logo
ENG



ფორმულას დამფუძნებლის საქმეზე სააპელაციომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

21 მარ 202311:07
3 წუთის საკითხავი
 

ფორმულას დამფუძნებლის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და დავით კეზერაშვილს თავდაცვის სამინისტროსთვის ზიანის ანაზღაურებისთვის 5 060 000 ევრო დააკისრა.

მოსამართლეთა კოლეგიამ დააკმაყოფილა ალექსანდრე ნინუას სააპელაციო საჩივარი. თავდაცვის სამინისტროს ალექსანდრე ნინუას სასარგებლოდ დაეკისრა 5 000 ლარის გადახდა, ნინუას მიერ სააპელაციო საჩივრისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში.

გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში ფორმულას დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის საქმეც მოხვდა. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ თავდაცვის სამინისტროს სარჩელი კეზერაშვილის წინააღმდეგ შეეხება ერთ-ერთ კრიტიკულ ტელეკომპანიასაც, რადგან ფორმულა კეზერაშვილის ერთადერთ აქტივს წარმოადგენს.

2022 წლის 29 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ ფორმულას დამფუძნებელს, დავით კეზერაშვილსა და ალექსანდრე ნინუას თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 5 060 000 ევროს ანაზღაურება დააკისრა. 

ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი.

დავით კეზერაშვილსა და ალექსანდრე ნინუას გენერალური პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფოს დიდი ოდენობით ფულადი თანხების მითვისება/გაფლანგვას ედავებოდა. 

პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხებოდა ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანია GIRWOOD BUSINESS CORP- ის სასარგებლოდ გარკვეული მომსახურების გაწევის მიზნით დიდი ოდენობით თანხის გადარიცხვას, თუმცა სამინისტროს ეს მომსახურება (წვრთნები) არ მიუღია. თუმცა, კეზერაშვილის ადვოკატებს აქვთ მტკიცებულებები, რომლებიც წვრთნების ჩატარებას ადასტურებს - ვიდეო მასალები და მოწმეთა ჩვენებები. 

უზენაესმა სასამართლომ დავით კეზერაშვილის საქმის განხილვა 2021 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 2 დღით ადრე დაიწყო. ამას წინ უძღოდა ირაკლი ღარიბაშვილის მუქარა - "მე რაც წავედი, მერე გაამართლეთ თქვენ ის. ახლა მიხედავენ, როგორც ჩანს". - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა 25 ივნისს პარლამენტში დავით კეზერაშვილის შესახებ. 

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მიყენებული ზიანის ანაზღაურებას მოითხოვა იმ საქმეზე, რომელზეც უზენაესმა სასამართლომ რამდენიმე კვირით ადრე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, კეზერაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა და ამით შეცვალა წინა ორი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი.

მანამდე, ჯერ საქალაქო სასამართლომ, 2017 წელს კი სააპელაციო სასამართლომ დავით კეზერაშვილი აღნიშნულ საქმეზე გაამართლა. მაშინ შალვა თადუმაძე პროკურორი იყო. შემდეგ თადუმაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდა და კეზერაშვილის მიმართ გამამართლებელი განაჩენი შეცვალა. 

საქმე შალვა თადუმაძემ ზეპირი მოსმენის გარეშე, არასამთავრობო სექტორის მიერ "კლანის წევრებად" დასახელებულ ორ მოსამართლესთან - ლევან თევზაძესთან და მერაბ გაბინაშვილთან ერთად განიხილა. 

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ფორმულას დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ წარმოებული დავა ფორმულაზე ზეგავლენის მოხდენას ისახავს მიზნად.


close დახურვა