logo
ENG



ბაიდენი კიევშია - განახლებადი

20 თებ 202317:08
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/20/n2ho1zjroi1ql64.png

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. ომის დაწყების შემდეგ, ეს უკრაინაში აშშ-ის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია. ბაიდენი კიევს დაუანონსებლად ომის დაწყების წლისთავის დღეებში ეწვია.

ის უკვე შეხვდა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის. თეთრი სახლის ცნობით, ბაიდენი გამოაცხადებს დამატებით სანქციებს რუსული ელიტებისა და კომპანიების წინააღმდეგ. 

 

ამერიკა უკრაინას დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს

20.02 - 21:21

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფის შესახებ განაცხადა.

საუბარია 500 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარებაზე. ოფიციალურად დახმარების პაკეტის შესახებ ვაშინგტონში ხვალ განაცხადებენ.

 

ბაიდენის ვიზიტის შესახებ რუსულ მხარეს აშშ-მა რამდენიმე საათით ადრე აცნობა

20.02 - 17:30

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის განცხადებით, კიევში ბაიდენის ვიზიტის შესახებ რუსეთს წინასწარ აცნობეს.

მათი თქმით, ვიზიტის შესახებ მსჯელობა თვეების განმავლობაში მიდმინარეობდა, თუმცა წასვლის შესახებ ოფიციალურად გადაწყვეტილება მხოლოდ პარასკევს მიიღეს. თეთრი სახლის ცნობით, რუსულ მხარეს ვიზიტის შესახებ გამგაზვრებამდე რამდენიმე საათით ადრე, კვირას დილით შეატყობინეს.

 

თეთრი სახლი დახმარების ახალ პაკეტზე

20.02 - 17:22

თეთრი სახლი ბაიდენის უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ Twitter-ზე წერს. მათი ცნობით, პაკეტი მოიცავს საჰაერო თავდაცვისთვის საჭირო აღჭურვლობას, მათ შორის საარტილერიო საბრძოლო მასალებს, ჯავშანტექნიკის საწინააღმდეგო სისტემებს და საჰაერო სათვალთვალო რადარებს.

 

რას ამბობენ უკრაინელები ბაიდენის ვიზიტზე

20.02 - 16:37

CNN ბაიდენის ვიზიტის შესახებ უკრაინელებს ესაუბრა - ისინი ამბობენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ყოფნა დედაქალაქში მნიშვნელოვანი იყო.

"ამან ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მის ვიზიტს არ ველოდი. დარწმუნებული ვარ, ეს ბევრს ნიშნავს", - განაცხადა იულია ივანოვამ.

უკრაინელი ექიმი, ტეტიანა იევტუშეკნოვი კი აღნიშნავს, რომ მადლიერები არიან მისი ვიზიტით და იმედოვნებს, რომ ამას უკრაინისთვის დამატებითი მხარდაჭერა მოჰყვება.

"წარმოუდგენელია, რომ ასეთ დროს აშშ-ის პრეზიდენტი კიევში ჩამოდის. ვფიქრობ, მისი ვიზიტი რაღაც კარგს მოგვიტანს. ახლა ძალიან რთული პერიოდი გვაქვს", - ამბობს უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე, ანდრეი კეტოვი. 

უკრაინელი სტუდენტი, ვიტალი დმიტერჩუკი ამას აფასებს როგორც "ძალიან დასამახსოვრებელ დღეს".

"ჩვენ ვკამათობდით, ჩამოვიდოდა თუ არა ბაიდენი. მე არ მჯეროდა, რომ ჩამოდიოდა. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი მხარდაჭერაა. ვიცით, რომ ამერიკაში ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს".

 

ბაიდენმა კიევი დატოვა

20.02: 16:16

CNN ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ჯო ბაიდენმა კიევი უკვე დატოვა. ის უკრაინის დედაქალაქს ადგილობრივი დროით 08:00 საათზე ეწვია. შეხვდა ვოლოდიმირ ზელენსკის და ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ გამოაცხადა. ზელენსკიმ ეს ვიზიტი შეაფასა როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი აშშ-უკრაინის ურთიერთობების ისტორიაში.

 

ერმაკი სალივანზე: მინდა, მადლობა გადავუხადო, ძალიან კმაყოფილი ვარ მასთან თანამშრომლობით

20.02 - 15:57

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანს შეხვდა.

"მინდა, მადლობა გადავუხადო ჯო ბაიდენის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანს, ვისთანაც ვიმუშავეთ, მათ შორის ვიზიტის საკითხზე. ძალიან კმაყოფილი ვარ ჯეიკთან კონსტრუქციული თანამშრომლობით, რომელიც ძლიერ შედეგს იძლევა", - წერს ერმაკი Twitter-ზე.

 

ზელენსკი: ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ვიზიტი აშშ-უკრაინის ურთიერთობებში

20.02 - 15:46

"ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ვიზიტი აშშ-უკრაინის ურთიერთობების მთელ ისტორიაში", - ასე შეაფასა ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტის კიევში ვიზიტი.

 

ზელენსკი: ბაიდენთან მოლაპარაკებები ძალიან ნაყოფიერი, მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი იყო

20.02 - 15:36

"ვიმედოვნებთ, რომ 2023 წელი გამარჯვების წელი იქნება. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დემოკრატიულმა სამყარომ ამ ისტორიულ ბრძოლაში მოიგოს. უკრაინა ძალიან რთულ პერიოდს გადის, მაგრამ შეერთებული შტატებისა და მსოფლიოს დახმარებით, ისტორიული მიღწევები ექნება. დღევანდელი მოლაპარაკებები ძალიან ნაყოფიერი, მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი იყო. შედეგს აუცილებლად ექნება გავლენა ბრძოლის ველზე", - განაცხადა ზელენსკიმ.

 

კულება ბაიდენის ვიზიტზე: ეს უკრაინელი ხალხისა და პრეზიდენტ ზელენსკის გამარჯვებაა

20.02 - 15:24

"ისტორიული ვიზიტი შედგა. ვიტყოდი, რომ საუბრით ორივე პრეზიდენტი კმაყოფილია, ატმოსფერო მაქსიმალურად სანდო იყო. ეს ვიზიტი უკრაინელი ხალხისა და პრეზიდენტ ზელენსკის გამარჯვებაა. ეს მოხდა ყველაფრის მიუხედავად, უკრაინისა და მთელი თავისუფალი სამყაროს გამარჯვებისთვის. მკაფიო სიგნალი ჭაობისთვის - არავის ეშინია შენი! ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ გავიმარჯვებთ", - წერს კულება Facebook-ზე.

 

ბაიდენის ვიზიტი კიევში - ფოტოები

20.02 - 15:16

Evan Vucci/AP

 Dimitar Dilkoff/AFP/Getty Images

Dimitar Dilkoff/AFP/Getty Images

 

ბაიდენი კიევში პოლონეთის საზღვრიდან მატარებლით ჩავიდა

20.02 - 15:14

New York Times-ის ცნობით, ბაიდენი კიევში პოლონეთის საზღვრიდან მატარებლით ჩავიდა. უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე, მისი ვიზიტის შესახებ ინფორმაცია საიდუმლო იყო - ბაიდენი ვაშინგტონიდან შაბათს საღამოს გაემგზავრა და ორშაბათს დილით კიევში ჩასვლამდე საჯაროდ აღარ გამოჩენილა. ოფიციალური პირები უკრაინაში მის ვიზიტს უარყოფდნენ. არაფერი იყო ნათქვამი არც პოლონეთში ბაიდენის ვიზიტის ოფიციალურ დღის წესრიგში

 

ბაიდენმა უკრაინის სამხედრო დახმარების $500 მილიონიანი პაკეტი გამოაცხადა

20.02 - 15:11

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კიევში ვიზიტის დროს გამოაცხადა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი. მხარდაჭერის ჯამური ოდენობა 500 მილიონ დოლარად არის შეფასებული - ოფიციალურად ვაშინგტონიდან დახმარების ახალი პაკეტის მიწოდების შესახებ ხვალ, 21 თებერვალს გახდება ცნობილი.

 

ბაიდენი: პუტინს ეგონა, რომ ჩვენ გვაჯობებდა, მაგრამ ის მწარედ შეცდა

20.02 - 15:05

"როდესაც პუტინი ერთი წლის წინ უკრაინაში შეიჭრა, ეგონა, რომ უკრაინა სუსტი იყო, დასავლეთი კი დაყოფილი. მას [პუტინს] ეგონა, რომ ჩვენ გვაჯობებდა, მაგრამ ის მწარედ შეცდა", - განაცხადა ბაიდენმა.

 

ბაიდენი: ერთი წლის შემდეგ კიევი დგას, უკრაინა დგას, დემოკრატია დგას

20.02 - 14:58

"ერთი წლის შემდეგ კიევი დგას, უკრაინა დგას, დემოკრატია დგას.[...] ყველა უთანხმოების მიუხედავად, რომელიც გვაქვს ჩვენს კონგრესში ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით, არსებობს მნიშვნელოვანი შეთანხმება უკრაინის მხარდაჭერაზე. ეს არ ეხება მხოლოდ თავისუფლებას უკრაინაში, ეს არის ზოგადად დემოკრატიის თავისუფლება", - განაცხადა ბაიდენმა.

 

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი ჯო ბაიდენის კიევში ვიზიტს ეხმაურება

20.02 - 14:56

"აშშ-ის პრეზიდენტის ისტორიული ვიზიტი პრეზიდენტ ზელენსკისთან შესახვედრად. დღეს უკრაინა თავისუფლებისთვის მებრძოლი დემოკრატიის გულია", - წერს ერმაკი Twitter-ზე.

 

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ჯო ბაიდენის კიევში ვიზიტს ეხმაურება

20.02 - 14:50

"ჯო ბაიდენი კიევშია. ომის წლისთავამდე რამდენიმე დღით ადრე. პირდაპირ რომ ვთქვათ: "რუსეთი აუცილებლად დამარცხდება! პუტინსა და მის მოკავშირეებს გაასამართლებენ. უკრაინა მიიღებს ყველა საჭირო იარაღს, არანაირი კომპრომისები". აბსოლუტურად მკაფიო სიგნალები. კრემლის განადგურების ძალიან კონკრეტული სცენარი", - წერს პოდოლიაკი Twitter-ზე.

 

ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ბაიდენის კიევში ჩასვლას ეხმაურება

20.02 - 14:46

"სუპერ მესიჯი, სუპერ მხარდაჭერა და სუპერ დარტყმა იმისთვის, ვინც მსოფლიოსა და საკუთარ თავისგან ბუნკერში იმალება", - წერს ლინას ლინკევიჩუსი.

 

ბაიდენისა და ზელენსკის შეხვედრის კადრები

20.02 - 14:39

 

 

 

ბაიდენი და ზელენსკი კიევის ქუჩებში

20.02 - 14:37

 

 

ბაიდენის ვიზიტის პარალელურად, კიევში საჰაერო განგაში გამოცხადდა

20.02 - 14:35

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ვიზიტის პარალელურად, კიევში საჰაერო განგაში გამოცხადდა.

საჰაერო განგაშის ხმა 11:35 საათის შემდეგ, დედაქალაქსა და უკრაინის სხვა რეგიონებში გაისმა. უკრაინის ცნობით, განგაში უკავშირდება ბელარუსში, უკრაინის საზღვართან მდებარე საჰაერო ბაზიდან MiG-31K ტიპის საბრძოლო ვერტმფრენების აფრენას.

 

ბაიდენი: კიევში ვარ, რათა დავადასტურო ჩვენი ურყევი ერთგულება უკრაინის დემოკრატიის მიმართ

20.02- 14:29

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი წერს, რომ ის დღეს გამოაცხადებს კრიტიკული აღჭურვილობის მორიგ მიწოდებას, მათ შორის საარტილერიო საბრძოლო მასალის, ჯავშანტექნიკის სისტემებისა და საჰაერო სათვალთვალო რადარების ჩათვლით.

"დღეს, კიევში, მე ვხვდები პრეზიდენტ ზელენსკის და მის გუნდს უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერის შესახებ გაფართოებული დისკუსიისთვის. მე გამოვაცხადებ კრიტიკული აღჭურვილობის მორიგ მიწოდებას, მათ შორის საარტილერიო საბრძოლო მასალის, ჯავშანტექნიკის სისტემებისა და საჰაერო სათვალთვალო რადარების ჩათვლით, რათა დავეხმაროთ უკრაინელი ხალხის დაცვაში საჰაერო დაბომბვისგან. 

ამ კვირის ბოლოს, ჩვენ გამოვაცხადებთ დამატებით სანქციებს ელიტებისა და კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობენ აირიდონ ან შეავსონ რუსეთის ომის მანქანა. გასული წლის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა შექმნა ქვეყნების კოალიცია ატლანტიკიდან წყნარ ოკეანემდე, რათა დაეხმაროს უკრაინის დაცვაში უპრეცედენტო სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერით - და ეს მხარდაჭერა გაგრძელდება."

 

ზელენსკი ბაიდენს: კეთილი იყოს თქვენი ჩამოსვლა კიევში

20.02 - 14:23

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ვიზიტს ეხმაურება.

"კეთილი იყოს თქვენი ჩამოსვლა კიევში. თქვენი ვიზიტი უკრაინელების მხარდაჭერის უაღრესად მნიშვნელოვანი სიგნალია", - წერს ზელენსკი.

 

ბაიდენი ზელენსკის შეხვდა

20.02 - 14:20

 

ბაიდენი და ზელენსკი კიევის მემორიალთან

20.02 - 14:19

 

ბაიდენი კიევშია

20.02 - 13:48 

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს კიევში ჩაფრინდა. ინფორმაცია საერთაშორისო მედიებმა გაავრცელეს. მისი ჩასვლის ვიდეოები გავრცელდა სოციალურ ქსელებშიც.

 

 

 

 


close დახურვა