ევროპარლამენტმა მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის შესახებ ახალი რეზოლუცია მიიღო. ამ ტექსტს მხარი 577-მა დეპუტატმა დაუჭირა, 33 წინააღმდეგი იყო, ხოლო 26-მა თავი შეიკავა.
დოკუმენტში შევიდა შესწორებაც, სადაც ბიძინა ივანიშვილი მოხსენიებულია როგორც ოლიგარქი და ხაზგასმულია მისი ფუნდამენტური როლი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში. მათი თქმით, სააკაშვილის პატიმრობა არის "ივანიშვილის პირადი ვენდეტის ნაწილი". ევროპარლამენტარები საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს მოუწოდებენ, განიხილონ ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო. შესწორებას მხარი 362-მა დეპუტატმა დაუჭირა.
ტექსტში საუბარია იმაზეც, რომ პატიმრებისადმი მოპყრობა იქნება ლაკმუსის ტესტი საქართველოს ხელისუფლებისთვის, მათ შორის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით.
ამასთან, ხაზგასმულია მოწოდება საქართველოს ხელისუფლებისადმი, რომ გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისცეს მას საზღვარგარეთ სათანადო სამედიცინო მკურნალობის შესაძლებლობა ჰუმანიტარული ნიშნით, ასევე, გამოიყენოს ეს როგორც პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების გზა - ევროპარლამენტარები საქართველოს პრეზიდენტს მიმართავენ, რომ გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური უფლება მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მიზნით.
რეზოლუცია შეახსენებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ მათ აქვთ პასუხისმგებლობა უზრუნველყონ ყოფილი პრეზიდენტის კეთილდღეობა, გაუწიონ მას შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა და პატივი სცენ მის ფუნდამენტურ უფლებებსა და პიროვნულ ღირსებას, საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად.
ევროპარლამენტარები ევროპულ საბჭოსა და კომისიას მოუწოდებენ, უფრო აქტიურად ჩაერთონ ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლების უზრუნველყოფაში, რაც საშუალებას მისცემს მას საზღვარგარეთ სათანადო სამედიცინო დახმარება მიიღოს. დოკუმენტში ხაზგასმულია ისიც, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გაუმჯობესების მუდმივი წარუმატებლობა დააზიანებს საქართველოს რეპუტაციას და შეაფერხებს ევროკავშირის კანდიდატობის პერსპექტივას. მათი განცხადებით, პატიმრობაში სააკაშვილის სიკვდილი იქნება დარტყმა საქართველოს დემოკრატიისთვის და ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციისთვის.
დოკუმენტი ხაზს უსვამს, რომ საქართველოში უკვე არსებულ პოლიტიკური პოლარიზაციის ფონზე, მიხეილ სააკაშვილის საკითხი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის განხეთქილებას მხოლოდ გააღრმავებს.