The Wall Street Journal-ის ცნობით, ომის დაწყების შემდეგ პირველად, ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარს გეგმავს. მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ეს, დიდი ალბათობით, მოსკოვში მისი ვიზიტის შემდეგ მოხდება.
WSJ-ის წყაროები აღნიშნავენ, რომ სი ძინპინი, სავარაუდოდ, ცდილობს უკრაინაში მიმდინარე რუსული ომის დასრულებაში უფრო აქტიური შუამავლის როლი მოირგოს. ამასთან, გამოცემა მიუთითებს, რომ ჩინეთის პრეზიდენტი მოსკოვში ვიზიტის შემდეგ, შესაძლოა, ევროპის ქვეყნებსაც ეწვიოს, თუმცა ინფორმაცია ჯერ დადასტურებული არ არის.
მედიის განცხადებით, ზელენსკისთან პირდაპირი საუბარი, თუ ეს შედგება, იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი პეკინის მცდელობაში, უკრაინაში მშვიდობისმყოფელის როლი ეთამაშა, რასაც ევროპაში თავიდანვე სკეპტიციზმით შეხვდნენ. ამასთან, როგორც საერთაშორისო მედიები წერენ, სი ძინპინი მოსკოვს, შესაძლოა, მომავალი კვირის განმავლობაში ეწვიოს.
პირველ მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვლადიმერ პუტინი მოსკოვში ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს შეხვდება. რუსული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არაფერი იყო იმის შესახებ, ისაუბრებენ თუ არა ისინი სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებაზე, თუმცა სი ძინპის მიწვევასთან დაკავშირებით დეკემბრის ბოლოს გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ეს ვიზიტი "მთელ მსოფლიოს დაანახებს რუსეთ-ჩინეთის კავშირების სიმტკიცეს საკვანძო საკითხებზე და გახდება წლის მთავარი პოლიტიკური მოვლენა ორმხრივ ურთიერთობებში".
უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩინეთი რუსეთის საკვანძო მოკავშირე გახდა. 26 თებერვალს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა განაცხადა, რომ ჩინეთი რუსეთისთვის ლეტალური იარაღის მიწოდების საკითხს განიხილავს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. მანამდე CNN-მა აშშ-ს დაზვერვაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩინეთი რუსეთს, შესაძლოა დრონებით და საბრძოლო მასალით დაეხმაროს. როგორც CNN-ს წყარო უყვებოდა, ჩინეთსა და რუსეთს შორის აღჭურვილობის ფასსა და მოცულობას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეა.
გამოცემა მიუთითებდა, რომ ომის დაწყების შემდეგ, რუსეთმა ჩინეთს არაერთხელ სთხოვა დრონებით და საბრძოლო მასალებით მომარაგებაში დახმარება, რასაც ჩინეთის ხელმძღვანელობა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აქტიურად განიხილავს. როგორც დაზვერვის წყაროები ამბობდნენ, ჩინეთი აღჭურვილობის მიწოდებისკენ მეტად იხრება - გასული კვირების განმავლობაში, აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა ჩინეთი რუსეთისთვის პოტენციური სამხედრო დახმარების გაწევის შესახებ საჯაროდ არაერთხელ გააფრთხილეს.
ომის ერთი წლის თავზე ჩინეთმა უკრაინაში ომთან დაკავშირებით 12-პუნქტიანი ე.წ. სამშვიდობო გეგმა წარადგინა. 12-პუნქტიანი ე.წ. სამშვიდობო გეგმა ასე გამოიყურება:
- ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის პატივისცემა;
- ცივი ომის მენტალიტეტზე უარის თქმა;
- საომარი მოქმედებების შეწყვეტა;
- სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლება;
- ჰუმანიტარული კრიზისის მოგვარება;
- მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების დაცვა;
- ატომური ელექტროსადგურების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
- სტრატეგიული რისკების შემცირება;
- მარცვლეულის ექსპორტის ხელშეწყობა;
- ცალმხრივი სანქციების შეწყვეტა;
- საწარმოო და მიწოდების ჯაჭვების სტაბილურობის შენარჩუნება;
- პოსტკონფლიქტური რეკონსტრუქციის ხელშეწყობა.
ჩინეთის რეკომენდაციებში არ არის დაკონკრეტებული, თუ როგორ უნდა შეთანხმდნენ მხარეები, მაგალითად, ცეცხლის შეწყვეტაზე.