logo
ENG



TDI ნაკაიძეზე: მმართველი პარტიის დეპუტატების ძალადობა მიზანმიმართულად აქეზებს სიძულვილს

27 მარ 202314:52
3 წუთის საკითხავი
 
TDI ნაკაიძეზე: მმართველი პარტიის დეპუტატების ძალადობა მიზანმიმართულად აქეზებს სიძულვილს

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი მმართველი პარტიისა და ე.წ. ხალხის ძალის დეპუტატების მხრიდან პარლამენტის წევრ ტარიელ ნაკაიძეზე თავდასხმას გმობს.

TDI ამას მიზანმიმართულ და ორკესტრირებულ შეტევას უწოდებს და აცხადებს, რომ ნაკაიძის მიმართ მმართველი პარტიის დეპუტატების სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობა მიზანმიმართულად აქეზებს სიძულვილსა და ძალადობას.

ორგანიზაციის შეფასებით, ეს მიმართულია არამხოლოდ დეპუტატის, არამედ ყველა იმ დისკრიმინირებული ადამიანის წინააღმდეგ, რომელთა უფლებებს ის წლებია პრინციპულად იცავს.

"ტარიელ ნაკაიძე წლებია, იცავს და იბრძვის რელიგიის თავისუფლების, თანასწორობის, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების უფლებების დასაცავად. იგი გაბედულად საუბრობს არა მხოლოდ მუსლიმი თემის, არამედ ყველა ჩაგრული ადამიანის და ჯგუფის უფლებების შესახებ. დღესაც ტარიელ ნაკაიძე, დეპუტატის რანგში, ხშირად საუბრობს ქვეყანაში სხვადასხვა დისკრიმინირებული ჯგუფის სახელით, დგას რელიგიისა და რწმენის თავისუფლების, ზოგადად, ადამიანის უფლებების დაცვის სადარაჯოზე.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში მუსლიმები წლების განმავლობაში სისტემურ დისკრიმინაციის წინაშე დგანან და დევნას განიცდიან, მათ ხშირად ეზღუდებათ რელიგიისა და რწმენის თავისუფლება. სახელმწიფო მათ საჭიროებებს არა უფლებათა დაცვის, არამედ მოჩვენებითი უსაფრთხოების კონტექსტში განიხილავს. სახელმწიფოს ამგვარი პოლიტიკა იწვევს საზოგადოებრივი ჯგუფების გარიყვას, უნდობლობას, აღრმავებს დისკრიმინაციას და აზიანებს ტოლერანტული გარემოს", - ნათქვამია განცხადებაში.

მათი განცხადებით, ხელისუფლების მიერ უფლებადამცველების, განსხვავებული რელიგიისა თუ უმცირესობის ჯგუფის წარმომადგენლების დისკრედიტაცია და "აგენტებთან" გაიგივება, აღვივებს შუღლს, აქეზებს ძალადობას და მიზანმიმართულად აშორებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციისგან.

***

22 მარტს ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ ტარიელ ნაკაიძეს მიკროფონი ჩაარტყა. ვიქტორ ჯაფარის გაღიზიანება სიტყვა აგენტმა გამოიწვია, რის შემდეგაც ის თავს დეპუტატ ნაკაიძეს დაესხა და სიტყვიერად სხვა ოპოზიციონერ კანონმდებლებს დაუპირისპირდა.

პარლამენტში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა ქართული ოცნების თავმჯდომარე და ტარიელ ნაკაიძეს "მძიმე რეპუტაციის მქონე კაცი" უწოდა.

ფორმულას ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს სთხოვა განემარტა, რას ნიშნავს "მძიმე რეპუტაციის მქონე კაცი", რაზეც კობახიძემ უპასუხა: "არ მინდა და არ განვმარტავ".

აღსანიშნავია, რომ ამ განცხადებებზე შეფასება არ გაუკეთებია სახალხო დამცველს. ლევან იოსელიანმა ნაკაიძესთან დაკავშირებით შეკითხვას არ უპასუხა.


close დახურვა