ვენეციის კომისია საერთო სასამართლოების შესახებ კანონზე, რომელიც ოცნებამ ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულების ფარგლებში გაგზავნა, დასკვნას აქვეყნებს.
დასკვნაში აღნიშნულია, რომ ძირითადი რეკომენდაციები, რომლებიც კომისიამ მანამდე გასცა, ჯერ კიდევ არ არის გათვალისწინებული. მათ შორის ხაზგასმულია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პირადი ინტერესების საკითხების მოგვარება.
- იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სასამართლო კორპორატივიზმისა და პირადი ინტერესების საკითხების აღმოფხვრა, რაც უნდა მოიცავდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველ რეფორმას
- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფართო უფლებამოსილების შეზღუდვა მოსამართლეთა მივლინების ან თანამდებობაზე გადაყვანასთან დაკავშირებით მათი ნებართვის გარეშე
- მივლინების/გადაყვანის უფრო ვიწრო კრიტერიუმების საშუალებით, მივლინება/გადაყვანაზე დროისა და ადგილის შეზღუდვის შემოღებით, მივლინება/გადაყვანის შემთხვევითობის სისტემის შემოღებით
ვენეციის კომისიის დასკვნაში აღნიშნულია, რომ პარლამენტის მიერ მიღებული აქტები ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციების გარეშე, არ შეესაბამება დემოკრატიულ სტანდარტებს.
"კომისია იმეორებს, რომ მნიშვნელოვანია პარლამენტის მიერ აქტების მიღება, რომლებიც არეგულირებს სამართლებრივი წესრიგის მნიშვნელოვან ასპექტებს ოპოზიციასთან, ექსპერტებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ნამდვილი კონსულტაციების გარეშე, არ შეესაბამება დემოკრატიული კანონშემოქმედების სტანდარტებს", - აღნიშნულია დასკვნაში.
დასკვნაში ასევე რეკომენდაციის სახით გაცემულია, რომ გადაიხედოს მოსამართლეთა უფლებამოსილების შეჩერების პროცედურა, უფლებამოსილების შეჩერების საფუძვლების უფრო ზუსტი განსაზღვრით, ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის მეტი დროის მიცემითა და შეჩერების პერიოდში ხელფასის შენარჩუნებით.
ასევე, რეკომენდაციაა გაცემული, რომ: "შეიზღუდოს საფუძვლები მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისთვის, რომელიც დაკავშირებულია პოლიტიკური ნეიტრალიტეტის ვალდებულების აშკარა დარღვევებით, აზრის გამოხატვასთან.
მოსამართლეთა კომენტარებისთვის ადგილის დატოვებით ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სასამართლო სისტემა. იმის უზრუნველყოფა, რომ უზენაესი სასამართლოს მითითებები სავალდებულოა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის", - აღნიშნულია დასკვნაში.
ვენეციის კომისია კვლავ იმეორებს, რომ მნიშვნელოვანია მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და გამართული სასამართლო სისტემა.
"მხოლოდ დამოუკიდებელ სასამართლოს შეუძლია კანონზე დაფუძნებული სამართლიანობის აღსრულება მიუკერძოებლად და აღკვეთოს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. კანონის უზენაესობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, საზოგადოება ენდობოდეს სასამართლო ორგანოების კომპეტენციას დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად ფუნქციონირებისთვის", - აღნიშნულია დასკვნაში.