logo
ENG



გზა ომის ცხელი წერტილებიდან საქართველომდე - 4 უკრაინელი ქალის ისტორია
24 თებ 202412:48
5707

უკრაინაში ომის დაწყებიდან 2 წელი გავიდა. საქართველო ერთ-ერთი ქვეყანა იყო, სადაც უკრაინელები ომს გამოექცნენ და ცხოვრების ხელახლა დაწყება სცადეს. თუმცა ის დღეები, რაც რუსული რაკეტებისა და გამაყრუებელი საჰაერო განგაშის ფონზე იცხოვრეს, მათ მეხსიერებას არ ავიწყდება.

დღეს გიყვებით ისტორიებს იმ ადამიანებზე, რომლებიც სხვადასხვა ქალაქიდან მოდიან, მაგრამ ორი საერთო აქვთ - 24 თებერვლის დილის 4 საათი და საქართველო.

ტინა, მელიტოპოლიდან

2022 წლის 24 თებერვალი ტინასთვის სიზმრით დაიწყო - თავისი ბავშვობის სახლში იყო, როცა სანთებელას მოუკიდა და გაზი აფეთქდა. აფეთქების ხმაზე გამოეღვიძა, თუმცა გაიაზრა, რომ ეს ყველაფერი რეალურ ცხოვრებაში ხდებოდა. იმ ღამეს ოკუპანტები უკრაინაში შეიჭრნენ, დაბომბეს ქალაქი მელიტოპოლიც. რაკეტები მოხვდა საცხოვრებელ კორპუსებს, მათ შორის მისი სახლიდან არც ისე შორს.

"ჩემი ფანჯრიდან გავიხედე და ძალიან დიდი, შავი კვამლი დავინახე. ჩემთან ძალიან ახლოს არ იყო, მაგრამ ვხედავდი. ერთ გოგოსთან ერთად ვცხოვრობდი და იმან ტირილი დაიწყო. მე სიმშვიდეს ვინარჩუნებდი - ამ გოგოს თავისმა მეგობარმა დაურეკა და უთხრა, რომ აფეთქებას მათი ერთი ნაცნობი ემსხვერპლა".

ფანჯრიდან ხედავდა რაკეტების კვალს და ხვდებოდა, რომ რუსებმა ქალაქს არა ერთხელ, არამედ რამდენჯერმე მაინც დაარტყეს. პირველი რაც იგრძნო, დაბნეულობა იყო, არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო, ამიტომ ისევ ბინაში დარჩენა გადაწყვიტა. მოგვიანებით ოჯახის წევრებს შეეხმიანა. ტინას და, დედა და მამინაცვალი ახლაც უკრაინაში ცხოვრობენ.

თვეების განმავლობაში ოკუპანტების ბომბებს საკუთარ სააბაზანოში ემალებოდა. გვიყვება, რომ ეს ერთადერთ უსაფრთხო ადგილად მიაჩნდა, რადგან თავშესაფარში ან სარდაფში გასაქცევად, სახლიდან შორი მანძილი უნდა გაევლო.

ვახო ქარელი / ფორმულა

"ჩემს აბაზანაში ვიკეტებოდი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იმიტომ, რომ სადმე წასვლა საშიში იყო. ვიცოდი, თუ სადმე უსაფრთხო ადგილას მინდოდა წასვლა, მაგალითად, სარდაფში, თუმცა ისე არ იყო მოწყობილი, რომ ცხოვრება შეგძლებოდა. თუ გაქცევა მომინდებოდა, ჩემი სახლიდან ძალიან შორს უნდა გავქცეულიყავი და ამიტომ ჩემს აბაზანაში ვრჩებოდი, როცა აფეთქებები ხდებოდა. თავდასხმები ხდებოდა გამუდმებით".

ომის პირველივე დღეებში შეეჩეხა რუსული პროპაგანდის შედეგებს - ტინას ბებია რუსი ჰყავს, როცა ტელეფონით ისაუბრეს, ისეთი ფრაზა მოისმინა, რომ მასთან ნებისმიერი სახის კომუნიკაციის სურვილი დაკარგა. გააცნობიერა, რომ კრემლის პროპაგანდა ხალხზე მუშაობს, განსაკუთრებით, ასაკოვან ხალხზე.

"ომი როცა დაიწყო, ბებიას დავურეკე, ერთი ფრაზა მითხრა, რომელმაც ჩემი შოკირება გამოიწვია - "როდის მოკლავენ რუსი სამხედროები ყველა ნაციონალისტს უკრაინაში?". მასთან კომუნიკაცია აღარ მინდოდა".

მელიტოპოლში იმის შესაძლებლობაც ჰქონდა, რუს სამხედროებს გასაუბრებოდა - მათ კითხვებს უსვამდა, თუმცა პასუხად მიიღო, რომ პუტინისთვის მიემართა. ერთ-ერთი ჯარისკაცი თავისი იქ ყოფნის "გამართლებას" გავრცელებული და რუსეთში უკვე კარგად ფესვადგმული დეზინფორმაციით ცდილობდა, რომ თითქოს უკრაინაში წვრთნების მიზნით იყვნენ ჩასულები.

ტინა საქართველოში ივნისში ჩამოვიდა. იქიდან გამომდინარე, რომ უცხოური პასპორტი არ ჰქონდა, ხოლო იმ პერიოდში, როცა რუსებმა მელიტოპოლის ოკუპირება მოახდინეს და ინტერნეტთან წვდომა შეეზღუდა, გაუჭირდა იმის გარკვევა, შეძლებდა თუ არა სხვა ქვეყნის საზღვრის გადალახვას. საქართველო მისთვის ერთადერთი არჩევანი აღმოჩნდა - გაზაფხულზე აქ უკვე იყო მისი დაც, რომელსაც უკრაინაში დაბრუნება მალევე მოუწია, რადგან ქირის პრობლემები შეექმნა. ახლა როცა ახალი დაბომბვების შესახებ ცნობებს კითხულობს, უკრაინაში რეკავს, იმ იმედით, რომ იქ ყველაზე ნაკლებად უარესი შედეგი დახვდება.

"ძალიან გული მწყდება, რომ ჩემს დას უკან დაბრუნება მოუწია. ახლახან კიდევ იყო სარაკეტო შეტევა - რაკეტა ერთ-ერთ სახლს მოხვდა ეს ადგილი ჩემი დის სახლიდან ფეხით სასიარულოდ, დაახლოებით, 1 საათის სავალზეა. ჩვენი ქალაქის მერი დაგვპირდა, რომ ქალაქის დეოკუპაციას შემოდგომაზე მოახდენდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. ახლა ზამთარია და ზამთარშიც, სავარაუდოდ, არ მოხდება, იმიტომ, რომ ძალიან ცივა და უკრაინელი სამხედროებისთვისაც რთულია. ამიტომ, ველოდებით, მალე უნდა მოხდეს".

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, პრობლემების პირისპირ თავადაც აღმოჩნდა. ყველაზე რთული ბინის ქირის საკითხი იყო - არაერთი ქართველის მსგავსად, მასაც გაუზარდეს ქირა და წინააღმდეგ შემთხვევაში, სახლის დაუყოვნებლივ დატოვება მოსთხოვეს.

"ვიქირავე ბინა, ხელი მოვაწერე კონტრაქტს, გადავუხადე მაკლერს - ჩემი კონტრაქტი იყო 6-თვიანი, მაგრამ 3 თვის შემდეგ, მეპატრონე მოვიდა და მითხრა, რომ ან ქირას გამიორმაგებდა ან ერთ დღეში უნდა დამეტოვებინა ბინა.

მხოლოდ ერთი დღე მოგვცა ახალი ბინის საპოვნელად, როცა კონტრაქტით 10 დღე იყო განსაზღვრული. მითხრა, რომ ეს კონტრაქტი რეალურად არაფერს ნიშნავდა, არ ჰქონდა აქ ძალა, რადგან იურისტის გარეშე იყო ხელმოწერილი. ჩუმად ვიყავი, არაფერი არ მითქვამს და თავად ძალიან უხეშად მესაუბრებოდა, მეუბნებოდა, რომ თუნდაც სასამართლოში წავსულიყავი, აქ უფლებები არ მქონდა, რადგან უცხოელი ვარ".

გვიყვება, რომ ბინის მეპატრონე ყველანაირ მიზეზს ეძებდა ქირის გასაზრდელად, მათ შორის სთხოვდა ისეთი რაღაცების გაკეთებას, რაც თავად არ დაუზიანებია. როცა აცივდა და გათბობის ჩართვა გადაწყვიტა, აღმოაჩინა, რომ გამათბობელი არ მუშაობდა, თუმცა ვერც ამის შეკეთებაში მიიღო დახმარება.

არაერთი უშედეგო მცდელობის, წარუმატებელი სატელეფონო ზარებისა და თბილისის ქუჩებში ძებნის შემდეგ, საბოლოოდ ბინა შეიცვალა. საქართველოდან წასვლას, ჯერჯერობით, არ განიხილავს, თუმცა ფიქრობს, რომ გაძვირებული ცხოვრების გამო, შესაძლოა, უფრო პატარა ქალაქში გადავიდეს.

ეკატერინა, ხარკივიდან

"უცნაური ხმებია, ასეთი ჯერ არ გამიგია" - თქვა ეს ფრაზა ეკატერინამ 24 თებერვალს, დილის 4 საათზე. მეგობარმა უთხრა, რომ ყველაფერი ძილში ეჩვენებოდა, თუმცა ტელეფონის გახსნისა და ახალი ამბების წაკითხვისთანავე დარწმუნდა, ომი დაწყებულიყო.

ეკატერინა ხარკივში იმყოფებოდა. მართალია, მისი სახლის ფანჯრიდან აფეთქებები არ ჩანდა, მაგრამ ხმა კარგად ესმოდა. ჩვეულებრივ, დილის 4 საათზე, სოციალურ ქსელში აღარავინაა ხოლმე, მაგრამ იმ დღეს ყველა მეგობარი გააქტიურებული იყო - ერთმანეთი მოიკითხეს და შეთანხმდნენ, რომ კავშირის გაწყვეტის შემთხვევაში, მეტროში შეხვდებოდნენ.

დილის 8 საათისთვის ეკატერინა მისგან 100 კილომეტრის დაშორებით მცხოვრებ მამას დაუკავშირდა, აცრემლებული ხმით უთხრა, რომ ხარკივი უნდა დაეტოვებინა და ბებიასთან კრასნოგრადში წასულიყო, სადაც "შედარებით უსაფრთხო ვითარება" ეგულებოდა. გზა, რომელსაც ჩვეულებრივ დღეებში ხარკივიდან ბებიის სახლამდე 2 საათში გადიოდნენ, 5 საათამდე გაიწელა.

"ისინი, ვინც გამოვიდნენ ჩვენზე უფრო გვიან, იმავე გზის მონაკვეთზე 9 საათის განმავლობაში მოდიოდნენ, საცობები იყო. ხალხი მიდიოდა ფეხით, ზოგი ველოსიპედებით, თან მიჰყავდათ შინაური ცხოველები. გზაში ძალიან ბევრი სამხედრო მანქანა დაგხვდა, არ გვესმოდა, რა ხდებოდა, სრული ქაოსი იყო. მაგრამ ამის მიუხედავადაც, ხალხი მშვიდად მიდიოდა".

ეკატერინა პროფესიით ფოტოგრაფი და რეჟისორია - ბებიასთან გარკვეული დროის გატარების შემდეგ ხარკივში რომ დაბრუნდა, ქუჩები მოიარა და ოკუპანტების მიერ დაზიანებულ შენობებს ფოტოები გადაუღო, კედლები ჩამოშლილი იყო, სახლის ფასადებს ნატყვიარები ეტყობოდა.

ხარკივში დაბრუნებული ეკატერინესთვის საჰაერო განგაშის ხმების მოსმენა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, რადგან ზოგჯერ ის მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

"საჰაერო განგაშის ხმის გაგონება აღარ შემიძლია. იყო დღეები, როდესაც იღვიძებდი, მუშაობდი, პარალელურად, იყო საჰაერო განგაში, შესაძლოა, შენს თავზე რაღაცას გადაეფრინა და არ იცოდი, რა იყო, მაგრამ ამას ეჩვევი, ჩვეულებრივად გეჩვენება".

ცხოვრების დიდი ნაწილი ხარკივში აქვს გატარებული, ქალაქში, სადაც სიცოცხლე მუდამ ჩქეფდა - იხსენებს, რომ ბებიასთან წასვლამ "მორალურად გაანადგურა", ვერ შეძლო პატარა სოფელში გაჩერება და აქედან გამომდინარე, უკრაინის დატოვება გადაწყვიტა.

"ერთ-ერთი მომენტი, რის გამოც ქვეყნის დატოვება გადაწყვიტე, ის არის, რომ ჩემი ფსიქიკა შემენარჩუნებინა, რადგან უკრაინას სჭირდება ჯანმრთელი ახალგაზრდა ხალხი, რომლებიც შეძლებენ ქვეყნის აღდგენას ნებისმიერი მეთოდით, ნებისმიერ სფეროში შეუწყონ ხელი".

ეკატერინას საქართველოში ჩამოსასვლელად რამდენიმე დღე დასჭირდა. აქ კრაკოვიდან ჩამოფრინდა და საზღვარზე პრობლემები არ შეჰქმნია. გაიხსენა კრაკოვში ყოფნის პერიოდიც და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, სასტუმროში მხოლოდ 4 საათი ეძინა, ასეთი ღრმა და მშვიდი ძილით დიდხანს არ სძინებია.

"კრაკოვში კარგი გზებია და შეგიძლია, შენი ჩემოდანი გორგოლაჭებით ატარო, მაგრამ ხელში ავიღე, რადგან ღამე იყო და არ მინდოდა მეხმაურა, მეშინოდა, ხალხს შეიძლება ეფიქრა, რომ ეს საეჭვო ხმა იყო".

ახლა, ომის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგაც გრძნობს, რომ იმ პერიოდში უკრაინაში გატარებულ დღეებს, რასაც ყოველთვის თან სდევდა ოკუპანტების რაკეტები, მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე დიდი გავლენა ჰქონდა:

"7 თვეა ვიღვიძებ შეგრძნებით, თითქოს ვიღაც დადის სახლში".

ეკატერინას დიდი ბაბუა ქართველი იყო და აქ ნათესავებთან ჩამოვიდა - ისინი ომის დაწყების პირველივე წუთებში შეეხმიანნენ და უთხრეს, რომ ნებისმიერ დროს ელოდნენ. უკვე 7 თვეა, რაც საქართველოშია და მიუხედავად იმისა, რომ ფიქრობს, ქართველებისა და უკრაინელების პრობლემა იდენტურია, მაინც გააოცა, ქართველი ხალხის ასეთმა მასშტაბურმა მხარდაჭერამ.

ვახო ქარელი / ფორმულა

"აქ ბებიასაც კი, რომელიც კალათით მოდის, უკრაინის დროშის სიმბოლო აქვს გულზე, ეს აბსოლუტურად წრფელი გულით კეთდება. ბევრი დროშაა, ვფიქრობ, რომ არც ერთ ქვეყანაში არ არის ამ რაოდენობის უკრაინის დროშები… ყოველდღიურად მსიამოვნებს, ასეთ დეტალებს რომ ვხედავ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხალხს ესმის ეს ტკივილი".

ეკატერინამ ზელენსკის სიტყვები გამოიყენა იმის სათქმელად, რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერა და საქართველოს მთავრობის პოზიცია ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. მას უკვირს, საქართველოში ჩამოსული რუსების რაოდენობა და როგორც ამბობს, "შოკირებულია იმის გამო, რომ ისინი არ ერიდებიან საქართველოში რუსულად საუბარს".

"ზუსტად გუშინ, მეგობართან განვიხილავდი: ქვეყანაში ხარ, სადაც ყველგან უკრაინის დროშებია, სადაც პუტინს და რუსულ სამხედრო გემს ნახ**-ზე უშვებენ და შენ რუსულად საუბრობ. მე უკრაინელი ვარ და როცა რაიმე სიტყვას ვამბობ რუსულად, ჩემთვის არაკომფორტულია, ისინი კი ყველგან არიან და ყველგან საუბრობენ რუსულად, ესეც არ მესმის".

ამბობს, რომ საქართველომ ასწავლა, "არაფერი დაგეგმოს", ამიტომ ჯერჯერობით უკრაინაში დაბრუნებას არ განიხილავს. საუბრობს ომის დასრულების მოლოდინებზეც - რა თქმა უნდა, მტკიცედ სჯერა უკრაინის გამარჯვების, თუმცა ამბობს, რომ ეს "ზეიმს არ მოიტანს", რადგან წინ კიდევ ბევრი პრობლემაა, რომლის აღმოფხვრასაც 20 წელიწადზე მეტი მაინც დასჭირდება.

მისი გულწრფელი სურვილი, გარდა სახლში დაბრუნებისა, ისაა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკი დაისვენოს:

"ჩვენი ცხოვრება მაქსიმალურად შეიცვალა და მე ძალიან მინდა, გულწრფელად, რომ ზელენსკიმ დაისვენოს, რადგან ძალიან დაღლილად გამოიყურება, მართლა მესმის, რომ არ ისვენებს. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, მინდა წავიდეს ყირიმში, დალიოს ლუდი და დაისვენოს".

მარინა, კიევიდან

მარინა, რომელიც კიევში დაიბადა და გაიზარდა, ომის დაწყების პირველ დღეს დედაქალაქიდან 180 კილომეტრის დაშორებით, ქალაქ ჩერკაზში იმყოფებოდა, შვილთან და დედასთან ერთად იყო, როცა დილის 4 საათზე აფეთქებების ხმაზე გამოეღვიძა.

"24-ში მთელმა უკრაინამ გაიღვიძა აფეთქებების ხმაზე. ყველამ ერთმანეთთან დარეკვა დაიწყო. ძალიან გვეშინოდა, რადგან არ ვიცოდით, რა უნდა გვექნა. ხალხი მიდიოდა სუპერმარკეტებში, მაღაზიებში, რათა წყალი და პროდუქტები ეყიდათ. სრული განუკითხაობა იყო, ყველა მირბოდა, სად, თავადაც არ იცოდნენ".

იხსენებს, რომ ომის დაწყებამდე მეგობრები სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის ბელარუსიდან აფრთხილებდნენ, რომ შესაძლოა ვითარება გართულებულიყო და ქვეყნის დატოვებას სთავაზობდნენ, თუმცა ამის არ სჯეროდა და უკრაინაში რჩებოდა. მისთვის განსაკუთრებით რთული ომის დაწყების პირველი თვე აღმოჩნდა, რადგან სრულ გაუგებრობაში იყვნენ და არავინ იცოდა, რა უნდა ექნათ. როცა საჰაერო განგაშის ხმა ესმოდა, შვილს კარადაში მალავდა.

"პირველი პერიოდის განმავლობაში, ყველა კომპიუტერებთან ვცხოვრობდით, ვეძებდით ახალ ამბებს. როდესაც საჰაერო განგაში იწყებოდა, შვილს კარადაში ვმალავდი, ის იქ იმალებოდა, მე კი იქვე ახლოს ვიჯექი. ეს საშინელება იყო".

დღემდე დაუჯერებლად მიაჩნია რეალობა, რომელშიც 1 წლის წინ გაიღვიძა - განსაკუთრებით შვილის მდგომარეობაზე ნერვიულობს და ამბობს, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ბავშვები ყველაზე მძაფრად განიცდიან.

"ჩემს შვილს დღემდე ეშინია, როდესაც ფოიერვერკების ხმას იგებს, ან რაიმე სახის ხმაური ესმის; ეშინია თვითმფრინავის გაფრენის ხმაზეც. ყველა ბავშვი, რომელიც უკრაინიდან ჩამოვიდა, ფსიქო-ტრავმირებულია, ისინი სრულ კატასტროფას განიცდიან. ბავშვებს სახლში დაბრუნება უნდათ.

ახალ წელს მათთან თოვლის ბაბუა მოვიდა და ეკითხებოდა, რა საჩუქრები უნდოდათ, ყველა ერთსა და იმავეს პასუხობდა - რომ უნდათ უკრაინაში, სახლში. არ უნდათ შოკოლადი, საჩუქარი, ტკბილეული, მათი მთავარი სურვილი სახლში დაბრუნებაა".

მარინა მუდმივ კონტაქტზეა უკრაინაში მყოფ მეგობრებთან - ისინი ეუბნებიან, რომ იქ არსებულ მდგომარეობას ხალხი ვეღარ უძლებს. მაგალითად ერთი ახლობელი მოიყვანა, რომელიც არა დაბომბვისგან, არამედ შიშისგან დაიღუპა.

"ხალხის ფსიქიკა უკვე ვეღარ უძლებს. მაგალითად, მარიუპოლში, ხალხი იღუპება ბომბების გარეშე, უბრალოდ იქ არსებული საშინელების გამო. ხალხი იღუპება შიშის გამო, ჩემი ახლობელი სწორედ ასე დაიღუპა, 60 წლის ასაკში, უბრალოდ ვეღარ გაუძლო ამ ყველაფერს. ძალიან დიდი ფსიქიკური, მორალური დატვირთვაა და ეს ყველაფერი ძალიან რთულია, ძალიან".

საქართველო არც მარინასთვისაა უცხო ქვეყანა - მისი ქმარი ქართველი იყო, აფხაზეთიდან დევნილი, შვილებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ. უკრაინის დატოვების გადაწყვეტილება სწორედ მაშინ მიიღო, როცა შეატყობინეს, რომ საქართველოში მეუღლე დაეღუპა, აქ კი მეორე შვილი ჰყავდა, რომელიც მამასთან ერთად ცხოვრობდა. მარინა საქართველოში ნოემბერში ჩამოვიდა.

მარინას, სხვა უკრაინელებისგან განსხვავებით, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ საცხოვრებელთან დაკავშირებით პრობლემები არ შეჰქმნია - აფხაზეთიდან დევნილი ოჯახის სახლში ცხოვრობს და საზოგადოებისგან ძალიან დიდ მხარდაჭერას გრძნობს, რისთვისაც მადლობელია.

"ჩვენ ვცხოვრობთ აფხაზეთიდან დევნილი ოჯახის სახლში და მათ ეს ყველაფერი ძალიან კარგად იციან, მათ ეს უკვე გამოიარეს. როდესაც ჩამოვედით, ჩვენი სახლის კარი არ იხურებოდა, რაც შეეძლო ხალხს, ის მოჰქონდა, როგორც შეეძლოთ ისე გვეხმარებოდნენ.

ზოგადად, ქართველი ხალხისგან ვგრძნობთ ძალიან დიდ მხარდაჭერას. როდესაც მეტროთი ვმგზავრობთ და უკრაინის დროშის გულსაბნევი გვიკეთია, უცნობი ადამიანები გვიახლოვდებიან და ჩემს შვილს კანფეტებს, კევს, შოკოლადებს აწვდიან... ეს ძალიან დიდი მხარდაჭერაა".

"საქართველოს მადლიერი ვართ ყველაფრისთვის. ქედს ვიხრით ქართველი ხალხის წინაშე. გასაგებია, რომ მათი ხელისუფლება სხვა მხარესაა, მაგრამ ვგრძნობთ, რომ ხალხი ჩვენს გვერდითაა".

უკრაინის უპირობოდ გამარჯვების სჯერა და ომის დასრულების შემდეგ სამშობლოში დაბრუნებასაც განიხილავს, თუმცა ამბობს, რომ ახლა უკრაინელები დღევანდელი დღით ცხოვრობენ.

"რა თქმა უნდა, პერსპექტივაში გვაქვს ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში დაბრუნება. როგორც ჩემმა შვილმა თქვა, ჩვენი გული გაყოფილია ორ ნაწილად, ერთი მხარე ეკუთვნის საქართველოს, მეორე უკრაინას. ამიტომ, უკრაინაში ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით, თუ ყველაფერი კარგად იქნება".

ოლგა, ოკუპირებული ყირიმიდან

ოლგა ოკუპირებული ყირიმიდანაა. 8 წელია, რაც მას ოკუპაციაში უწევს ცხოვრება. მისთვის ომის დაწყება მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ყველაფერი უკვე გამოცდილი ჰქონდა ელოდა, რომ რუსეთის მუქარა ომის დაწყებასთან დაკავშირებით აუცილებლად რეალობად იქცეოდა.

24 თებერვალს, როდესაც ომი დაიწყო, იალტაში იმყოფებოდა და ეძინა. ღამის 3 საათზე უცნაურმა შეგრძნებამ გააღვიძა - გვამის სუნს გრძნობდა, თუმცა ძილი მალევე შეიბრუნა და დილის 6 საათზე აღმოაჩინა, რომ რუსეთს უკვე დაწყებული ჰქონდა კიევზე თავდასხმა.

"ჩემთან ახლოს აფეთქებების ხმა არ ისმოდა, თუმცა ვგრძნობდი, რომ რაღაც ხდებოდა. პირველი ემოცია, რაც დამეუფლა იყო ის, რომ ვგრძნობდი, მეორდებოდა 2014 წელი. აფეთქებების ეპიცენტრიდან მოშორებით ვიყავი, თუმცა აბსოლუტურად ყველაფერს ვგრძნობდი, რადგან ჩვენ ამაში ვცხოვრობდით, ვიცოდით, გამოცდილი გვქონდა ეს ყველაფერი".

ოლგა პროფესიით მათემატიკისა და ინფორმატიკის მასწავლებელია. ომის დაწყებამდე სკოლაში მუშაობდა, თუმცა, იხსენებს, რომ 24 თებერვლის შემდეგ სკოლებში დაარიგეს სახელმძღვანელოები, საიდანაც უნდა ესწავლებინათ, რომ "უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაცია კარგია".

ვახო ქარელი / ფორმულა

"დაგვირიგეს მეთოდოლოგია, რომლის მიხედვითაც ბავშვებისთვის უნდა ჩაგვეტარებინა გაკვეთილი და უნდა გვესწავლებინა, რომ უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაცია კარგია, რომ უკრაინაში არიან ნაცისტები, რომ რუსეთს არ სურს რეალურად ტერიტორიების ოკუპაცია, მაგრამ ამის გაკეთება აუცილებლობაა... მე უარი ვთქვი ამ ტიპის გაკვეთილის ჩატარებაზე, შევედი დირექტორთან და ვთქვი, რომ მივდიოდი სამსახურიდან".

ოლგა საქართველოში ომის დაწყებიდან 1 თვეში, 29 მარტს ჩამოვიდა. როგორც გვიყვება, საქართველოში ცხოვრობს "მისი ცხოვრების სიყვარული", რომელმაც 24 თებერვალსვე უთხრა, რომ თბილისში უნდა ჩამოსულიყო. მისთვის საქართველო არ არის უცხო ქვეყანა, რადგან ხშირად ჩამოდიოდა და ყველა დღესასწაულს აქ აღნიშნავდა.

ოლგამ საზღვრის კვეთის მომენტიც გაიხსენა და გვითხრა, რომ საქართველოში რუსეთის გავლით ჩამოვიდა - საზღვრის კვეთის მომენტში ჰქონდა შეგრძნება, "თითქოს საპატიმროდან გამოვიდა".

საცხოვრებელთან დაკავშირებით თავად პრობლემები არ შეჰქმნია, რადგან აქ ბევრი ახლობელი და მეგობარი ჰყავს, თუმცა მისთვის ცნობილია ბინებთან დაკავშირებული პრობლემები, მათ შორის გაზრდილი ფასები -
"ფასების გაზრდა საცხოვრებელზე ვიცით, რატომაც და ვის გამოც მოხდა".

პროფესიის შეცვლა ოკუპირებული ყირიმიდან ჩამოსულ ოლგას საქართველოში არ მოუწია, რადგან მარტივად შეძლო სკოლაში დასაქმება. ახლა უკრაინულ სექტორში მყოფ ბავშვებს მათემატიკას ასწავლის.

მიიჩნევს, რომ ქართველებისა და უკრაინელების ურთიერთობა მხოლოდ ტრადიციული ქართული სტუმართმოყვარეობა არ არის და ეს ბევრად უფრო მეტია.

"როდესაც ჩემთან ქართველები მოდიან და იგებენ, რომ უკრაინელი ვარ, მეუბნებიან, რომ ნამყოფები არიან უკრაინაში, იქ მეგობრები ჰყავდათ. ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, ნებისმიერი ისე აღგვიქვამს, როგორც ახლო ნათესავს, რომელიც დიდი ხანია არ უნახავს".

ოლგამ გაიხსენა შემთხვევაც, როდესაც რუსული ფეიკ ნიუსის პროპაგანდა საქართველოზეც გავრცელდა. როგორც გვიყვება, ერთ დღეს მეგობარმა გაუგზავნა ფოტო რუსული ტელეგრამ არხიდან, სადაც წერდნენ, რომ საქართველოში რუსეთის მხარდამჭერი აქცია იგეგმებოდა

"არ ვიცოდი, რა უნდა მექნა, დაველოდე სამუშაო დღის დასრულებას და გავიქეცი იქ. უკრაინის დროშა თან არ მქონდა და გზაში საქართველოს ვიყიდე, მივედი და იქ ჩემი მეგობრები დამხვდნენ. რეალურად, უკრაინის მხარდამჭერი აქცია იყო და ოკუპანტების ფეიკ ნიუსის პროპაგანდამ გააშუქა ისე, თითქოს საქართველოში რუსეთის მხარდამჭერი აქცია იმართებოდა. ეს მოხდა სექტემბერში".

ოლგა ამბობს, რომ რუსეთის სისასტიკე ჯერ კიდევ მაშინ იყო თვალშისაცემი, როდესაც ოკუპანტი ქვეყანა 2008 წელს საქართველოში შემოიჭრა. მისთვისაც შესამჩნევია, რომ საქართველოს მოსახლეობა და მთავრობა სხვადასხვა მხარეს დგანან, თუმცა იმედს გამოთქვამს, რომ ეს შეიცვლება.

"თქვენ და თქვენი ხელისუფლება სხვადასხვა მხარეს დგახართ და ვერ ვიგებ, როგორ გამოვიდა თქვენთან ასე. მე მინდა ვუსურვო ქართველებს წარმატება. იქნება არჩევნები, ვიცი, რომ ქართული ოცნება უკვე მეორე ჯერზეა ხელისუფლებაში და იმედი მაქვს, რომ მესამედ, შესაძლოა, ეს უკვე აღარ გამოვიდეს. ეს ქართველების ცნობიერებაზეა დამოკიდებული. მჯერა, რომ თქვენ ყველაფერი გამოგივათ".

ომის დასრულების მოლოდინებზე საუბრისას ოლგა იმედს გამოთქვამს, რომ ის მალე რუსეთისთვის ტრაგიკულად დასრულდება.

"ყველაზე "ცუდი" ისაა, რომ ეს მიხარია. რეალურად, მინდა, რომ ოკუპანტებმა მიიღონ ის, რაც დაიმსახურეს და ამჯერად არასდროს აღარ იმუშაოს თეორიამ, რომ ყველა რუსი ერთნაირი არ არის. ასე ვხედავ მე მომავალს ომთან მიმართებაში".

close დახურვა