logo
ENG



ხელოვანები სანდრო სულაბერიძის საქმის კვალიფიკაციის შეცვლას ითხოვენ

11 თებ 202314:55
3 წუთის საკითხავი
 

ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ხელმოწერებს აგროვებენ და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებენ, სანდრო სულაბერიძის წინააღმდეგ აღძრული საქმის კვალიფიკაცია შეცვალოს. ამის შესახებ ხელოვნებათმცოდნე ხათუნა ხაბულიანი განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ხელოვანის აქციას კრიმინალის ნიშნები არ ახასიათებდა.

ხაბულიანის ცნობით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია - დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ერთიდან სამ წლამდე. ხელოვნებათმცოდნე მიუთითებს, რომ დაუგეგმავი იმპროვიზაციის სამართლებრივ ჭრილში გადაყვანის მცდელობა არის უსამართლობა, არაკომპეტენტურობა და ავტორიტარიზმის ნიშანი.

ხაბულიანი აქვეყნებს წერილს შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის სახელზე და აცხადებს, რომ პრობლემა ხელოვანსა და გალერეას შორის მოლაპარაკების საფუძველზე უნდა გადაიჭრას. გთავაზობთ განცხადების ტექსტს:

"2023 წლის 4 თებერვალს ეროვნულ გალერეაში გაიხსნა გამოფენა ავტოპორტრეტი სარკესთან, რომლის მონაწილე ახალგაზრდა ხელოვანმა ჩამოხსნა საკუთარი ნამუშევარი და მის ადგილას საღებავით კედელზე დაწერა ფრაზა - "ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!". ამ ფაქტმა დაბნეულობა გამოიწვია, რამდენადაც ფორმალურად დაირღვა ექსპოზიციის რეგლამენტი, რადგან საკუთარი ნამუშევრის ამგვარი ცვლილება კურატორთან შეთანხმებული არ ყოფილა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მხატვარი არ შეხებია სხვა ნამუშევარს, არ დაუზიანებია არაფერი და არავინ, ტექსტის შინაარსი ზოგადი და ფილოსოფიური სლოგანია, ის არავისთვის შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი არ არის. მოულოდნელობის ეფექტის ფონზე გალერეის ადმინისტრაციამ გამოიძახა პატრული და დაიწყო სანდრო სულაბერიძის მიმართ საქმის წარმოება.

აღსანიშნავია, რომ ამ ექსპოზიციის ნაწილს შეადგენს სხვადასხვა ტექსტური ფრაგმენტები, რომლებიც გამოფენის დასრულებისთანავე ორგანიზატორის მხრიდან გადაიღებება და გალერეას დაუბრუნდება პირვანდელი სახე (ეს მუდმივად ხდება დროებითი გამოფენების შემთხვევაში). თავისუფლად შეიძლებოდა, რომ ეს დაუგეგმავი იმპროვიზაციაც არსებული ტექსტების გაგრძელებაც ყოფილიყო, თუმცა, გამოფენის ორგანიზატორმა მეორე დღესვე გადაღება წარწერა, რასაც გალერეის ადმინისტრაციის უკმაყოფილება უნდა გაენეიტრალებინა.

მოგახსენებთ, რომ წარწერის ფაქტი და თვითონ ხელოვანის მხრიდან ნამუშევრის მოულოდნელი ცვლილება ვერანაირად ვერ კვალიფიცირდება ვანდალიზმად, რამდენადაც ზიანი მას არავისთვის მიუყენებია. ის შეიძლება განიხილებოდეს არტისტული აქციონიზმისა და ჰეფენინგის ფორმატის ფარგლებში და მისი ინტერპრეტაცია შეიძლება მრავალგვარი იყოს, მაგრამ ნებისმიერი ვერსია მხოლოდ მხატვრული სფეროს კომპეტენციებშია და არ არის კანონდარღვევა.

ჩვენი სფეროს წარმომადგენლებისთვის ხელოვანის თვითგამოხატვის თავისუფლება არის მთავარი ღირებულება, რომელსაც ითვალისწინებს ყველა დემოკრატიული სახელმწიფოს მსოფლმხედველობა და ამ თავისუფლების შეზღუდვა არის ტოტალიტარული რეჟიმების სახასიათო ნიშანი.

არსებული რეალობის გათვალისწინებით, გთხოვთ, კვალიფიკაცია შეუცვალოთ სანდრო სულაბერიძის მიმართ აღძრულ საქმეს და მხარი დაუჭიროთ საკითხის გარკვევას მოლაპარაკების ფორმატში ხელოვანსა და გალერეის ადმინისტრაციას შორის".

საქმის ფარგლებში 5 თებერვალს გამოკითხვაზე იმყოფებოდა გამოფენის კურატორი ქეთი შავგულიძე. შავგულიძე ფორმულასთან ამბობდა, რომ პოლიციაში კითხვები ჰქონდათ წარწერაზე, ასევე, მისი და სულაბერიძის ურთიერთობაზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს არ დაუზუსტებია, რა მუხლით გამოიკითხა გამოფენის კურატორი.


close დახურვა