"ძალა აღმართს ხნავს. მადლობა ყველას, ვინც ჩართული იყავით ამ პროცესში ჩემს მიმართ ასეთი შეურაცხმყოფელი ქცევისა და ურთიერთობებისთვის", - ასე მიმართავს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ჯანდაცვის მინისტრს, ზურაბ აზარაშვილსა და მის მოადგილეს, თამარ გაბუნიას.
წერილი ფორმულამ ექსკლუზიურად მოიპოვა.
წერილიდან ირკვევა, რომ ამირან გამყრელიძე ნაწყენია მისი გათავისუფლების გადაწყვეტილების გამო და მიიჩნევს, რომ ეს სამინისტროსთან იყო შეთანხმებული.
NCDC-ის ყოფილი ხელმძღვანელი მის წინააღმდეგ აგორებულ მადისკრედიტირებელ კამპანიაზეც ლაპარაკობს და ამას წითელი ხაზების გადაკვეთად აფასებს.
როგორც ის ამბობს, ჯანდაცვის სფეროს შეზღუდული დაფინანსების გამო ხარისხი ვერ გაუმჯობესდა, რაც არაფორმალურ გადახდებს და დანახარჯების კატასტროფულ ზრდას გამოიწვევს.
გამყრელიძის წერილი სრულად:
"დიდი მადლობა წერილისა და გადაწყვეტილებისთვის რომელიც მოსალოდნელი იყო.
გასაგებია, რომ ეს გადაწყვეტილება არ იქნებდა მიღებული შესაბამისი სამმართველოს თუ ცალკეული სტრუქტურული ერთეულების მიერ თქვენთან და სამინისტროსთან შეთანხმების გარეში (ამიტომაც ვაკოპირებ ბატონ მინისტრთან). სხვა მრავალ ფაქტორთან ერთად შეურაცმყოფელია თვითონ ეს ფაქტიც რომ ღირსიც არ გამხადეთ, რომ წერილი რომელიმე მაღალი თანამდებობის პირის ხელმოწერით ყოფილიყი (თუ არა თქვენი) და ეს პასუხისმგებლობა გადაანაწილეთ მთელ ცენტრზე. მართალი გითხრათ ჩვენი საუბრის შემდეგ ნამდვილად აღარ ვაპირებდი იმ წერილის გასაჯაროებას რომელიც პირადად თქვენ მოგწერეთ და დავაკოპირე პაატასა და ირმასთან, მაგრამ როდესაც ასეთი პასუხი მივიღე და თქვენი გუშინდელი შეპირების მიუხედავად საპასუხო წერილში ვერცერთი განმარტება ვერ ვნახე ჩემს მიერ დასმულ კითხვებზე, ამიტომ წერილს გიგზავნით უკვე ოფიციალურად.
გასაგებია, რომ ამ კონტრაქტის ფინანსური ნაწილი ჩემთვის განმსაზღვრელი არ არის, როგორმე ჯერ კიდევ შევძლებ ჩემი ცოდნითა და გამოცდილებით მის კომპენსირებას, პრობლემა და არსი სხვა მთავარშია და გასაგები მიზეზების გამო აღარ შემოვალ დისკუსიაში, ძალა აღმართს ხნავს. მადლობა ყველას ვინც ჩართული იყავით ამ პროცესში ჩემს მიმართ ასეთი შეურაცმყოფელი ქცევისა და ურთიერთობებისთვის. სანთელ-საკმეველი თავის გზას ალბათ მაინც არ დაკარგავს! მოგეხსენებათ ხანგრძლივი სტაჟის ექიმი ვარ, ჰუმანურობა ჩემთვის როგორც თითოეული ნამდვილი ექიმისთვის მთავარი (ამოსავალი) პრინციპია და ყოველთვის ვცდილობ ვაპატიო ადამიანს გადაცდომები, მათ შორის მძიმეც, მაგრამ არასდროს არ უნდა იკვეთებოდეს წითელი ხაზები. ამიტომ მაინც დიდი მადლობა იმ ბევრი პოზიტივისთვის რაც ჩვენს ურთიერთობაში ყოფილა, ასევე ალბათ სინდისის ქეჯნას გარკვეულად თქვენც გრძნობთ, რადგან გარემოებათა გამო იძულებული იყავით გაგეკეთებინათ/მხარი დაგეჭირათ იმ პროცესებისთვის რაც ხორციელდებოდა ბოლო თვეების განმავლობაში ჩემს მიმართ.
დარწმუნებული ვარ, შინაგანად ცოტა მადლიერებაც უნდა გქონდეთ პირადად თქვენს მიმართ ჩემი პატარა დამსახურებებისთვის, იქნებოდა ეს 90-იანებში თუ ბოლო ოთხ წელიწადში. ამიტომაც მიჭირს თქვენთან ამ სახით საუბარი და არ ვისურვებდი თქვენს ადგილზე ყოფნას.
მოგეხსენებათ რამოდენიმე ათეული წელი საკმაოდ აქტიური ვარ ჯანდაცვის სფეროში და თავისთავად ძალიან გამეხარდება თუ ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სფერო მნიშვნელოვნად განვითარდება სამინისტროს დღევანდელი ლიდერშიპის წინამძღოლობით. მაგრამ მშპ-თან მიმართებაში 2%-იანი დაფინანსებით უნდა გვესმოდეს, რომ ეს ვერ მოხდება. აქსიომაა, რომ ასეთი შეზღუდული დაფინანსებით სამედიცინო დახმარების ხარისხი ვერ გაიზრდება, მოიმატებს სამწუხაროდ ჯიბიდან და არაფორმალური გადახდები და ისევ ზევით წავა კატასტროფული დანახარჯები. ანუ რაც საყოველთაობის პრინციპმა გააჩინა 2013 წელს და ეს ქართული ოცნების მთავრობის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი იყო ქვეყანაში პოზიტიური დინამიკის სახით, სამწუხაროდ შემობრუნდება უკან.
მოგეხსენებათ 2021-ში ეს პროცენტი იყო 4.2% და ამ მხრივ სწორ გზაზე ვიდექით ამ მხრივ (ევროკავშირის საშუალო მაჩვენებლისკენ მივდიოდით), ახლა 2%-ით ისევ ჯანმოს ევროპის რეგიონის 53 ქვეყნის ბოლოში ვართ. გემახსოვრებათ ალბათ ჩემი პროტესტი საკოორდინაციო საბჭოზე ამ საკითხთან დაკავშირებით. გამეხარდება ძალიან თუ დაავადებათა კონტროლის ცენტრი კიდევ უფრო გაძლიერდება და განვითარდება, ვიქნები თქვენი და ცენტრის დიდი გულშემატკივარი, მაგრამ არა ამ გაუმჭვირვალე ფორმით, როცა ეს მნიშვნელოვანი დაწესებულება მოსახლეობას ვეღარ ელაპარაკება, ვერ აძლევს ყოველდღიურ, ყოველკვირეულ თუ ყოველთვიურ სწორ ინფორმაციას დაავადებათა დინამიკის შესახებ ქვეყანაში შესაბამისი მტკიცებულებაზე დაფუძნებული რეკომენდაციებით. ამის საუკეთესო მაგალითია კოვიდი, გრიპი და სხვა რესპირაციული ინფექციები ამ სეზონზე.
მრცხვენია, რომ ეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია რამოდენიმე თვეა უკვე ცენტრის ვებსა და ფეისბუკზე აღარ მოიძებნება, მაშინ როცა დეკემბრიდან მოყოლებული ქვეყანაში კოვიდის არც თუ ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ზრდა გვაქვს და მას შესაბამისი ღონისძიებების გატარება ჭირდება. ჩემი თუ არ გჯერათ ჯანმოს საგანგებო კომიტეტის გუშინდელ რეკომენდაციებს მაინც დავუჯეროთ. ვფიქრობ, რომ ისინი ჯერჯერობით ჩვენზე მაინც მეტად გამოცდილი და მცოდნენი არიან და თავი შეიკავეს პანდემიის დასრულების გამოცხადებისგან. მსგავსი განცხადება გაავრცელა გუშინ თეთრმა სახლმაც.
იხილეთ ქვემოთ ჩემი მოკლე წერილი და თქვენ თუ არა, ცენტრის თანამშრომლებმა თავისთვის განსაჯონ (არა საჯაროდ) და უპასუხონ (თავისთვის) იმ კითხვებს რაც მე დაგისვით. ქართველებს ასეთი გამოთქმა გვაქვს „თავის ქება კიტრად არა ღირსო". ამიტომ მე არც ციფრებს და არც სხვა მონაცემებს მოგიყვანთ, ისინი და მათი დინამიკა ჩემს მაგივრად ილაპარაკებენ და გახლავთ ცენტრის იმ საერთო თუ ფინანსურ ანგარიშებში, რომელსაც ცენტრი ყოველწლიურად აქვეყნებდა და შეგიძლიათ კიდევ უფრო დაკვირვებით გაეცნოთ.
ნამდვილად ძალიან გავიხარებ თუ 2023-ში და შემდგომ ნახტომისებრი წინსვლა იქნება მოსახლეობის ჯანმრთელობის ყველა პარამეტრისა და ინდიკატორის.
ვსარგებლობ შემთხვევით და კიდევ ერთხელ მსურს დიდი მადლობა გადავუხადო დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დიდ გუნდს, თითოეულ თანამშრომელს ცენტრალურ ოფისსა თუ რეგიონებში, პროექტებით დაკონტრაქტებულ პიროვნებებს უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ერთად გაწეული თავდაუღალავი შრომისთვის, რომელიც საქართველოს საზოგადოებამ კიდევ უფრო კარგად გაათვითცნობიერა პანდემიის პერიოდში, იმ ღვაწლისთვის რაც შეგაქთ ქვეყანაში პრევენციული მედიცინის, ბიო-სამედიცინო მეცნიერების და ზოგადად მოსახლეობის ჯანმრთელობის განვითარებაში, ბოდიში მოგიხადოთ იმისთვის თუ ყველა დასახული ამოცანა ბოლომდე ვერ სრულდებოდა და ასევე თუ ვინმეს პირადული წყენა დაგრჩათ ჩემს მიმართ".
გამყერლიძე ჯანდაცვის მინისტრსა და მოადგილეს კიდევ ერთ წერილს წერს, რომელიც 1-ლი თებერვლითაა დათარიღებული.
"წერილი რაც გამოვგზავნე 29-ში და გთხოვეთ განმარტებები:
მოგესალმებით ქალბატონო თამარ, ვფიქრობდი ამ მგრძნობიარე საკითხზე მომეწერა თუ არა წერილი და ჩამეყენებინა თუ არა საქმის კურსში ცენტრის თანამშრომლები.
გადავწყვიტე რომ მაინც დიახ, რადგან როგორც ბიბლიაშია „არაფერია დაფარული, რომ არ გაცხადდეს, და დამალული, რომ არ გამჟღავნდეს. ამიტომ, რაც ბნელში გითქვამთ, ნათელში მოისმენენ, და რაც ყურში იჩურჩლეთ ოთახებში, ერდო-ბანებზე გამოხმაურდება".
კარგა ხანია მაქვს ინფორმაცია, რომ თურმე დიდი ვნებათაღელვაა ცენტრში ჩემს საკონსულტაციო მუშაობასთან დაკავშირებით სხვადასხვა პროექტებში, რომელთა მოზიდვასა და განხორციელებაში, მოგეხსენებათ, გარკვეული/პატარა წვლილი მიმიძღვის გასული 10 წლის განმავლობაში.
თანამშრომლების დიდი ნაწილი დათრგუნულები და ანერვიულებული ხმით, ბოდიშის მოხდით მეხმიანებიან, რომ აკრძალული აქვთ ჩემი სახელის ხსენება, რომ ამოღებული უნდა იქნეს ჩემი გვარი პროექტებიდან სადაც კონსულტანტად ვიყავი, არ შეიძლება ჩემი მიწვევა სხვადასხვა ღონისძიებებზე (საუკეთესო მაგალითია ჰეპატიტის ელიმინაციის სათანამშრომლო ცენტრის დაფუძნების ცერემონიალი სხვაზე რომ აღარაფერი ვთქვა), რომ სრულად უნდა შეწყდეს ჩემი კავშირები ცენტრთან ყველანაირი ფორმით, მგონი მალე შემთხვევით შეხვედრაც აიკრძალება სადმე საჯარო სივრცეში ჩემთან, დაგეგმილზე რომ აღარაფერი ვთქვა.
მიუხედავად იმისა რომ სამინისტროდან, ცენტრიდან და სხვადასხვა ოფიციალური თუ არაოფიციალური წყაროებიდან მაქვს ინფორმაცია იმ მოსაზრებების შესახებ რომლებიც აქტიურად განიხილება და რომლითაც ცდილობენ ჩემი სახელის დისკრედიტაციას (რომ თურმე ცენტრში არაფერი არ კეთდებოდა ჩემი დირექტორობის დროს, წესრიგი მორღვეული იყო, რომ დირექტორი არ ზრუნავდა თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებასა და კეთილდღეობაზე, არ უქმნიდა მათ სათანადო სამუშაო პირობებს, ადგილი ჰქონდა ნეპოტიზმს და გრანტებში ჩასასმელად თვითონ არჩევდა ადამიანებს და ა.შ., არ ვიცი კიდევ რას დამაბრალებთ, რას გაწვდება კიდევ ზოგიერთების უკიდეგანო ფანტაზია) და სამინისტროს ხელმძღვანელობისა და თქვენი ქცევა გარკვეულად უნისონსშია წინა აბზაცში ნათქვამთან, მე მაინც არ მინდა დავიჯერო რომ ეს სიმართლეა, რადგან ჩემი ცხოვრებითა და განვლილი გზით ჯანდაცვის სფეროში, ასევე ჩვენი პირადი ურთიერთობებით, ვფიქრობ, რომ ეს ნამდვილად არ დამიმსახურებია.
გთხოვთ ოფიციალურად მომწეროთ ცენტრთან კონტრაქტის გაწყვეტის გადაწყვეტილება რათა დროულად მოვაგვარო სხვა მასთან დაკავშირებული ყოფითი საკითხები.
ასევე გთხოვთ ოფიციალურად განმიმარტოთ რატომ ხდება ასე, ანუ:
1. რა დანაშაული მიმიძღვის ქვეყნის, ჯანდაცვის სფეროსა და ცენტრის წინაშე. თუ არის ასეთი მიუთითეთ ფაქტები.
2. რატომ არის ჩემთან კავშირი და თანამშრომლობა ასოცირებული როგორც „კეთროვანთან“.
3. როდემდე უნდა გაგრძელდეს მსგავსი პოლიტიკა ჩემს მიმართ. გაითვალისწინეთ რომ ასაკით თქვენზე ბევრად ხნიერი ვარ და უფრო ხანგრძლივი სამუშაო თუ ცხოვრებისეული გამოცდილება მაქვს, საქმე მქონია სხვადასხვა ჯურისა თუ მრწამსის პოლიტიკოსებთან თუ მოხელეებთან, მათ შორის ვინც ღიად თუ არაპირდაპირ მიპირისპირდებოდნენ უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში სხვადასხვა ეტაპზე, მაგრამ არა ასეთი ბინძური და შეურაცმყოფელი მეთოდებით. თავისთავად მე თვითონ მსგავსი არასდროს არ მიკადრია და არც გამიფიქრებია როცა თქვენნაირ თანამდებობეზე გახლდით. გაუფრთხილდით მთავარს ცხოვრებაში - ღირსებას და ნუ შელახავთ მას მერკანტილური და დროებითი ინტერესებით.
გირჩევთ გაეცნოთ ამონარიდს საქართველოში საყოველთაოდ ცნობილი პიროვნების შეგონებებიდან:
"ყველაფერი რაც გაქვთ დროებითია. სხვებს არაფრით ჯობიხართ. თქვენი დღევანდელი მდგომარეობა შემთხვევითობის შედეგია. დრო გააქრობს თქვენს ფულს, თანამდებობას, კარგ მანქანას, სახლებს და ყველაფერს რაც მატერიალურია...მთავარი ადამიანობა, ღირსება, სიყვარული და კაცობაა. მათ ვერაფერი წაგართმევთ. ეს არასდროს არ უნდა დაგავიწყდეთ" /გელა ჩარკვიანი/
ვიცი, რომ ბევრ რამეში ოფიციალურად არ დამეთანხმებით (გულში არ ვიცი), ბოდიშს გიხდით თუ ამ ტიპის კომუნიკაციით ცოტა გული გატკინეთ, მაგრამ მეც ძალიან შეურაცყოფილი ვარ, ისე როგორც არასდროს და ვფიქრობ არ ვიმსახურებდი. გისურვებთ ყველას ყოველივე საუკეთესოს, ჯანმრთელობას, ბევრ სიხარულს, გამარჯვებებსა და წარმატებებს ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის საკეთილდღეოდ
პატივისცემით, ამირან გამყრელიძე პირველი თებერვალი, 2023 წ"
ამირან გამყრელიძე წერილს თან ურთავს დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან მიღებულ წერილს, რომლის თანახმადაც მას კონტრაქტს აღარ უგრძელებენ.
2022 წლის აგვისტოდან ამირან გამყრელიძე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის პოსტს აღარ იკავებს.