logo
ENG



ევროპარლამენტში დარეგისტრირდა რეზოლუციის ტექსტი, სადაც ივანიშვილის სანქცირებას ითხოვენ

13 თებ 202312:25
3 წუთის საკითხავი
clock 817

ევროპარლამენტმა შესაძლოა მიიღოს რეზოლუცია, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი შეფასებულია, როგორც ოლიგარქი და მოთხოვნილია, რომ ევროპულმა საბჭომ, სხვა დემოკრატიულ ინსტიტუტებთან ერთად პერსონალური სანქციები დაუწესოს.

კერძოდ, ევროპარლამენტში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით 5 ტექსტია დარეგისტრირებული, მათგან 2-ში კი ბიძინა ივანიშვილზე და მის არაფორმალურ გავლენებზეა საუბარი.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ რეზოლუციას ევროპარლამენტარები კენჭს სტრასბურგში, 2 დღეში უყრიან. სწორედ მაშინ გახდება ცნობილი რეზოლუციის საბოლოო ტექსტი.

ერთი რეზოლუციის ტექსტის ავტორია ევროპის სახალხო პარტია (EPP), მეორის კი ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფი. EPP სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებულ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას საქართველოს არაფორმალურ მმართველს, ბიძინა ივანიშვილის აკისრებს.

"ხაზს უსვამს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ფუნდამენტურ როლს მიხეილ სააკაშვილის მიმდინარე პატიმრობაში, როგორც მისი პირადი ვენდეტის ნაწილს. კიდევ ერთხელ მოუწოდებს საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს, განიხილონ ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო. მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს კონსტიტუციური უფლებამოსილება ამ საკითხის გადასაჭრელად", - აღნიშნულია EPP-ის ტექსტში.

ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფი აქცენტს აკეთებს საქართველოს მისწრაფებებზე, გახდეს ევროკავშირის წევრი და აცხადებს, რომ ამ პროცესში ნაბიჯები, რომელსაც ხელისუფლება დგამს, იქნება ლაკმუსის ტესტი.

"გამოხატავს თავის ღრმა შეშფოთებას ტოქსიკოლოგიურ ანგარიშთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილის მრავალი პათოლოგიური სიმპტომი მძიმე ლითონით მოწამვლის შედეგია, რაც ხელს უწყობს მისი ჯანმრთელობის სწრაფად გაუარესებას. განიხილავს მიხეილ სააკაშვილის გარშემო შექმნილ ვითარებას და საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს, როგორც ლაკმუსის ტესტს ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულების და სურვილის, კანდიდატის სტატუსის მინიჭებასა და საბოლოო ჯამში, ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით. გმობს საქართველოს ერთადერთი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის პირად როლს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაში. იმეორებს მოწოდებას საბჭოსა და ევროკავშირის დემოკრატიული პარტნიორების მიმართ, განიხილონ ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება, საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო", - აღნიშნულია ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფის რეზოლუციის ტექსტში.

ქართულ ოცნებას მიხეილ სააკაშვილისთვის უცხოეთში ადეკვატური მკურნალობის საშუალების მიცემისკენ ევროპაში პარტნიორი პოლიტიკური ჯგუფის, სოციალ-დემოკრატების პროგრესული ალიანსის წარმომადგენლებიც მოუწოდებენ. ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, EU დაეხმაროს საქართველოს, რათა მოხდეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამოუკიდებელი სამედიცინო შეფასება.

"მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაათავისუფლოს სააკაშვილი და მისცეს საზღვარგარეთ სათანადოდ მკურნალობის საშუალება. ჰუმანიტარული ნიშნით და ასევე, როგორც პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების საშუალება, უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, შესთავაზოს ევროკავშირის დახმარება ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამოუკიდებელი სამედიცინო შეფასების და სათანადო მკურნალობის მიზნით მისი საზღვარგარეთ გადაყვანასთან დაკავშირებით", - აღნიშნულია სოციალ-დემოკრატების პროგრესული ალიანსის ტექსტში. 


close დახურვა