იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციაში გადაყვანის შესახებ გუშინ გავრცელებული ინფორმაციის მიზანი "ემოციური ფონის ხელოვნურად გამძაფრება" იყო. მისი თქმით, სააკაშვილის რეანიმაციაში გადაყვანის "ობიექტური მიზეზი არ არსებობს".
"2 დღის განმავლობაში მიმდინარეობს აქტიური კამპანია პატიმარ მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციულ განყოფილებაში გადასაყვანად, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არასწორი საზოგადოებრივი აღქმების ჩამოყალიბების, ემოციური ფონის ხელოვნურად გამძაფრების და სახელმწიფოს სამართლიანი მოქმედებების განზრახ უსამართლოდ წარმოჩენის მიზანს ემსახურება.
ზემო აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის და აგრეთვე, მისი პოლიტიკური გუნდის წევრების მხრიდან გუშინ შეგნებულად გავრცელდა ყალბი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს პატიმარი რეანიმაციულ განყოფილებაში იქნა გადაყვანილი. მკურნალობის საკითხებში ჩვენთვის სარწმუნოა სამედიცინო პერსონალის მოსაზრებები და არა პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირთა საზოგადოებაში შეცდომაში შეყვანისკენ მიმართული უსაფუძვლო გამონათქვამები
ვივამედის დირექტორის გუშინდელი განცხადების თანახმად, პაციენტს არ აქვს ყლაპვის ფუნქციის დარღვევა და სხვა ხელშემშლელი მექანიზმი, რაც საკვებს მიღებისთვის შეიძლება არსებობდეს. მსჯავრდადებულს შესთავაზეს პარენტერალური კვება, რაზეც იგი კატეგორიულ უარს ამბობს და აცხადებს, რომ ამგვარ კვებას დათანხმდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაყვანილი იქნება რეანიმაციულ განყოფილებაში.
პაციენტის ფიზიოლოგიური პარამეტრები რჩება ნორმის ფარგლებში, თუნდაც მასის ინდექსი არ შეესაბამება რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობის პარამეტრებს, რაც საბოლოო ჯამში გულისხმობს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანის ობიექტური მიზეზი არ არსებობს", - განაცხადა მან.
მისი განცხადებით, ჯანმრთელობისთვის საჭირო ღონისძიება, კერძოდ, პარენტერალური კვება, შესაძლებელია იმ პალატაში, სადაც სააკაშვილი იმყოფება, თუმცა ის ექსპრეზიდენტის უარის გამო ვერ ტარდება. ბრეგაძის თქმით, ამას "ულტიმატუმსა და თვითდაზიანებით მუქარას" უწოდებს და ამბობს, რომ "მიუღებელია".
"პატიმრის აღნიშნული ქმედება სხვა არაფერია, თუ არა თვითდაზიანებისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი, რაზეც პასუხისმგებელია თავად პატიმარი და ყველა ის ადამიანი, რომელიც სხვადასხვა ფორმით თვითდაზიანების წახალისებითა და მხარდაჭერითაა აქტიურად დაკავებული", - ამბობს ბრეგაძე.
მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციაში გადაყვანის შესახებ ინფორმაცია 31 იანვარს გიორგი ჩალაძემ გაავრცელა, რაც ვივა მედის დირექტორმა, ნინო ნადირაძემ უარყო.
მოგვიანებით, მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ მოინახულა და კლინიკის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რეანიმაციაში გადაყვანაზე შეთავაზება მიხეილ სააკაშვილმა ექიმებისგან მიიღო, რაზეც მესამე პრეზიდენტმა თანხმობა განაცხადა.
***
პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი დღევანდელ სასამართლო პროცესს დისტანციურად ჩაერთო. მან სასამართლოს სიტყვით ქართულ და უკრაინულ ენებზე მიმართა და თქვა, რომ "ერთადერთი, რასაც ითხოვს, ადეკვატური მკურნალობის საშუალების მიცემაა".
მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოზე სიტყვით გამოსვლისას საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და ფიზიკური მდგომარეობის საჩვენებლად მაისური აიწია. მან "არაეთიკური სურათის" ჩვენებისთვის ბოდიში მოიხადა. გამოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილს მკვეთრად აქვს წონაში დაკლებული, რაზეც მეტყველებდა გამოკვეთილი ნეკნები და მუცელი. გამოსვლის დროს ის საუბრობდა ნელა, შესვენებებით და პაუზების დროს ღრმად სუნთქავდა.