logo
ENG



სააკაშვილის ფიზიკური მდგომარეობა - ფოტოები სასამართლო ჩართვიდან

01 თებ 202313:23
3 წუთის საკითხავი
clock 1865

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი დღევანდელ სასამართლო პროცესს დისტანციურად ჩაერთო. მან სასამართლოს სიტყვით ქართულ და უკრაინულ ენებზე მიმართა და თქვა, რომ "ერთადერთი, რასაც ითხოვს, ადეკვატური მკურნალობის საშუალების მიცემაა".

მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოზე სიტყვით გამოსვლისას საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და ფიზიკური მდგომარეობის საჩვენებლად მაისური აიწია. მან "არაეთიკური სურათის" ჩვენებისთვის ბოდიში მოიხადა. 

გამოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილს მკვეთრად აქვს წონაში დაკლებული, რაზეც მეტყველებდა გამოკვეთილი ნეკნები და მუცელი. გამოსვლის დროს ის საუბრობდა ნელა, შესვენებებით და პაუზების დროს ღრმად სუნთქავდა.

 

ოჯახის წევრებისა და ადვოკატების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს დაეწყო სწრაფი კახექსიის პროცესი. მე-4 ხარისხის კახექსიით მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნაშიც არის შეფასებული და აღნიშნულია, რომ ის სხვა ქვეყნის მრავალპროფილურ კლინიკაშია გადასაყვანი.

გიული ალასანიას ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმი ჩამოშლილია და ის 68 კილოგრამს იწონის. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა არაერთხელ დაკარგა გონება. ადვოკატები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მასის ინდექსი ჩამოსცდა 18-ს. მათი შეფასებით, მისი მდგომარეობა საგანგაშოა და საჭიროებს რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას.

კლინიკა ვივა მედში ირწმუნებიან, რომ მიხეილ სააკაშვილის მასის ინდექსი არ შეესაბამება რეანიმაციაში მკურნალობის პარამეტრებს. ნინო ნადირაძის თქმით, თუ დააპირებენ მის რეანიმაციაში მოთავსებას, ინფორმაციას გაავრცელებენ.

სააკაშვილის ოჯახის წევრები, ადვოკატები, ექიმები მის უცხოეთში  სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ - 12 დეკემბერს სტრასბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე კი, ევროპარლამენტარებმა მირიამ ლექსმანმა და ანა ფოტიგამ კიდევ ერთხელ მოუწოდეს ქართულ ოცნებას, გათავისუფლდეს სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

ამერიკაში ჩატარებულ ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაში, რომელსაც პროფესორი დეივიდ სმიტი აწერს ხელს, წერია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილია მძიმე მეტალებისა და სხვა აგენტების არსებობა, მათ შორისაა ვერცხლისწყალი და დარიშხანი. ამ ნივთიერებებს უკავშირებს სპეციალისტი სააკაშვილის პათოლოგიურ სიმპტომებს. ცენტრ ემპათიას ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის თქმით, "შესაძლოა, იმაზე უარესი ქრონიკული აგენტებით იყოს ინტოქსიკაცია, ვიდრე მძიმე მეტალებია".

სააკაშვილის ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაში, ერთ-ერთ პირველ გვერდზე მითითებულია იმ მედიკამენტების ჩამონათვალი, რომლითაც მიხეილ სააკაშვილს სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობდნენ. მათ შორის არის ისეთი მედიკამენტებიც, რომლებსაც დეივიდ სმიტი საშიშ მედიკამენტებს უწოდებს და მიუთითებს, რომ პრეპარატები ამერიკის შეერთებული შტატების საკვებისა და წამლების ადმინისტრაციის (FDA) ან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მიერ დამტკიცებული არ არის. სააკაშვილისთვის დანიშნული 14 მედიკამენტიდან, ასეთი ჩამონათვალში 2 წამალია. საერთაშორისო სტანდარტით აკრძალულ მედიკამენტებზე ექსპერტი დასკვნაში წერს, რომ პრეპარატები შესაძლებელია "ბოროტად" იყოს გამოყენებული, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს მწვავე მოწამვლა.

14 დეკემბერს ევროპარლამენტის მიღებულ რეზოლუციაში, მათ შორის, საუბარია მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების და სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხზე. ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური პრეროგატივა მიხეილ სააკაშვილის საკითხის მოსაგვარებლად.


close დახურვა