logo
ENG



მთავრობამ პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელები უკან გაიწვია

07 თებ 202317:00
3 წუთის საკითხავი
clock 744

საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს მთავრობის მიერ პრეზიდენტის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელებზე საქმისწარმოება შეწყდა. ამის შესახებ საკონსტიტუციოს მიერ 6 თებერვალს გამოქვეყნებულ განცხადებებშია საუბარი.

განცხადების თანახმად, 2023 წლის 11 იანვარს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დარეგისტრირდა მოსარჩელე მხარის, ანუ მთავრობის განცხადება სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მთავრობამ  2022 წლის 10 ივნისს მიმართა - საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა სარჩელი განსახილველად 24 ივნისის მიიღო. მთავრობა ითხოვდა განმარტებას, საქართველოს ელჩების და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელების დანიშვნასა და გათავისუფლებასთან დაკავშირებით. მთავრობა აცხადებდა, რომ გასული ერთ წელში პრეზიდენტმა არაერთხელ დატოვა რეაგირების გარეშე მთავრობის მიერ დასანიშნად წარდგენილი ელჩების კანდიდატები.

მეორე სარჩელით საკონსტიტუციოს მთავრობამ 16 აგვისტოს მიმართა - მთავრობა აცხადებდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი დავით ბაქრაძის ელჩად დანიშვნაზე უარის თქმით, ანუ საქართველოს მთავრობის წარდგინების უარყოფით, პირდაპირი ფორმით შეიჭრა საქართველოს მთავრობის ექსკლუზიურ კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში, განახორციელოს ქვეყნის საგარეო პოლიტიკა. მთავრობის პოზიციით, "საქართველოს პრეზიდენტის უმოქმედობიდან თვალნათლივ ჩანს, რომ საქართველოს პრეზიდენტი მოქმედებს არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური მოტივით, რის უფლებამოსილებასაც მას საქართველოს კონსტიტუცია არ ანიჭებს".

თავდაპირველად პრეზიდენტსა და მთავრობას შორის დაპირისპირება დავით ბაქრაძის გაეროში ელჩად დანიშვნის საკითხის გამო დაიწყო - თავის დროზე მის დანიშვნას ზურაბიშვილმა ხელი არ მოაწერა და განაცხადა, რომ აშშ-ში მისი მუშაობით უკმაყოფილო იყო. თუმცა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დავით ბაქრაძის დანიშვნას ხელი მოაწერა, ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "ლოგიკურია", საქართველოს მთავრობას პრეზიდენტის წინააღმდეგ სარჩელი გაეწვია. 


close დახურვა