თურქეთში მყოფი ქართველი ემიგრანტი ფორმულასთან საუბრისას მიწისძვრის ღამეს იხსენებს.
ლია მაისურაძე ქალაქ გაზიანტეპში ცხოვრობს და ჰყვება, რომ სტიქიის დროს სახლში მოხუცთან ერთად იმყოფებოდა.
"ღამე რომ მოხდა მიწისძვრა, ორივე შევედი [მოხუცთან] და ორივე ჩახუტებულები ერთად ვიყავით. მე ქართულად ვლოცულობდი, ეს თურქულად ლოცულობდა. მე ვეუბნებოდი, ნუ გეშინია, გადავრჩებით-მეთქი და ეს მეუბნებოდა, შენ ნუ გეშინიაო. როგორ დავტოვო? ლამის ზურგზე ავიკიდე და ისე გამოვიყვანე. მე-4 სართულზე ვიყავით...
ჩემი შვილიშვილი იქ რას განიცდის, ეს ხომ წარმოუდგენელია? მე თუ დროულად ვერ ვუპასუხე [ოჯახის წევრებს]... მე აქეთ ვიტანჯები, ისინი იქით. მეუბნებიან, იქნებ ჩამოსულიყავიო. არ არის ეგრე... როცა ემიგრანტი ხარ, ასე თუ ისე ვალდებულება გაქვს. მე ამ მოხუც ქალს რომ ვუყურებდი, დედა მყავს დატოვებული თბილისში, მასაც ძალიან ვჭირდები, მე ამ ქალში ჩემს დედას ვხედავ. ვინც ემიგრანტია, ის გამიგებს აუცილებლად"- ამბობს ლია მაისურაძე.
თურქეთსა და სირიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16 000 აღემატება.
ბოლო მონაცემებით, ამ დროისთვის გარდაცვლილია 16 035 ადამიანი.
***
ძლიერი მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში ორშაბათს, გვიან ღამით მოხდა. მისი სიმძლავრე 7.8 მაგნიტუდას აღწევდა და მას 100-მდე ბიძგი მოჰყვა. სტიქიის გამო დაინგრა ათასობით შენობა. სხვადასხვა ქვეყნიდან თურქეთსა და სირიაში ჰუმანიტარული და სამაშველო დახმარება გაიგზავნა. სამშაბათს დილით ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული თვითმფრინავები ერაყიდან და ირანიდან დამასკოს აეროპორტში ჩაფრინდა.
მაშველები გააგზავნა საქართველომ, აშშ-მა და ინდოეთმა. ევროკავშირმა გაააქტიურა კრიზისებზე რეაგირების მექანიზმი, ხოლო პალესტინიდან სამოქალაქო და სამედიცინო ჯგუფები სირიასა და თურქეთში გაემგზავრებიან.
ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულია საქართველოს სამი მოქალაქე.
