logo
ENG



განხეთქილება პრორუსულ ალტ-ინფოში - შაბათის ფორმულას ცნობით, დაჯგუფებამ საკუთარ წევრს სცემა

25 მარ 202320:27
3 წუთის საკითხავი
clock 1516

შაბათის ფორმულამ მოიპოვა ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, ასევე წერილობითი მტკიცებულება, რომლის თანახმადაც ძალადობრივ დაჯგუფება ალტ-ინფოს წევრებს შორის ფიზიკური ანგარიშსწორება მოხდა. მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ალტ-ინფოს წევრ ანტონ თამლიანზე თავდასხმა ძალადობრივი დაჯგუფების ლიდერმა და პრორუსული ძალის მთავარმა დამფინანსებელმა - კოკა მორგოშიამ დაუკვეთა.

კადრები, რომელიც შაბათის ფორმულამ მოიპოვა ალტ-ინფოს წევრზე განხორციელებულ ანგარიშსწორებას ასახავს. სათვალთვალო კამერამ სრულად დააფიქსირა როგორ გაუსწორდა 10-მდე პირი მანქანაში მყოფ ანტონ თამლიანს. კერძოდ, ჩანაწერში ისმის ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ხმა, ძალადობრივი დაჯგუფების წევრებმა თამლიანს გზა ორი მიმართულებიდან გადაუკეტეს, ჩაამსხვრიეს ავტომობილის მინები და ალტ-ინფოს წევრი ბიტებით და ბლაგვით საგნით სცემეს. ამის შემდეგ თავდამსხმელები ადგილიდან ავტომობილებით მიიმალნენ.

ანტონ, იგივე ტატო თამლიანი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი და ამავე ქალაქში რადიკალური პარტიის, ალტ-ინფოს ერთ-ერთი დამფუძნებელია. შაბათის ფორმულას წყაროს თქმით, თავდასხმის მოტივი თამლიანის მიერ ალტ-ინფოს დახურულ ჯგუფში გაგზავნილი ხმოვანი შეტყობინება გახდა. თამლიანმა ხმოვანი შეტყობინება დახურულ ჯგუფში მასზე განხორციელებულ თავდასხმამდე 5 დღით ადრე გააგზავნა, მისი ბრალდებების ადრესატი ალტ-ინფოს დამფუძნებელი და ლიდერი კოკა მორგოშიაა.

როგორც ჩანს, სწორედ ამ შეტყობინების შემდეგ დაიგეგმა ანტონ თამლიანზე თავდასხმა, თუმცა შაბათის ფორმულას წყარო ალტ-ინფოდან ამბობს, რომ სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა საქმეში კრიმინალური ავტორიტეტების ჩარევამ. 7 მარტს ჯვრის მონასტრის ეზოში კოკა მორგოშიამ და პარტიის კიდევ რამდენიმე ლიდერმა თამლიანის ბრალდებები ტელეფონთ კრიმინალურ ავტორიტეტებთან - მერაბ ჯანგველაძესთან და თენგო გურჩიანთან ერთად გაარჩიეს. ტარიელ ონიანის მარჯვენა ხელი - მერაბ ჯანგველაძე ყველზე გავლენიან კანონიერ ქურდთა რიცხვში შედის.

ჯვრის მონასტრის ეზოში მომხდარი გარჩევიდან 3 დღის შემდეგ 10-მდე პირი თამლიანს ფიზიკურად გაუსწორდა. ანტონ თამლიანი ამ დრომდე კლინიკაში რჩება, მას ჩამსხვრეული აქვს ნეკნები და სახის ძვლები.

ღამის 2 საათზე, შენგელიას ქუჩაზე მომხდარი ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ პოლიციაში შეტყობინება ერთ-ერთი თვითმხილველის მიერ შევიდა, მალევე დაიწყო გამოძიება, თუმცა ამ დრომდე გამოძიებას იდენტიფიცირებული არავინ ჰყავს. ამასთან, საქმის მასალებში პირდაპირი მტკიცებულება არსებობს - კამერის ჩანაწერი, საიდანაც შესაძლებელია იმ ავტომობილების იდენტიფიცირება, რომლითაც თავდამსხმელები გადაადგილდებოდნენ.

შაბათის ფორმულას წყარო უყვება, რომ თავდასხმის მონაწილეები ალტ-ინფოს წევრები არიან, მათ შორის ძმები გიგანები, კახა ელიზბარაშვილი, გიორგი გოგია და ზურა კობახიძე, ხოლო ანგარიშსწორება კოკა მორგოშიამ, ზურა მახარაძემ და ძმებმა მარტინენკოებმა დაგეგმეს.

ალტ-ინფოს ლიდერი კოკა მორგოშია არ უარყოფს, რომ თამლიანს იცნობს, თუმცა მისი თქმით, მან პარტია რამდენიმე თვის წინ დატოვა და ამის შემდეგ კომუნიკაციაც შეწყვიტეს. მორგოშია ამბობს, რომ თავდასხმის შესახებ პირველად, ჩვენგან გაიგო.

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, განხეთქილება პროპუტინისტურ პარტიაში მხოლოდ რიგით წევრებს შორის არ არის. წყარო გვიყვება, რომ ალტ-ინფოს საბოლოოდ დატოვების გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს ზურაბ მახარაძეს, რომელსაც დაპირისპირება ამავე პარტიის ლიდერთან კოკა მორგოშიასთან აქვს. მახარაძე კატეგორიულად არ უარყოფს პარტიის დატოვების გეგმას. ის ამბობს, რომ ახლა ალტ-ინფოს ტელევიზიაზეა გადართული. შეეწირება თუ არა შიდაპარტიულ დაპირისპირებას ზურა მახარაძე ამას უახლოეს მომავალში ვნახავთ - ფაქტია, მან ალტ-ინფოდან დისტანცირების შესახებ აქამდე საჯაროდაც განაცხადა.


close დახურვა