ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი შალვა კეკელია ამბობს, რომ ახალგაზრდა ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა წესს ვერ აუგებენ, რადგან ბიბლიურ თავისუფლებაში იყო გაწევრიანებული.
ფეისბუქლაივში ის ყვება, რომ ხშირია შემთხვევა, როცა ოჯახები წესის აგებაზე მიმართავენ, გარდაცვლილი კი ბიბლიურ თავისუფლებაშია, ამის გამო ეკლესია მათ უარს ეუბნება.
"რამდენიმე წუთის წინ ვიყავი ოჯახში, სადაც საოცარი ადამიანი გარდაიცვალა, რომელსაც ჰყავს მეუღლე, 8 თვის ფეხმძიმე, 1 თვეში შვილი ეყოლებათ და ეს ადამიანი გარდაიცვალა. ჩვენდა სამწუხაროდ, ეს ადამიანი იყო გაწევრიანებული გირჩის ბიბლიურ თავისუფლებაში და ზუსტად ვიცით, საპატრიარქომაც რამდენჯერმე გააკეთა განცხადება, რომ ჩვენ უფლება არ გვაქვს, ის ადამიანები, რომლებიც არიან ამ საშინელ სექტაში გაწევრიანებული, მათზე ღვთის მსახურება ჩატარდეს", - თქვა მან.
კეკელია გირჩის წევრებს მოღალატეს ეძახის და ყველას მოუწოდებს, არ გაწევრიანდნენ ბიბლიურ თავისუფლებაში. ის რამდენჯერმე იმეორებს, რომ ვინც გირჩშია, "ვერანაირ საეკლესიო მსახურებას ვერ მიიღებს".