logo
ENG



"ჩვენთვის კარი დახურული აღმოჩნდა" - ივანიშვილის ადვოკატები ევროპულ მედიას აკრიტიკებენ

08 თებ 202312:53
3 წუთის საკითხავი
clock 433

იურიდიული კომპანია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს იცავს, ევროპულ მედიას აკრიტიკებს. იურისტები მიუთითებენ, რომ მათი სტატიები "დაექვემდებარა ცენზურას" მას შემდეგ, რაც მათ Credit Suisse-ის მენეჯმენტის კრიტიკა დაიწყეს, ამიტომ დაასკვნეს რომ "ევროპული მედიაც მონოპოლიზებული აღმოჩნდა".

მათ ახსენეს გასული წლის შემთხვევაც, როდესაც მათი თქმით, შვეიცარიულმა მედიამ უარი განაცხადა სტატიის გამოქვეყნებაზე, რომელიც ბანკის მენეჯმენტის კრიტიკას ეხებოდა.

"დღეის მოცემულობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მორიგი სამწუხარო სიგნალი ამჯერად უკვე შვეიცარიის გარეთ, ევროპული/ბრიტანული მედიიდან მივიღეთ, რომლებიც ყველანაირი შეფერხების გარეშე აქვეყნებდნენ სტატიებს, როდესაც შინაარსი Credit Suisse-ის მძიმე კრიტიკას შეეხებოდა, ხოლო როდესაც საქმე მიდგა ინფორმაციაზე კონკრეტულად ბანკის მენეჯმენტის მხრიდან ბანკისა და შვეიცარიული საბანკო სისტემის რეპუტაციის შეგნებულ, განზრახ დანგრევაზე, მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა:

ჯერ იყო და ჩვენ მიერ მიწოდებული წერილიდან სრულად იყო ამოღებული ის მესიჯები, რომლებიც ეხებოდა კონკრეტულად ბანკის მენეჯმენტს, ხოლო მომდევნო კომუნიკაციის შედეგად, მედიამ გადაასხვაფერა, გააფერმკრთალა ყველა აქცენტი, რომელიც ისევ იმავეს, Credit Suisse-ის მენეჯმენტის კრიტიკას შეეხებოდა", - აღნიშნულია ადვოკატების წერილში.

გარდა ამისა, წერილში აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილს განზრახული აქვს "შანსი მისცეს" მედიასაშუალებებს, რათა მომდევნო ინფორმაცია გამოაქვეყნონ.

"საგულისხმოა, რომ ჩვენ მიერ მიწოდებული ინფორმაცია არ იყო ჰაერიდან მოტანილი და იგი ეფუძნებოდა ფაქტებსა და შვეიცარიული საბანკო მარეგულირებლის ანგარიშებს. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, უარის მთქმელ მედია საშუალებებს მარტივად შეეძლოთ გადაემოწმებინათ ინფორმაცია, თუნდაც ბანკთან. აღნიშნულის ნაცვლად, ჩვენ მივიღეთ ინფორმაციის საწყისი სახით გამოქვეყნებაზე უარი, რაც მხოლოდ გაოცებას და იმედგაცრუებას იწვევს. მართლაც იმედგამაცრუებელია ის, რომ ევროპული მედიაც მონოპოლიზებული აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, ბატონ ივანიშვილს განზრახული აქვს კვლავაც მისცეს შანსი შესაბამის მედია საშუალებებს, რათა გამოაქვეყნონ მომდევნო ინფორმაცია და წერილები, რომელთა გასაჯაროება უკვე არის დაგეგმილი, მხოლოდ იმ დათქმით, თუკი იგივე მედია საშუალებები ამ დრომდე დაბლოკილ ინფორმაციასაც გამოაქვეყნებენ არარედაქტირებულ ფორმატში", - აღნიშნულია განცხადებაში.


close დახურვა