დღეს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიტანეთში ვიზიტის ფარგლებში პარლამენტს მიმართა. მან ხაზი გაუსვა პირველივე დღეებიდან ბრიტანეთის მხარდაჭერას და უკრაინის სტრატეგიულ პარტნიორს მადლობა გადაუხადა. ამასთან, ზელენსკიმ პარლამენტს მეტი მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
"ვიცით, რომ რუსეთი დამარცხდება და ნამდვილად ვიცით, რომ გამარჯვება მსოფლიოს შეცვლის. ეს იქნება ცვლილება, რომელიც მსოფლიოს დიდი ხნის განმავლობაში სჭირდებოდა. დიდი ბრიტანეთი ჩვენთან ერთად მოიწევს, ვფიქრობ, ჩვენი ცხოვრების განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებისკენ. ეს იქნება გამარჯვება ომის იდეაზე. ჩვენი გამარჯვების შემდეგ, ნებისმიერ აგრესორს, არ აქვს მნიშვნელობა, დიდი თუ პატარა, ეცოდინება, რა ელოდება, თუ საერთაშორისო წესრიგს თავს დაესხმება", - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ დღეს ბრიტანეთში უკრაინელი მებრძოლებისა და იმ მშობლების სახელით დგას, რომლებიც ომიდან თავიანთი შვილების დაბრუნებას ელოდებიან. მან მადლობა გადაუხადა ბრიტანეთს, რომ უკრაინას დახმარების ხელი გაუწოდა მაშინ, როცა მსოფლიოს ჯერ კიდევ ვერ გაეგო, როგორ მოქცეულიყო.
"მე აქ მოვედი და თქვენ წინაშე ვდგავარ მამაცების, ჩვენი ომის გმირების სახელით, რომლებიც ახლა სანგრებში, მტრის საარტილერიო ცეცხლის ქვეშ იმყოფებიან, და დამცველების სახელით, რომლებიც უკრაინის ცას მტრის თვითმფრინავებისა და რაკეტებისგან იცავს, ჩვენი მეტანკეების სახელით, რომლებიც უკრაინის საზღვრების აღსადგენად იბრძვის, ჩვენი წვევამდელების სახელით, რომლებიც ახლა წვრთნებს გადიან, მათ შორის აქ, ბრიტანეთში და რომლებიც ფრონტის ხაზზე გაიგზავნებიან. აქ ვდგავარ ყველა მამისა და დედის სახელით, რომლებიც თავიანთ მამაცი შვილების ომიდან დაბრუნებას სახლში ელოდებიან", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამასთან, ზელენსკიმ თემთა პალატის სპიკერს ლინდსი ჰოილს უკრაინული გამანადგურებლის პილოტის ჩაფხუტი აჩუქა. ჩაფხუტზე დატანილია წარწერა - "ჩვენ გვაქვს თავისუფლება, მოგვეცით ფრთები მის დასაცავად".
2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ ზელენსკი პირველად სტუმრობს დიდ ბრიტანეთს - ეს მისი მეორე მოგზაურობაა უკრაინის ფარგლებს გარეთ.
Telegraph-ის ინფორმაციით, დღეს პრემიერი სუნაკი კიევისთვის შორი მანძილის იარაღის გადაცემასა და უკრაინული ძალებისთვის წვრთნების გაფართოებულ პროგრამას გამოაცხადებს. მედიების ცნობით, ზელენსკი ბრიტანეთის შემდეგ ბრიუსელში გაემგზავრება.