logo
ENG



"უკან გადადგმული ნაბიჯი" - NATO პარლამენტში რუსული კანონპროექტის განხილვით შეშფოთებულია

28 თებ 202313:55
3 წუთის საკითხავი
 

NATO პარლამენტში რუსული კანონპროექტის განხილვით შეშფოთებულია. ამის შესახებ ფორმულას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში განუცხადეს.

NATO-ს განცხადებით, პარლამენტში ამის განხილვა უკან გადადგმული ნაბიჯია.

"NATO შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვით. მრავალი წელია, მოკავშირეები და საქართველოს მთავრობა, საქართველოს ყოველწლიური ეროვნული პროგრამის კონტექსტში, განიხილავენ საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიის გასაძლიერებლად, რომელიც მიზნად ისახავს, მოამზადოს საქართველო NATO-ში საბოლოო გაწევრიანებისთვის. მედიის თავისუფლების უზრუნველსაყოფად სათანადო სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოების არსებობის აუცილებლობა და პოლიტიკის დებატებში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობა ამ კუთხით მთავარია. ამ მხრივ შემოთავაზებული კანონმდებლობა წარმოადგენს უკან გადადგმულ ნაბიჯს", - ნათქვამია ოფიციალურ პასუხში.

ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატებმა, რომლებიც საკუთარ თავს "ხალხის ძალას" უწოდებენ, დააინიციირეს კანონპროექტი, რომელიც საქართველოში "უცხოური გავლენის აგენტებს" გააჩენს. ეს კანონი შეეხება ყველას, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს. "უცხოური გავლენის აგენტებად" დარეგისტრირდებიან ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური წყაროა.

ქართული ოცნება მხარს უჭერს კანონპროექტს. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მსგავსი კანონი აშშ-შიც მოქმედებს, ამავე არგუმენტს იყენებდა რუსეთიც. თუმცა ისინი მანიპულირებენ, როდესაც ამერიკული კანონის მოქმედების დეტალებზე არ საუბრობენ. ამერიკული კანონი სხვა სახელმწიფოების პოლიტიკური ლობიზმის გამოსავლენადაა მიმართული, განსხვავებით ქართული ოცნების რუსული კანონისგან.

მოგვიანებით "ხალხის ძალამ" დააინიცირა კანონპროექტის გაუარესებული ვარიანტი, რომელიც, მათი თქმით, FARA-ს "სიტყვა-სიტყვით თარგმანია". ნეტგაზეთის ინფორმაციით, კანონპროექტის მიხედვით, "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 5 წლამდე, იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით.

ქართული ოცნების განცხადებით, უცხოური აგენტების შესახებ რუსული კანონის ორივე ვარიანტს პირველი მოსმენით დაუჭერენ მხარს, რის შემდეგაც ის ვენეციის კომისიაში გადაიგზავნება. ამასთან, მმართველი გუნდი კანონის მიღებას ივნისის ბოლომდე გეგმავს.


close დახურვა