logo
ENG



ოცნების დეპუტატ ჩაჩიბაიას, რომელმაც რუსულ კანონს მხარი არ დაუჭირა, მანდატის დატოვება უნდა

19 მარ 202320:41
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/19/qxo2my866av9rkh.png

ქართული ოცნების დეპუტატი ვლადიმერ ჩაჩიბაია, რომელმაც რუსულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა, ამბობს, რომ დეპუტატის მანდატის დატოვება უნდა.

ფორმულას გადაცემა დროებასთან ინტერვიუში ჩაჩიბაიამ თქვა, რომ ეს მისი "დაჟინებული თხოვნაა".

"მე ვფიქრობ, რომ საპარლამენტო ცხოვრებისთვის არ აღმოვჩნდი მზად. იცით, რომ 30 წელი ვიყავი ჯარში. ჩემი პირადი სურვილია, გამოვიდე პარლამენტიდან და ვნახოთ, მაგრამ ამავდროულად მე ვრჩები ჩვენი პარტიის ერთგული წევრი.

ჩემი პირადი სურვილი არის, რომ დავტოვო მანდატი, იმიტომ, რომ მე ვფიქრობ, რომ ალბათ საჯარო სამსახურში ან ნებისმიერ სხვა სამსახურში უფრო მეტად მოვახდენ ჩემი თავის რეალიზებას, ვიდრე საპარლამენტო ცხოვრებაში.

ვფიქრობ, რომ ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნება ჩემი მხრიდან მიღებული, ესეც არ მაძლევს იმის უფლებას და საშუალებას, დავრჩე პარლამენტში, ესეც არის ჩემი გარკვეული შინაგანი გამოძახილი, ხმის არმიცემას ვგულისხმობ", - ამბობს ის.

მისივე განცხადებით, კომუნიკაცია პარტიასთან ჰქონდა, თუმცა ეს საკითხი "დამატებით განხილვას საჭიროებს" და საბოლოო გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, ხვალ მიიღება.

"მანდატს დავტოვებ და გამოვალ პარლამენტიდან, თუმცა საბოლოოდ მაინც პარტიის ხელმძღვანელობასთან გავისაუბრებ, მაგრამ ჩემი პირადი და დაჟინებული თხოვნაა, ეს საკითხი დადებითად გადაწყდეს. მქონდა კომუნიკაციები, ყველამ იცის ჩემი პოზიცია, თუმცა ვნახოთ, არის რაღაც, რაც საჭიროებს დამატებით განხილვას", - თქვა ჩაჩიბაიამ.

რუსულ კანონპროექტის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო ოცნების 4-მა დეპუტატმა: ქეთევან დუმბაძემ, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, ირაკლი მეძმარიაშვილმა და დავით სერგეენკომ. მოგვიანებით დუმბაძემ და მეძმარიაშვილმა თქვეს, რომ ტექნიკური ხარვეზი იყო და კანონპროექტს მხარს უჭერდნენ, სერგეენკომ კი განაცხადა, რომ ამ კანონპროექტს საზოგადოება, აშშ და ევროკავშირი ნეგატიურად აფასებდნენ და მხარიც ამიტომ არ დაუჭირა.


close დახურვა