logo
ENG



რუსთაველის გამზირზე უკრაინის სოლიდარობის აქციაზე ხალხი იკრიბება, მსვლელობები დაიწყო

24 თებ 202319:07
3 წუთის საკითხავი
 
რუსთაველის გამზირზე უკრაინის სოლიდარობის აქციაზე ხალხი იკრიბება, მსვლელობები დაიწყო
ვახო ქარელი

რუსთაველის გამზირზე, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 1 წლის თავზე, უკრაინის სოლიდარობის აქციაზე ხალხი იკრიბება. 

უკვე დაიწყო სტუდენტების მსვლელობა თსუ-ის პირველი კორპუსიდან პარლამენტისკენ. 

24 თებერვლის აქცია ოპოზიციამ, სამოქალაქო საზოგადოებამ და ქვეყანაში მცხოვრებმა უკრაინელმა აქტივისტებმა და მოქალაქეებმა დააანონსეს.

"აქციის მიზანია მთელ მსოფლიოს აჩვენოს, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ ერთი წელია რაც გრძელდება, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ კი 9 წლიანი ომი მიმდინარეობს. მტერი აგრძელებს შეტევას, ცდილობს უკრაინის ხელში ჩაგდებას. თუ უკრაინა დაიპყრო, მაშინ რუსეთი სხვა დემოკრატიული ქვეყნების წინააღმდეგ შეტევაზე წავა.

თანამედროვე რუსეთს, რომელსაც მხოლოდ ძალის ენა ესმის, შეიძლება შეაჩეროს მხოლოდ უკრაინის არმიის გამარჯვება უკრაინის ბრძოლის ველზე, ამიტომ ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება თანამედროვე დასავლური იარაღი, ასევე აგრესორ სახელმწიფოს წინააღმდეგ სანქციების შემდგომი გაძლიერება.

ამასთან, უკრაინა, რომელიც ითხოვს იარაღს და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას, ომს არ აპირებს, პირიქით, მშვიდობისკენ ისწრაფვის. მშვიდობის ერთადერთი გზა ჩვენი გამარჯვებაა! 

სიცოცხლე დაამარცხებს სიკვდილს, სინათლე კი სიბნელეს. დიდება უკრაინას!", - წერენ აქციის ორგანიზატორები.

აქციის ფარგლებში დაგეგმილია სპეციალური პერფორმანსი, სინათლის სიბნელეზე გამარჯვების სიმბოლოდ. 

"ჩვენ უნდა ვანახოთ, რომ ქართველი ხალხი არის ბოროტსა და კეთილს შორის. ომის მდგომარეობაში ასეთი ცხადი იშვიათად არის, როდესაც ვიცით ვინ არის ბოროტი და ვინ არის კეთილი. ყველას საქართველოში კარგად უნდა ესმოდეს,  რომ ეს ომი არის ჩვენი ომი, ამიტომაც არის ძალიან მნიშვნელოვანი დიდი სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ და ისიც დავინახოთ რა პრობლემების წინაშე დგას დღეს საქართველო."- ამბობს მწერალი, ლაშა ბაქრაძე. 

აქცია ასევე იმართება ბათუმში. 

დროას ლიდერის ელენე ხოშტარიას განცხადებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღეს რუსთაველზე კიდევ ერთხელ იტყვიან, რომ საქართველოს ევროპული განვითარების მომავალი აქვს.

* * * 

ზუსტად 1 წლის წინ, 2022 წლის 24 თებერვალს რუსი ოკუპანტების ჯარი უკრაინაში შეიჭრა და, როგორც ბორის ჯონსონმა უწოდა, ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე "დიდი ომი" დაიწყო. ამასთანავე ეს 21-ე საუკუნის ევროპაში პუტინის მესამე ომია - 2008 წლის აგვისტოში საქართველოში, ხოლო 2014 წელს დონბასში შეჭრის შემდეგ. უკრაინაში მიმდინარე ომი, რომლის დაწყების საფრთხეებზე უკრაინაც და აშშ-ც ჯერ კიდევ 2021 წლის ბოლოდან საუბრობდნენ და რომლის უკანონობასა და არაპროვოცირებულობაშიც დასავლეთს ეჭვი აღარ ეპარება, შეჭრის დღიდანვე მოექცა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში და უკრაინამაც პუტინის წინააღმდეგ გაერთიანებული დასავლეთისგან უპრეცედენტო მხარდაჭერა მიიღო. 

 


close დახურვა