logo
ENG



გახარია: ოცნება ევროპულ მომავალს ძალაუფლების შენარჩუნების სურვილით ანაცვლებს

21 თებ 202311:40
3 წუთის საკითხავი
clock 587

პარტია საქართველოსთვის ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ქართული ოცნება "ევროპულ მომავალს ანაცვლებს ძალაუფლების შენარჩუნების სურვილით და მზად არის ამისთვის ნებისმიერი ფასი გადაიხადოს."

"დღეს საქართველოს აქვს რეალური შესაძლებლობა ისტორიას, რომ მოუგოს და გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და ამით, მოიპოვოს გრძელვადიანი სტაბილურობა, კეთილდღეობა და გარანტირებული მშვიდობა. ევროპა მშვიდობაა. საპირისპიროდ რუსეთთან მარტო დარჩენა კი ნიშნავს ოკუპაციას და ომს. ეს არის ჩვენი ისტორიული გამოცდილება, რომელმაც ბევრჯერ დაგვანახა, რომ ევროპასთან ურთიერთობის გარდა სხვა გეოპოლიტიკური არჩევანი ჩვენს რთულ რეგიონში სამწუხაროდ საქართველოს არ აქვს. ჩვენს ევროპულ მომავალს ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის ხელისუფლება, რომლის პოლიტიკა არც გონივრული, არც ფრთხილი და არც დაბალანსებული უკვე აღარ არის. დღეს ოცნება ფსონს დებს უკრაინის დამარცხებაზე და მათი საგარეო პოლიტიკა ამ ლოგიკას ეყრდნობა. ამ გადამწყვეტ მომენტში ოცნება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ქვეყნის ევროპულ არჩევანს და სვამს კითხვას, გვინდა კი ასეთი ევროპა? კარგია თუ არა თავისუფალი უვიზო მიმოსვლა ევროპასთან? სულ მალე ახალ კანონზე დაყრდნობით აგენტს დაუძახებს ყველას მათ, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს. ოცნება ევროპულ მომავალს ანაცვლებს ძალაუფლების შენარჩუნების სურვილით და მზად არის ამისთვის ნებისმიერი ფასი გადაიხადოს. სამწუხაროდ, ამ არჩევანის ფასის გადახდა ჩვენს შვილებს მოუწევს."- განაცხადა გიორგი გახარიამ. 

მისი თქმით, ქართული ოცნების წევრები "დანაშაულებრივი პროცესის ინსტრუმენტები" არიან. 

"სწორედ ამიტომ, მივმართავ ოცნებაში დარჩენილ ადამიანებს, ამ დანაშაულებრივი პროცესის ინსტრუმენტები ხართ თქვენ. გადამალული ბიძინა ივანიშვილი თავის დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად გიყენებთ თქვენ. თქვენ უნდა იცოდეთ და თქვენ უნდა გაიაზროთ, რომ ვერ ბიძინა ივანიშვილი გაიპარება უკანა კარებიდან და ვერც თქვენ გაიშვერთ ხელს ბიძინა ივანიშვილის მიმართულებით, რადგან ყველას პასუხისმგებლობა იქნება პერსონიფიცირებული.

საქართველო არასდროს ყოფილა ასე ახლოს ევროპულ ინტეგრაციასთან, როგორ დღეს არის. და ასევე არასდროს ყოფილა ასე ახლოს ამ შესაძლებლობის დაკარგვასთან. ეს დაკარგული შესაძლებლობა იქნება დანაშაული, დანაშაული ჩვენი შვილების წინაშე. ამიტომ, ყველა ვინც შეიძლება განსხვავებულად ვაფასებდეთ ჩვენს წარსულს, მაგრამ გვჯერა, რომ ჩვენი ქვეყნის, სამშობლოს მომავალი ევროპაშია უნდა ვიმოქმედოთ, ვის როგორც შეგვიძლია, ცალ-ცალკე, ერთად, ამას დღეს უკვე აღარ აქვს არსებითი მნიშვნელობა.

მე ჩემის მხრივ, როგორც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ახლა უკვე ოპოზიციური პარტიის ლიდერმა, დღეს მივმართე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მეთაურებს თხოვნით,მიუხედავად ოცნების ხელისუფლების ქმედებებისა, მხარი დაუჭირონ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. ეს არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი. ეს არის აუცილებელი პირობა საქართველოს დემოკრატიულ ტრაექტორიაზე დასაბრუნებლად და ქართველი ხალხი ამას იმსახურებს.

მე ვიწყებ და ბოლომდე გავაგრძელებ მუშაობას საქართველოს მეგობრებთან, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან, რომელთა ნაწილთან პირადი კონტაქტები და მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს. ასევე ჩემს გუნდთან ერთად ვიწყებ მუშაობას ჩვენს მოქალაქეებთან, რათა გადავარჩინოთ საქართველოს ევროპული პერსპექტივა და რაც მთავარია, დავაბრუნოთ ქვეყანა ნორმალური დემოკრატიული განვითარების გზაზე."- თქვა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე.

გახარიას განცხადებით 24 თებერვლის სოლიდარობის აქციას მისი პარტიის წევრები დაესწრებიან. 

"მე რა თქმა უნდა ყველაფერს გავაკეთებ, რაც მე ძალმიძს, რომ უკრაინელ ხალხს ამ ბრძოლაში სოლიდარობა გამოვუცხადოთ ისეთი ღირსებული, როგორიც ჩვენ ქართველებს შეგვეფერება და როგორც ქართველი მოხალისეები სიცოცხლეს სწირავენ ბრძოლის ველზე. ამიტომ, როდესაც საქმე ეხება არა რაღაც გაურკვეველ იდეებს, ეროვნული მოძრაობის და რაღაც სისულელეებს. მაგრამ უკრაინელი ხალხის ბრძოლის მხარდაჭერას და სიმბოლურ თარიღს, რა თქმა უნდა, ჩემი კოლეგები ამ ღონისძიებაზე იქნებიან."- თქვა გახარიამ. 


close დახურვა