logo
ENG



ადამიანის უფლებათა კომისარი პარლამენტს მოუწოდებს, რუსული კანონის მიღებაზე უარი თქვას

28 თებ 202318:46
3 წუთის საკითხავი
clock 934
2023/02/28/1vxkonlhn5j50k4.jpg

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, დუნია მიატოვიჩი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ოფიციალური წერილით მიმართავს და მოუწოდებს, უარი თქვას რუსული კანონის მიღებაზე.

მისი თქმით, კანონს, შესაძლოა, სერიოზული მსუსხავი ეფექტი ჰქონდეს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სფეროში აქტიურად მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციათა საქმიანობაზე. გაეცანით წერილს სრულად:

"გწერთ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით. მიღების შემთხვევაში, კანონი ითვალისწინებს არაკომერციული იურიდიული პირებისა და მედია საშუალებათა "უცხოური გავლენის აგენტებად" რეგისტრაციას, თუ ისინი დაფინანსების ნაწილს საზღვარგარეთიდან იღებენ. როგორც ჩანს, კანონპროექტი აწესებს ცალკე სამართლებრივ რეჟიმს ასეთი სუბიექტებისთვის, რაც მათ დამატებით ავალებს ანგარიშგებას, ინსპექტირებას და უქვემდებარებს სანქციებს.

ვშიშობ, რომ ამგვარი საკანონმდებლო ინიციატივა ეწინააღმდეგება ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მთელ რიგ სტანდარტებს გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების ჭრილში. ამასთან, კანონს შესაძლოა ჰქონდეს სერიოზული მსუსხავი ეფექტი ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სფეროში აქტიურად მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციათა საქმიანობაზე. შესაბამისად, მოვუწოდებ პარლამენტს, უარი თქვას ამ ან სხვა მსგავსი კანონპროექტის მიღებაზე.

გამჭვირვალობა შეიძლება იყოს ლეგიტიმური ინტერესი. მიუხედავად ამისა, ეს მიზანი არ უნდა მიიღწეოდეს არაკომერციული ორგანიზაციებისა და მედია საშუალებათა მიერ თავიანთი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის, მათი ლეგიტიმური საქმიანობის დაზიანებით. ანგარიშგების მოთხოვნა, შემოსავლის წყაროს მიუხედავად, უნდა ეფუძნებოდეს თანაბარ და მიუკერძოებელ მიდგომას. ნებისმიერი ჩარევა ამ სფეროში უნდა შეესაბამებოდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპებს, როგორც ამას ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი.

ამასთან, მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციას არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი სტატუსის შესახებ, რომელიც ადგენს არასამთავრობო ორგანიზაციების უფლებას, მოითხოვონ და მიიღონ დაფინანსება ლეგიტიმური საქმიანობისათვის, მათ შორის, უცხოური წყაროებიდან.

ამ ფონზე, გამოვთქვამ შეშფოთებას "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის ადამიანის უფლებათა მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობაზე. ამ კონტექსტში მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ე.წ. "უცხოური აგენტების შესახებ" რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა. კერძოდ, სასამართლომ დაადგინა, რომ უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციებისთვის სპეციალური სტატუსისა და სამართლებრივი რეჟიმის შექმნა არ იყო გამართლებული, ასევე, ასეთ ინიციატივებს მნიშვნელოვანი მსუსხავი ეფექტი ჰქონდა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მათ შესაძლებლობაზე, შეესრულებინათ სამოქალაქო საზოგადოების ლეგიტიმური ფუნქციები.

შესაბამისად, მოვუწოდებ პარლამენტის წევრებს, ცალსახად აიღონ ვალდებულება და ხელი შეუწყონ მრავალფეროვან და აქტიურ სამოქალაქო მონაწილეობას საზოგადოებრივ საქმეებში, საქართველოში შექმნან ხელსაყრელი გარემო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ადამიანის უფლებათა დამცველების ფუნქციონირებისთვის.

მადლობელი ვიქნები, თუ უზრუნველყოფთ, რომ პარლამენტის ყველა წევრმა მიიღოს წერილის ასლი და გამოვთქვამ მზადყოფნას, კონსტრუქციული დიალოგის ფარგლებში, თქვენთან ერთად განვიხილო ზემოაღნიშნული საკითხები", - აღნიშნულია წერილში.

***

ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატებმა, რომლებიც საკუთარ თავს "ხალხის ძალას" უწოდებენ, დააინიციირეს კანონპროექტი, რომელიც საქართველოში "უცხოური გავლენის აგენტებს" გააჩენს. ეს კანონი შეეხება ყველას, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს. "უცხოური გავლენის აგენტებად" დარეგისტრირდებიან ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური წყაროა.

ქართული ოცნება მხარს უჭერს კანონპროექტს. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მსგავსი კანონი აშშ-შიც მოქმედებს, ამავე არგუმენტს იყენებდა რუსეთიც. თუმცა ისინი მანიპულირებენ, როდესაც ამერიკული კანონის მოქმედების დეტალებზე არ საუბრობენ. ამერიკული კანონი სხვა სახელმწიფოების პოლიტიკური ლობიზმის გამოსავლენადაა მიმართული, განსხვავებით ქართული ოცნების რუსული კანონისგან.

მოგვიანებით "ხალხის ძალამ" დააინიცირა კანონპროექტის გაუარესებული ვარიანტი, რომელიც, მათი თქმით, FARA-ს "სიტყვა-სიტყვით თარგმანია". ნეტგაზეთის ინფორმაციით, კანონპროექტის მიხედვით, "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 5 წლამდე, იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით.

ქართული ოცნების განცხადებით, უცხოური აგენტების შესახებ რუსული კანონის ორივე ვარიანტს პირველი მოსმენით დაუჭერენ მხარს, რის შემდეგაც ის ვენეციის კომისიაში გადაიგზავნება. ამასთან, მმართველი გუნდი კანონის მიღებას ივნისის ბოლომდე გეგმავს.


close დახურვა