logo
ENG



ხოშტარია სააკაშვილზე: საკითხი ცდება ენმ-ის ჩარჩოებს, ვთავაზობ თანამშრომლობას, კონსულტაციებს

06 თებ 202323:33
3 წუთის საკითხავი
clock 602
ხოშტარია სააკაშვილზე: საკითხი ცდება ენმ-ის ჩარჩოებს, ვთავაზობ თანამშრომლობას, კონსულტაციებს

დროას ლიდერი ელენე ხოშტარია მიხეილ სააკაშვილს მხარდაჭერას უცხადებს და ამბობს, რომ მზადაა, ნაციონალური მოძრაობის აქტივობებში ჩაერთოს.

დღეს გამართულ ბრიფინგზე მან თქვა, რომ სააკაშვილთან დაკავშირებულ პროცესს არანაირი საერთო არ ჰქონია სამართალთან და ესაა ღია შურისძიება.

ამასთან, ხოშტარიამ აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილის დუმილი აღარ უნდა გაგრძელდეს და პრეზიდენტმა არჩევანი უნდა გააკეთოს.

"ეს საკითხი ცდება მხოლოდ ენმ-ის ჩარჩოებს. მე პირველ რიგში, მინდა ბატონ მიხეილს მივმართო ციხეში და ვუთხრა, რომ არ უნდა იგრძნოს თავი მარტო და ის არ იმსახურებს ამ მოქცევას. მინდა მან მიიღოს პირადად ჩემი და ჩვენი გუნდის მხარდაჭერა.

ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მზად ვართ, მონაწილეობა მივიღოთ იმ აქტივობებში, რომელიც არის აუცილებელი. მე ვთავაზობ თანამშრომლობას და კონსულტაციებს იმისთვის, რომ კოორდინირებულად ვიმუშაოთ ქვეყნის შიგნითა და გარეთ.

დღეს უკვე ძალიან მკაფიოდ შეიძლება ითქვას, რომ უკვე გავიდა დრო, როცა სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, გააგრძელოს დუმილი. მე არ ვიცი ვის რისი იმედი აქვს, მაგრამ მე ზუსტად ვიცი, ვის რისი პასუხისმგებლობა აქვს. დღეს სალომე ზურაბიშვილის პასუხისმგებლობა არის ძალიან მაღალი. მან უნდა გააკეთოს არჩევანი და მიიღოს გადაწყვეტილება. ან ისე - და აიღოს პასუხისმგებლობა, რომ ისიც აწერს ხელს განაჩენს, ან ასე - გადაარჩინოს ადამიანის სიცოცხლე და ქვეყნის მომავალი"- თქვა ხოშტარიამ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე სასამართლომ უარი თქვა. მესამე პრეზიდენტი პატიმრობაში რჩება.

გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ პარტიაში ლიდერები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ და განაცხადეს, რომ დღეიდან ნაციონალური მოძრაობა საგანგებო რეჟიმზე გადადის და პროტესტის ტალღა იწყება. 


close დახურვა