logo
ENG



რა ქონებას ფლობს განათლების ახალი მინისტრი

20 მარ 202314:55
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/20/ecd3l5m38e4evgk.jpg

ქართული ოცნების უკვე ყოფილმა დეპუტატმა, გიორგი ამილახვარმა მიხეილ ჩხენკელი განათლების მინისტრის პოსტზე შეცვალა. ამილახვარი 1984 წელს მოსკოვშია დაბადებული. მან 2006 წელს დაასრულა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართალმცოდნეობის მიმართულება. 

ბოლო დეკლარაციის მიხედვით, რომელიც მან მიმდინარე წლის თებერვალში შეავსო, ამილახვარს 2006 წელს 145,73 კვ.მ მანსარდა, 132,79 კვ.მ ბინა და 31,9 კვ,მ სარდაფი აჩუქეს.

მან 2018 წელს შეიძინა 3 000 დოლარის ღირებულების არასაცხოვრებელი ფართი, ასევე, 5 000 დოლარის ღირებულების ჰოლი (დამხმარე ფართი), რომლის 25%-იანი წილის მფლობელია. ის არის, ასევე, 2 314 კვ.მ ზომის მიწის ნაკვეთის მფლობელი, რომელიც 2021 წელს 798 000 ლარად იყიდა. გარდა ამისა, ყოფილი დეპუტატის ცოლი, ნინო წერეთელი ფლობს 500 000 ლარის ღირებულების ბინას თბილისში, 10 000 ლარად შეძენილ დამხმარე ფართს და 15 000-ლარიან ორ ავტოფარეხს.

დეკლარაციის თანახმად, ამილახვარი ფლობს 76 000 ევროს ღირებულების ავტომანქანას, ასევე, 25 000 ლარისა და 9 700 ევროს ღირებულების საათებს. 2017 წელს მან 28 000 ლარად შეიძინა 2 ნახატი. რაც შეეხება სამეწარმეო საქმიანობას, ამილახვარი არის კომპანიების, ნიმი 1-ის და ნიმი 2-ის 100%-იანი წილების მფლობელი. ამასთან, ამილახვარმა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე გასულ წელს შემოსავლის სახით 53 501 ლარი მიიღო.

რაც შეეხება სხვა ხარჯებს, ახალი მინისტრის ცოლმა გასულ წელს შვილების განათლებაში 25 000 ლარი, ასევე, 5 900 დოლარი, ხოლო სახლის მშენებლობაში 350 000 ლარი დახარჯა. გიორგი ამილახვარის მოგზაურობის ხარჯებმა 25 000 ლარი შეადგინა, ნინო წერეთლის ხარჯებმა - 30 000 ლარი. დეკლარაციის თანახმად, ყოფილი დეპუტატის ცოლმა ტანსაცმელში 40 000 ლარი დახარჯა.

გიორგი ამილახვარი საზოგადოებას ახსოვს ვაკის პარკის ტრაგედიის შემდეგ გაკეთებული განცხადებით. 13 ოქტომბერს, ვიდრე დენის დარტყმის შედეგად ბავშვის გარდაცვალების შესახებ ცნობილი გახდებოდა, ამილახვარმა განაცხადა, რომ "არასრულწლოვანს რომ უნდა ჰყავდეს მეთვალყურე, ამაზე პასუხისმგებლობას ვის სთხოვ?". მოგვიანებით, მან გაკეთებული კომენტარის გამო ბოდიში მოიხადა.


close დახურვა