ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, ყოფილი პრემიერმინისტრი ვანო მერაბიშვილი პარტიის მენეჯმენტის ნაწილი არაა. როგორც ენმ-ში აღნიშნავენ, პირადი მოსაზრებების ირგვლივ "სპეკულაციურ მსჯელობებს" ისინი პარტიის დისკრედიტაციად აფასებენ.
"[ვანო მერაბიშვილს] არ უკავია არანაირი პარტიული თანამდებობა, არ ახმოვანებს პარტიის პოზიციებს და არ არის ჩართული ყოველდღიურ პარტიულ საქმიანობაში. კონკრეტული ინდივიდების მიერ გამოთქმული პირადი მოსაზრებების ირგვლივ, გადაჭარბებულ, ხელოვნურ და სპეკულაციურ მსჯელობებს, პარტია ენმ აღიქვამს, როგორც მთავარი ოპოზიციური ძალის დისკრედიტაციის და მთავარი თემიდან ყურადღების გადატანის მცდელობად", - აღნიშნულია ნაციონალური მოძრაობის განცხადებაში და ამატებენ, რომ პარტიის პოზიციებს მხოლოდ პარტიის მენეჯმენტი ახმოვანებს.
ყოფილი პრემიერმინისტრი ვანო მერაბიშვილი ბოლო დროს აქტიურად აკეთებს განცხადებებს მას შემდეგ, რაც უცხოური აგენტების შესახებ რუსული კანონის განხილვას სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა. პოლიტიკოსების ნაწილი მის განცხადებებს უშუალოდ ნაციონალურ მოძრაობას უკავშირდება.