logo
ENG



სამხარაძე: ვშიშობ, ჩემი უსაფრთხოება, როგორც ქალთა უფლებადამცველის, საქართველოში საფრთხეშია

25 მარ 202316:10
3 წუთის საკითხავი
clock 851
2023/03/25/flo16bzxcvyyvzo.jpg

თათია სამხარაძე მის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიასა და POSTV-ის მიერ გუშინ მოწყობილ პროვოკაციას ეხმაურება.

სამხარაძის თქმით, მისი უსაფრთხოება, როგორც ქალთა უფლებადამცველის, საქართველოში საფრთხეშია.

"ვინც ფორმულას ანონსი ნახეთ ყველამ იცით, რომ დღეს საღამოს, ექსკლუზიურად მოპოვებულ სექსუალური შევიწროვების ჩანაწერს გამოაქვეყნებენ, რომელიც ყოჩაღმა ანანია გაჩეჩილაძემ ჩაწერა, რათა კიდევ ერთხელ ეჩვენებინა შალვა რამიშვილის მოძალადე სახე! მადლობა, ანანიას ასეთი გამბედაობისთვის. 

ფართო საზოგადოება კიდევ ერთ მტკიცებულებას მოისმენს დღეს, რომ შალვა რამიშვილი ნამდვილად არის სექსუალურად მოძალადე, სასამართლოში ორჯერ გამტყუნებულო მანიაკი. მის "კასტინგებზე" ასობით ქალი მაინც არის ნამყოფი, რომელმაც სხვადასხვა ინტენსივობის სექსუალური ძალადობა განიცადა. ვიცი, რომ ბევრი სოციო-პოლიტიკური მიზეზით ისინი ხმამაღლა საუბარს ვერ ბედავენ. ჩემი სტატუსის მიზანი, რომლითაც მე ახალგაზრდებს მივმართე, სწორედ სხვა ქალების დაცვა და გაფრთხილება იყო, რომ შალვა რამიშვილს სათოფეზე არ უნდა გაეკაროთ თქვენ და თქვენი შვილები.

სამწუხაროდ, იმის მაგივრად რომ საგამოძიებო უწყებები სერიოზულად ინტერესდებოდნენ ამ სერიული დანაშაულებებით, რომელსაც წლებია ჩადის შალვა რამიშვილი ქალების წინააღმდეგ, პოსტივისთან ერთად ჰიბრიდულ სპეცოპერაციებს დგამენ და ცრუ დასმენით, თითქოს მე გატაცებული ვიყო სახლში უვარდებიან ოპოზიციური პარტიის წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს. აი ასე, პროვოკაციულად უდანაშაულო ადამინს აბრალებენ სისხლის სამართლის უმძიმეს დანაშაულს.

მივმართავ ქართულ ოცნებას, თქვენ სახეს დღეს წარმოადგენს შანტაჟისტი სექსუალური მანიაკი. ხოლო თქვენი უსაფრთხოების სამსახურები უნისონში მოქმედებენ პოსტივის ჟურნალიატებთან ერთად, რათა შეაშინონ და გააჩუმონ მსხვერპლი ქალები.

სიმართლე მარტივია: პოლიტ-ტექნოლოგიური სპეცოპერაციით, პოსტივი ცდილობს პოლიტიკური აჯაფსანდლის მოწყობას და კონსპირაციებით ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, თითქოს ქალთა ხმები საკუთარი უფლებების დასაცავად ორკესტრირებული და დაფინანსებული იყოს დავით კეზერაშვილის მიერ.

მე მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ არც ერთ ეტაპზე ჩემი ცხოვრებისა მე არ ვყოფილვარ ქალების უფლებებით და ტრავმებით მოვაჭრე. ჩემი ასეთი ბინძური მეთოდებით დისკრედიტაცია არის ცილისწამების უმახინჯესი პრაქტიკა. მსურს დავიცვა ჩემი პატივი და ღირსება, თუმცა არ ვენდობი ქართული ოცნების სამართალაღსრულების არც ერთ შტოს, რომელიც სიამის ტყუპივით არის შეზრდილი რუსული ხელისუფლების მანკიერ ინტერესებთან — დაამყაროს ქვეყანაში დიქტატურა. განვითარებული მოვლენების გაანალიზების შედეგად ვგრძნობ და ვშიშობ, რომ ჩემი უსაფრთხოება, როგორც ქალთა უფლებადამცველი აქტივისტისა საქართველოში საფრთხეშია.

პ.ს. ძვირფასო მედიებო, ამ ეტაპზე გავდივარ კონსულტაციებს ჩემს ადვოკატებთან შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით. სანამ ყველა დეტალს არ გავივლი, მანამდე ვერანაირ კომენტარს ამ თემაზე ვერ გავაკეთებ. დამატებით დეტალებს აუცილებლად გაგაგებინეთ უახლოეს დღეებში.

მანამდე ყველას გთხოვთ, მხარი დაუჭირეთ ქალ მსხვერპლებს და მოუყევით ყველას ვისაც იცნობთ, თუ რა ჯოჯოხეთის გავლა უწევთ ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში ქალ მსხვერპლებსა თუ აქტივისტებს", - წერს სამხარაძე.

112-ში პროპაგანდისტული ტელევიზიის, POSTV-ის მიერ განხორციელებული ცრუ შეტყობინების გამო გუშინ, გვიან ღამით ნაციონალური მოძრაობის წევრის, დიმა ჩიქოვანის საცხოვრებელ სახლში პოლიცია მივიდა და საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა.

უწყებაში POSTV-ის პროპაგანდისტმა, ნათია ბერიძემ დარეკა და განაცხადა, რომ ჩიქოვანმა, სავარაუდოდ, თათია სამხარაძე გაიტაცა. პოლიციელებმა დანაშაული ვერ დაადგინეს - ენმ-ის გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ ეს იყო ცრუ დასმენა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, დიმა ჩიქოვანის მიმართ მოწყობილი შეგნებული პროვოკაცია.

თათია სამხარაძე ერთ-ერთია, ვინც POSTV-ის ხელმძღვანელი, შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა. მან რამიშვილს ტელეკომპანია იმედში ყოფნის დროს, 2016 წელს უჩივლა. 2018 წლის 3 იანვარს შალვა რამიშვილს სექსუალური შევიწროების საქმეზე საქალაქო სასამართლომ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. რამიშვილმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა მოსამართლემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ორი ინსტანციის გადაწყვეტილება რამიშვილს უზენაეს სასამართლოში აღარ გაუსაჩივრებია.

ბოლო დღეების განმავლობაში რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში კიდევ რამდენიმე ქალმა ამხილა. მათი ისტორიები მსგავსია. როგორც ქალები ამბობენ, ისინი გასაუბრების დროს შეავიწროვეს. სექსუალური შევიწროების ბრალდებებს უარყოფს შალვა რამიშვილი.


close დახურვა