logo
ENG



ზურაბიშვილი: ხელისუფლება ძალადობას არ ემიჯნება, მოძალადეს აგულიანებს - გრცხვენოდეთ!

27 მარ 202318:01
3 წუთის საკითხავი
clock 1050
ზურაბიშვილი: ხელისუფლება ძალადობას არ ემიჯნება, მოძალადეს აგულიანებს - გრცხვენოდეთ!

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბოლო დღეებში POSTV-ის პროპაგანდისტების მიერ ქალების მიმართ აგორებულ კამპანიას ეხმაურება და აცხადებს, რომ შექმნილი მდგომარეობა შემაშფოთებელია.

პრეზიდენტი ხელისუფლებას აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ ხელისუფლება ძალადობისგან გამიჯვნის ნაცვლად, მოძალადეს აგულიანებს.

"შემაშფოთებელია ჩვენს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა ქალზე ძალადობისა და კიდევ უფრო, ამის სხვადასხვა ფორმით გამართლებისა. გაუმართლებელს ამართლებენ თავიანთი სამარცხვინო ქილიკით, რაც ხუმრობა ჰგონიათ, ქალებიც, რომლებსაც საზოგადოებრივი სახეზე პრეტენზია გააჩნიათ. ასეთი არაცივილური, არასაზოგადოებრივი, არასოლიდარული მიდგომა ჩემთვის გაუგებარია ადამიანურად, მორალურად, მითუმეტეს, როცა ვიცით, რომ რაც იწყება სიტყვიერი ძალადობით, ხშირად ფიზიკურით გრძელდება და რიგ შემთხვევებში, ფემიციდის ტრაგიკული შემთხვევითაც სრულდება. ყოველივე შევიწროებას, თავდასხმას, სიტყვიერ თუ ფიზიკურს, ვგმობ კატეგორიულად. ვგმობ პირველ რიგში, როგორც ქალი და ვგმობ, როგორც პრეზიდენტი. ვგმობ იმას, რასაც ჩვენ კულტურასთან, ჩვენს ტრადიციებთან, ჩვენს ზრდილობასთან არანაირი კავშირი არ გააჩნია და რამაც შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ რეპუტაციული ზიანი მიაყენოს საქართველოს, რომლის ისტორიას იცნობდნენ და იცნობენ კიდევ, იმედი მაქვს, როგორც ძლიერი ქალების ქვეყანას, ქვეყანას, სადაც ქალთა მიმართ არც პატივისცემას აკლებდნენ და არც ზრდილობას. ჩვენი ისტორიისა და რეპუტაციის შელახვას თან ახლავ პოლიტიკური ზიანიც. იმ დროს, როცა ხელისუფლება თავს აწონებს სწორედ 12 რეკომენდაციებიდან იმ ნაწილების შესრულებით, რომელიც ეხება ქალთა უფლებებს და გენდერს, გამოდის, რომ ერთი ხელით ვაუქმებთ მეორეთი ქაღალდზე დატანილს. მეტიც, ხელისუფლება ძალადობას კი არ ემიჯნება, თუნდაც სიტყვიერად, პირიქით, მოძალადეს აგულიანებს და მსხვერპლს ამით განმეორებით ეძალადება, ეს ჩვენს ქვეყანას არ ეკადრება. უნდა გრცხვენოდეთ!"- განაცხადა მან ბრიფინგზე. 

112-ში პროპაგანდისტული ტელევიზიის, POSTV-ის მიერ განხორციელებული ცრუ შეტყობინების გამო 24 მარტს, გვიან ღამით ნაციონალური მოძრაობის წევრის, დიმა ჩიქოვანის საცხოვრებელ სახლში პოლიცია მივიდა და საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა.

უწყებაში POSTV-ის პროპაგანდისტმა, ნათია ბერიძემ დარეკა და განაცხადა, რომ ჩიქოვანმა, სავარაუდოდ, თათია სამხარაძე გაიტაცა. 

პოლიციელებმა დანაშაული ვერ დაადგინეს - ენმ-ის გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ ეს იყო ცრუ დასმენა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, დიმა ჩიქოვანის მიმართ მოწყობილი შეგნებული პროვოკაცია.

27 მარტს თათია სამხარაძემ თქვა, რომ ამ დრომდე მის სახლთან იმყოფება სამთავრობო პროპაგანდისტული POSTV-ის გადამღები ჯგუფი და საქართველოს პრეზიენტს დახმარება სთხოვა.

"ხალხო, როდემდე უნდა მამყოფონ ამ ტყვეობაში?

ქალბატონო პრეზიდენტო, დამეხმარეთ, რეალითი შოუდ აქციეს ჩემი განადგურება!" - თქვა სამხარაძემ.

თათია სამხარაძე ერთ-ერთია, ვინც POSTV-ის ხელმძღვანელი, შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა. მან რამიშვილს ტელეკომპანია იმედში ყოფნის დროს, 2016 წელს უჩივლა.

2018 წლის 3 იანვარს შალვა რამიშვილს სექსუალური შევიწროების საქმეზე საქალაქო სასამართლომ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. 

რამიშვილმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა მოსამართლემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ორი ინსტანციის გადაწყვეტილება რამიშვილს უზენაეს სასამართლოში აღარ გაუსაჩივრებია.

ბოლო დღეების განმავლობაში რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში კიდევ რამდენიმე ქალმა ამხილა. მათი ისტორიები მსგავსია. როგორც ქალები ამბობენ, ისინი გასაუბრების დროს შეავიწროვეს. სექსუალური შევიწროების ბრალდებებს უარყოფს შალვა რამიშვილი.


close დახურვა