logo
ENG



თურქეთი თანახმაა, ფინეთის NATO-ში გაწევრიანების პროცესი დაიწყოს

17 მარ 202320:28
3 წუთის საკითხავი
clock 582
2023/03/17/kojkd36a3ap61hf.jpeg

თურქეთმა NATO-ში ფინეთის გაწევრიანების რატიფიცირების პროცესის დაწყება გადაწყვიტა.  ამის შესახებ პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანკარაში ფინეთის პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

"ჩვენ გადავწყვიტეთ დავიწყოთ ფინეთის NATO-ში გაწევრიანების პროტოკოლის საპარლამენტო რატიფიკაციის პროცესი", - განაცხადა ერდოღანმა.

ერდოღანმა განაცხადა, რომ ფინეთის წევრობით ალიანსი უფრო ძლიერი გახდება და "უფრო ეფექტურ როლს ითამაშებს გლობალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებაში".

რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ფინეთმა და შვედეთმა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების სურვილი გამოთქვეს. განაცხადის დასადასტურებლად აუცილებელია ყველა წევრი სახელმწიფოს მხრიდან მისი რატიფიცირება. NATO-ს 30 ქვეყნიდან მხოლოდ თურქეთი და უნგრეთია, რომლებსაც ჯერ არ დაუმტკიცებიათ შეთანხმება.

თებერვალში თურქეთმა მხარი დაუჭირა ფინეთის განაცხადს, მაგრამ შვედეთის ხელისუფლებას ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) წინააღმდეგ მკაცრი პოზიციის დაკავება მოსთხოვა. თურქეთი ასევე მოითხოვს შვედეთისგან 100-ზე მეტი ქურთი აქტივისტის ექსტრადირებას, რომლებმაც ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღეს. ანკარა მათ ტერორიზმში ადანაშაულებს.

უნგრეთის პარლამენტში რატიფიკაციის კენჭისყრის ვადა რამდენჯერმე გადაიდო. ვიქტორ ორბანის ოფისის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ პირველი რაც უნდა გააკეთოს უნგრეთმა არის ანტიკორუფციული კანონმდებლობის მიღება და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს NATO-ს საკითხების განხილვას.


close დახურვა