციური პროცესის ან/და შესაძლო ინტოქსიკაციის შედეგებსაც, ვინაიდან თმის ნიმუშის ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაში გამოვლენილი იქნა დოკუმენტირების ლიმიტზე მეტი Ba, Bi, Mercury (Hg). როგორც ცენტრში აცხადებენ, ეს ტოქსიკური ნივთიერებები საშიშია იმით, რომ მათ შეუძლიათ გამოიწვიონ არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ზოგჯერ ფსიქიკური დარღვევები.

ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ მიხეილ სააკაშვილი არ შეიძლება იმყოფებოდეს ამჟამად არსებულ დაწესებულებაში, ასევე პატიმრობის პირობებში, ვინაიდან შეუძლებლად მიაჩნიათ ამ დაწესებულებებში სრული ტოქსიკოლოგიური კვლევის ჩატარება.

ექსპერტთა დასკვნებში მოყვანილია ფიზიკური და ფსიქოლოგიური არაადამიანური მოპყრობის ფაქტები და გამოსაკვლევი პირის მონათხრობები; მათ შორის, მოტყუება, იძულებით ჰოსპიტალიზაცია, კრიმინალური სუბკულტურის პატიმრების მხრიდან გამოსაკვლევი პირის დამცირება და სიცოცხლის მოსპობის მუქარა.


close დახურვა