logo
ENG



შაბათის ფორმულა: "ბერაზე თუ დაწერ, დედას მოგი**ნავთო" - ოცნების ჩინოსნების მუქარა მოზარდს

18 მარ 202320:15
3 წუთის საკითხავი
 

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, Facebook-კომენტარის გამო, ბერა ივანიშვილის დავალებით, არასრულწლოვანს სახლში ვახტანგ გომელაურმა, ანზორ ჩუბინიძემ, რეპერმა ამიკომ და ვინმე "ფსიქოლოგამ" მიაკითხეს. შემთხვევა 12 წლის წინ მოხდა. ამჟამად მოქმედი მაღალჩინოსნები მოზარდს ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ.

შაბათის ფორმულას მიერ მოპოვებულ მასალაში, მთავარი ფიგურანტები, იმ დროისთვის, ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის პირად გარემოცვას წარმოადგენდნენ. მათ შორის, მოქმედი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც მოზარდებს, Facebook-ზე შექმნილი ყალბი გვერდების მეშვეობით, მკვლელობით ემუქრებოდა.

ვიდეო ჩვენებაში მოზარდი დეტალურად აღწერს ვინ მიუვარდა მას სახლში, რა უთხრეს, რა მოითხოვეს მისგან და როგორ დაარეკვინეს ბერა ივანიშვილთან და ბოდიში მოახდევინეს.

ირაკლი ღარიბაშვილი სკანდალური ჩანაწერების ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია. სატელეფონო საუბრებში ღარიბაშვილი, რომელიც მაშინ ბერას პროდიუსერად მუშაობდა, რეპერს იმაზე ესაუბრება რომ ბავშვს, ტყვიის სროლით დაემუქრა. შაბათის ფორმულას მიერ მოპოვებულ ჩვენებაში, ისმის მოზარდის ნაამბობი, რომელიც პირდაპირი მტკიცებულებაა, რომ ამ მუქარის ავტორი სწორედ ქვეყნის მოქმედი პრემიერია.

"დედას მოგ*****ვთო - ბერას დაურეკეო, თითებს დაგამტვრევ თუ კიდე რამეს მიწერო, სხვამაც რომ მიწეროს, მაინც შენ მოგაკითხავთო", - ამბობს მოზარდი შვენებაში.

15 წლის ბიჭის ვიდეო ჩვენება, რომელიც შაბათის ფორმულამ მოიპოვა, 2 საათს გრძელდება. მოზარდი დეტალურად ჰყვება რა მოხდა მის სახლში, გლდანის ერთ-ერთ კორპუსში, როდესაც შეიარაღებული ვახტანგ გომელაური, ანზორ ჩუბინიძე, რეპერი ამიკო და ვინმე "ფსიქოლოგა" მიადგნენ. მოზარდს საქმე გაურჩიეს, დააშინეს და ბოდიში მოახდევინეს. შინაგან საქმეთა ამჟამინდელი მინისტრი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, და მათი თანმხლები პირები მოზარდის სახლში იმ დროს მივიდნენ, როდესაც ის მარტო იმყოფებოდა.

ვიდეო და აუდიო ჩანაწერები შაბათის ფორმულას ძალოვანი უწყების პოლიციის მოქმედმა თანამშრომელმა გადასცა. აუდიო და ვიდეო ფაილები 2012 წლის დასაწყისით თარიღდება - ანუ ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლამდე მხოლოდ რამდენიმე თვეა დარჩენილი. ბერა ივანიშვილი, როგორც რეპერი საზოგადოებამ უკვე კარგად გაიცნო და ოლიგარქის გეგმებიც დიდი ხანია ცნობილია.

ვიდეო და აუდიო ფაილები, რომელიც შაბათის ფორმულამ მოიპოვა, არასრულწლოვანის დაკითხვას ასახავს, რომელსაც პოლიციის განყოფილებაში მისი მამაც ესწრება. საქმე ანგარიშსწორებას ეხება, როდესაც ბერას ვიდეოს ქვეშ გაკეთებული კომენტარის შემდეგ, რამდენიმე არასრულწლოვანს გაუსწორდნენ; მათ შორის ამ დაკითხვაზე მყოფ არასრულწლოვანსაც.

დაკითხვიდან ჩანს, რომ უკანონოდ შეჭრილმა პირებმა გაჩხრიკეს მოზარდის სახლი, მისი პირადი კომპიუტერი და შეამოწმეს არასრულწლოვანის ყველა მიმოწერა მეგობრებთან, რომ სხვა პირებისთვისაც მიეკვლიათ, ვინც ოლიგარქის შვილს არაკორექტულად მოიხსენიებდა.

შაბათის ფორმულას ხელში არსებული ჩანაწერები დეტალურად აღწერს რა როლი ჰქონდა პირადად ღარიბაშვილს არასრულწლოვანებზე ანგარიშსწორების საქმეში. ჩვენებიდან და აუდიო ფალიებიდან დასტურდება, რომ სანამ ოლიგარქის დაჯგუფება 15 წლის ბიჭს სახლში მიუვარდებოდა, Facebook-გვერდიდან - სახელწოდებით დედის სიმფონია მუქარის შემცველი წერილი გაუგზავნეს და ტყვიის დაჭედებით დაემუქრნენ. ამ გვერდს რომ ირაკლი ღარიბაშვილი პირადად მართავდა და მოზარდს შუბლის გახვრეტით ემუქრებოდა, ქვეყნის ამჟამინდელი პრემიერი ბერასთან მაშინდელ სატელეფონო საუბარში ადასტურებს.

არასრულწლოვანის მონაყოლს შაბათის ფორმულასთან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძეც ადასტურებს, რომელიც ანგარიშსწორების დროს ივანიშვილის დაცვის უფროსი იყო. ჩუბინიძე გლდანში 15 წლის ბიჭის სახლში ყოფნას აღიარებს, მაგრამ ყველაფრის გახსენება არ სურს.

"მე არ მახსოვს რა გვარზეა ლაპარაკი. მე ახსნა-განმარტება გავაკეთე ამ თემაზე იმედთან - არ არსებობს ბუნებაში ადამიანი, ვისზეც მეძალადოს, არც მუქარა", - ამბობს ჩუბინიძე შაბათის ფორმულასთან საუბარში.

ანზორ ჩუბინიძე თანმხლებ პირებს არ ასახელებს, თუმცა ირიბად იმასაც ადასტურებს, რომ საქმის გასარჩევად მოზარდთან მარტო არ ყოფილა.


close დახურვა