logo
ENG



ფედერაცია გუბანოვაზე: მოსკოვში დაგეგმილ შოუში მონაწილეობას არ იღებს

08 თებ 202318:28
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/08/l3g18jm2gjmh838.jpg

საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ანასტასია გუბანოვა, სავარაუდოდ, მოსკოვის ფესტივალში მონაწილეობას მიიღებდა, სიცრუეს უწოდებს და აღნიშნავს, რომ "როგორც ჩანს, კონკრეტული ვებგვერდი ცდილობს, მცდარი ინფორმაციის გავრცელებით საზოგადოებას ეჭვი გაუჩინოს და მისი უკმაყოფილება გამოიწვიოს".

"ანასტასია გუბანოვა, ისევე, როგორც საქართველოს ფიგურული ციგურაობის ეროვნული ნაკრების სხვა წევრები, ნებისმიერ ღონისძიებაში მონაწილეობენ მხოლოდ საქართველოს ფიგურული ციგურაობის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით. საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციას ხსენებულ ღონისძიებაში ანასტასია გუბანოვას მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია, ამიტომ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ჩვენი ნაკრების სპორტსმენი მოსკოვში დაგეგმილ შოუში მონაწილეობას არ იღებს", - აცხადებენ ფედერაციაში.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს სახელით მოასპარეზე მოციგურავე ანასტასია გუბანოვა, სავარაუდოდ, მოსკოვში გამართულ ფესტივალში მიიღებდა მონაწილეობას, რომლის ორგანიზატორიც მოსკოვის სპორტის დეპარტამენტია.

ფესტივალი "შეყვარებულები ფიგურულ სრიალში" 14 თებერვალს ცსკა-არენაზე გაიმართება. ЦСКА, იგივე არმიის ცენტრალური სპორტული კლუბი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ არის ჩამოყალიბებული.

მოციგურავე ანასტასია გუბანოვა 2021 წლიდან საქართველოს სახელით ასპარეზობს. 29 იანვარს ევროპის ჩემპიონატზე მან საქართველოს ისტორიული ოქრო მოუტანა.

ფესტივალის აფიშაზე აღნიშნულია, რომ მაყურებელი ღონისძიებაზე რუსეთისა და მსოფლიოს საუკეთესო მოციგურავეებს იხილავს. სპორტსმენების ჩამონათვალს შორის ამ დრომდე არის ანასტასია გუბანოვაც.

ღონისძიებაში გუბანოვას მონაწილეობის შესახებ რამდენიმე დღის წინ წერდა რუსული მედიაც


close დახურვა