რუსული კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი და ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასული დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ ამ კანონის არმიღებით საზოგადოებან "ხელიდან შანსი გაუშვა".
მისი თქმით, "ახალგაზრდებს გაუწიეს ანგარიში".
"ანგარიში უნდა გავუწიოთ ახალგაზრდებს, რომ მათ არ მიიღონ ზიანი იმიტომ, რომ ამის შანსი იყო, სამწუხაროდ. ეს კანონი იყო საშუალება, რომ საზოგადოებას მეტი ცოდნოდა, მაგრამ ეს შანსი მან გაუშვა ხელიდან", - თქვა მან.
მასშტაბური გამოსვლებისა და პროტესტის შედეგად, ქართულმა ოცნებამ რუსული კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო.
დეპუტატებმა კანონპროექტი არც კი განიხილეს, პირდაპირ კენჭისყრაზე დააყენეს.
ოცნებამ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რუსული კანონპროექტის გაწვევის შესახებ 9 მარტს, დილას განაცხადა. თავდაპირველად, ოცნება ამ კანონპროექტს მხარს უჭერდა და პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.
კანონპროექტის საწინააღმდეგო პროტესტი 7-8 მარტს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. აქციები იყო ქუთაისში, ბათუმში და სხვა ქალაქებშიც.
თბილისში პოლიციელებმა მშვიდობიანი აქცია წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეითა და ცრემლმდენი გაზით დაარბიეს.
რამდენიმესაათიანი მცდელობების მიუხედავად ხალხი არ იშლებოდა, რის შემდეგაც პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება ძალისმიერი მეთოდებით დაიწყო. პოლიციელები მუშაობაში ხელს უშლიდნენ მედიის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებიც დაფიქსირდა.
შსს-მ 2 დღეში აქციებზე ჯამში 133 ადამიანი დააკავეს, დღეს საღამოს კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი, 133 ადამიანი გაათავისუფლეს.