logo
ENG



წულუკიანი სამხარაძეზე: ისეთი რეფორმები გავატარეთ, ქალი კბილებამდე შეიარაღებულია

27 მარ 202315:18
3 წუთის საკითხავი
clock 592
წულუკიანი სამხარაძეზე: ისეთი რეფორმები გავატარეთ, ქალი კბილებამდე შეიარაღებულია

კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის მტკიცებით, "ქართულმა ოცნებამ გაატარა ისეთი რეფორმები, რომ კანონით დღეს, საქართველოში ქალი კბილებამდე შეიარაღებულია". ამით წულუკიანი თათია სამხარაძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

წულუკიანის თქმით, "არ იცნობს თათია სამხარაძეს, არ აქვს თემაზე ინფორმაცია", თუმცა იმედს გამოთქვამს, რომ დარღვევის შემთხვევაში, "ის შეძლებს უფლებების დაცვას".

"არ ვიცი რაზე მესაუბრებით, არ ვიცნობ ამ ქალბატონს, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის და რას წარმოადგენს. მე ვარ, სწორედ აღნიშნეთ და სავსებით სამართლიანად, ის ქალი მინისტრი, ვინც 2014 წლის 19 ივნისს სტრასბურგში ხელი მოვაწერე ისეთ ფუძემდებლურ დოკუმენტს ქალთა უფლებების დაცვის სფეროში, რომელსაც ჰქვია სტამბულის კონვენცია და შემდეგ, იუსტიციის მინისტრობისას, ფუნდამენტურ რეფორმას ჩავუდექი სათავეში და ოცნების ხელისუფლებამ რატიფიკაცია გააკეთა ქალთა და გოგონების უფლებებისთვის ამ კონვენციის პარლამენტში, მოხდა რატიფიცირება.

შესაბამისად, არ შეიძლება მე მქონდეს, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცნობ სიტუაციას, რაზეც მესაუბრებით, განსხვავებული პოზიცია, გარდა იმისა, რომ ქალის უფლებები უნდა იყოს დაცული. ამისთვის, ვინც არ უნდა იყოს ის, ჩვენ ისეთი რეფორმები გავატარეთ, რომ კანონით დღეს, ქალი ჩვენს ქვეყანაში არის ბოლომდე კი არა, კბილებამდე შეიარაღებული, რომ თავისი უფლებები დაიცვას. იმედი მაქვს, თუ მისი უფლებები დაირღვა, ის ამას შეძლებს", - თქვა წულუკიანმა.

26 მარტს თათია სამხარაძემ Facebook-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ამბობს, რომ სამთავრობო პროპაგანდისტული POSTV იტყუება, თითქოს ის დიმა ჩიქოვანის სახლიდან ვერ გამოდის, რადგან ჩალურჯებები აქვს. სამხარაძემ ამის საპირისპიროდ ვიდეო სახლიდან ჩაწერა, რომელშიც ჩანს, რომ დაზიანებები არ აქვს.

112-ში პროპაგანდისტული ტელევიზიის POSTV-ის მიერ განხორციელებული ცრუ შეტყობინების გამო 24 მარტს გვიან ღამით ნაციონალური მოძრაობის წევრის დიმა ჩიქოვანის საცხოვრებელ სახლში პოლიცია მივიდა და საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა.

უწყებაში POSTV-ის პროპაგანდისტმა, ნათია ბერიძემ დარეკა და განაცხადა, რომ ჩიქოვანმა, სავარაუდოდ, თათია სამხარაძე გაიტაცა. პოლიციელებმა დანაშაული ვერ დაადგინეს - ენმ-ის გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ ეს იყო ცრუ დასმენა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, დიმა ჩიქოვანის მიმართ მოწყობილი შეგნებული პროვოკაცია.

მომხდარის შესახებ თათია სამხარაძემ განაცხადა, რომ საგამოძიებო უწყებები პოსტივისთან ერთად "ჰიბრიდულ სპეცოპერაციებს დგამენ და ცრუ დასმენით, თითქოს მე გატაცებული ვიყო სახლში უვარდებიან ოპოზიციური პარტიის წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს. აი ასე, პროვოკაციულად უდანაშაულო ადამინს აბრალებენ სისხლის სამართლის უმძიმეს დანაშაულს."

სამხარაძის თქმით, მისი უსაფრთხოება, როგორც ქალთა უფლებადამცველის, საქართველოში საფრთხეშია.

თათია სამხარაძე ერთ-ერთია, ვინც POSTV-ის ხელმძღვანელი, შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა. მან რამიშვილს ტელეკომპანია იმედში ყოფნის დროს, 2016 წელს უჩივლა. 2018 წლის 3 იანვარს შალვა რამიშვილს სექსუალური შევიწროების საქმეზე საქალაქო სასამართლომ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. რამიშვილმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა მოსამართლემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ორი ინსტანციის გადაწყვეტილება რამიშვილს უზენაეს სასამართლოში აღარ გაუსაჩივრებია.

ბოლო დღეების განმავლობაში რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში კიდევ რამდენიმე ქალმა ამხილა. მათი ისტორიები მსგავსია. როგორც ქალები ამბობენ, ისინი გასაუბრების დროს შეავიწროვეს. სექსუალური შევიწროების ბრალდებებს უარყოფს შალვა რამიშვილი.


close დახურვა