logo
ENG



ლაზარე გრიგორიადისის საქმე - ხელისუფლების შურისძიება

31 მარ 202320:55
3 წუთის საკითხავი
 
ლაზარე გრიგორიადისის საქმე - ხელისუფლების შურისძიება

თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მარტს პატიმრობა შეუფარდა 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც 7-9 მარტის აქციების დროს პოლიციელებისთვის ქვებისა და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების სროლას ედავება.

ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე ის ოპოზიციას დაუკავშირეს, სოციალურ ქსელებში გრიგორიადისის დისკრედიტაციაც დაიწყეს, ქართული ოცნებისგან ანალოგიური ხასიათის განცხადებების პარალელურად.

ბევრი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ლაზარე გრიგორიადისი პოლიტიკური მართლმსაჯულების სამიზნედ გამიზნულად აირჩია და სწორედ ამ საქმით დაიწყება 7-9 მარტის აქციებში მონაწილეთა მიმართ რეპრესიები.

რას ედავებიან გრიგორიადისს?

ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს. პროკურატურის მტკიცებით, 7 მარტს ბრალდებულმა 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, ორჯერ ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი. გარდა ამისა, ბრალდების მხარე აცხადებს, რომ გრიგორიადისმა 9 მარტს ჭანტურიას ქუჩაზე ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

დაკავებულს ბრალი 30 მარტს წარუდგინეს. მას სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) ედავებიან. სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, გრიგორიადისს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დაკავების შესახებ გავრცელებულ განცხადებაში შსს-მ მიუთითა, რომ გრიგორიადისი პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის სახდელდადებული. როგორც მოგვიანებით გაირკვა, იგი 2020 წლის ნოემბერში ცესკოსთან აქციების დროს დააკავეს, სადაც არჩევნების გაყალბებას აპროტესტებდნენ.

გარდა ამისა, მითითებული იყო, რომ გრიგორიადისი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე და 11 პრიმა 187-ე მუხლებით ბრალდებულის სახით პასუხისგებაში იყო მიცემული.

რა მოხდა სასამართლოზე

პროკურატურამ ლაზარე გრიგორიადისისთვის პატიმრობის შეფარდება მოითხოვა. დაცვის მხარემ კი 10 ათასი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა და აღნიშნავდა, რომ ბრალდების მხარის პოზიცია არგუმენტს მოკლებულია, რადგანაც დაკავებული თავს არ არიდებს გამოძიებას და არც მიმალვას გეგმავს.

ადვოკატების პოზიციას იზიარებდა თავად ლაზარე გრიგორიადისიც, თუმცა სასამართლოზე მან აღნიშნა, რომ დუმილის უფლებას გამოიყენებდა.

ადვოკატების პოზიციას იზიარებდა თავად ლაზარე გრიგორიადისიც, თუმცა სასამართლოზე მან აღნიშნა, რომ დუმილის უფლებას გამოიყენებდა.


"ამჯერად მინდა, დუმილის უფლება გამოვიყენო, გავიარო ადვოკატებთან და თავიდან მივცე ჩვენება. ეს იქნება ჩემი პოზიცია ამჯერად", - თქვა 21 წლის ლაზარემ.

მოსამართლემ გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას დარბაზში ხმაური, შეძახილები და დაპირისპირება მოყვა.

პროცესის პარალელურად სასამართლოს ეზოში საპროტესტო აქცია გაიმართა. იქ შეკრებილები აცხადებდნენ, რომ ეს არის რეპრესიების დასაწყისი იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც რუსულ კანონს აპროტესტებდა.

სხდომის დასრულების შემდეგ ლაზარეს ბაბუამ, გია კალანდაძემ აღნიშნა, რომ შვილიშვილის გათავისუფლების იმედი ჰქონდა:

"სადღაც გულის სიღრმეში მეგონა, რომ გირაოს გამოიყენებდნენ. სადღაც შორს - გულის სიღრმეში, მაგრამ... ნახეთ რაც ხდებოდა. ლაზარეს ვეტყოდი გამაგრდეს. ვაჟკაცი ბიჭია".

დისკრედიტაციის კამპანია

მას შემდეგ რაც დაკავების შესახებ გახდა ცნობილი, პროსახელისუფლებლო ტელეკომპანია POSTV-იმ გრიგორიადისის ფოტო გამოაქვეყნა აღწერით "წარსულში მამის მიმართ ძალადობაზე ნასამართლევი, ხოშტარიას პარტიის წევრი".

დროასთან გრიგორიადისის რაიმე კავშირს უარყოფენ პარტიაში და აცხადებენ, რომ არც პირადად იცნობენ, თუმცა ყველაფერს იზამენ, რომ მისი უფლებები დაიცვან.

მოგვინებით ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი, გავრცელებულ ინფორმაციას ფეისბუქზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი შვილის გაშავების პროცესი მიმდინარეობს.

"დადის ჭორი და მიდის ჩემს შვილს ლაზარე გრიგორიადისის გაშავების პროცესი, თითქოსდა მე და ჩემს შვილს გვაქვს კონფლიქტი და არ გვაქვს კარგი ურთიერთობები. სანამ ვინმეს შვილს რამეში დაადანაშაულებთ, გირჩევთ გაარკვიოთ და მერე წერეთ და იკითხეთ, და საერთოდ იქნებ მე ვარ უარგისი მამა.... რატომ უფუჭებთ ბავშვს მომავალს, რატომ ტლიკინებთ იქ სადაც არ გეხებათ, ლაზარე არის ახალი თაობის წარმომადგენელი და ის ფიქრობს თავისებურად, მე ვაფასებ ყველა ახალგაზრდა ადამიანის უფლებებს და სოცმხედველობას. მინდა შევახსენო მთავრობას, ნუ გადაიმტერებთ ახალგაზრდა თაობას. ჩემი მოთხოვნაა, (თავისუფლება ყველა უკანონოდ დაკავებულ ადამიანს)", - დაწერა ბექა გრიგორიადისმა.

მამამ შვილთან ურთიერთობაზე ისაუბრა რადიო თავისუფლებასთანაც და თქვა, რომ წარსულში "პატარა ოჯახური შელაპარაკება" ჰქონდათ, თუმცა საკითხი ამოწურულია.

"ორიენტაციარეული" - ოცნების ახალი მესიჯბოქსი

7-9 მარტის აქციებზე, სადაც უცხოური აგენტების შესახებ რუსულ კანონპროექტს აკრიტიკებდნენ, განსაკუთრებით აქტიურობდნენ ახალგაზრდები. სოციალურ ქსელებში ელვის სისწრაფით ვრცელდებოდა ახალგაზრდების ვიდეოები და ფოტოები, რომლებიც წყლის ჭავლს, ცრემლმდენ გაზსა და წიწაკის სპრეის უპირისპირდებოდნენ.

კანონის უკან გაწვევის პარალელურად ქართულმა ოცნებამ ახალი თაობის დისკრედიტაცია დაიწყო. პრემიერმინისტრმა რამდენჯერმე გააჟღერა ბრალდებები "ფრანკლინის კლუბის" წინააღმდეგ. ირაკლი ღარიბაშვილმა აქციებზე მყოფ ახალგაზრდებს "სატანისტებიც" უწოდა, თუმცა შემდეგ პარლამენტში მისვლისას დააზუსტა, რომ სუბარი "4-5 ახალგაზრდაზე" ჰქონდა. გამოყენებული იყო სიტყვები "ანარქისტები" და "ექსტრემისტებიც".

ქართულმა ოცნებამ დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი ოპოზიციას დაუკავშირა. მაგალითად, შალვა რამიშვილის საქმეზე, როდესაც მმართველი პარტიის წევრები მტკიცებულებების აუცილებლობაზე საუბრობენ, ახალგაზრდა აქტივისტის შემთხვევაში ირაკლი კობახიძემ პირდაპირი მისი დადანაშაულება დაიწყო.

ქართული ოცნების თავმჯდომარემ ლაზარე გრიგორიადისს რამდენჯერმე უწოდა "ორიენტაციაარეული".

"ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ მოძალადე ახალგაზრდები პირდაპირ დაკავშირებულები იყვნენ რადიკალურ ოპოზიციასთან, ამ შემთხვევაში ეს კონკრეტული მოძალადე ახალგაზრდა დაკავშირებული იყო ბოლშევიკურ ტროიკასთან, ეს არის ვაშაძე-გირჩი-ხოშტარიას სამეული.

ამ ადამიანს აქვს ყველანაირი ორიენტაცია არეული და ეს არის რეალობა, ბევრ რამეს ვგულისხმობ, ყველანაირი ორიენტაცია აქვს არეული. ყველანაირი ორიენტაცია არის საინტერესო, როცა შეიძლება, არსებობდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ამ ორიენტაციასა და პირის ქმედებებს შორის", - თქვა მან.

ოჯახის წევრების თქმით, ლაზარე არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ არის დაკავშირებული და ქუჩაშიც მხოლოდ იმის გამო გადიოდა, რომ უსამართლობას ვერ იტანდა.

"ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი ჩემი შვილის პოლიტპატიმრის სტატუსს, არადა არცერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი არ არის და არც ყოფილა, ყოველთვის გადიოდა აქციაზე იმის მერე როცა დაინახავდა რობოკოპების ძალის გადამეტებას, უბრალოდ ვერ იტანს უსამართლობას, ამის გამო ბავშვს უმწარებთ ცხოვრებას?" - დაწერა ბექა გრიგორიადისმა სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ.

გრიგორიადისის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას გამოეხმაურნენ ოპოზიციასა და სამოქალაქო სექტორშიც.

მოძრაობა სირცხვილიას მიაჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გრიგორიადისი წინააღმდეგ წარმოებული კამპანიით ჩანს, რომ „ხელისუფლებამ ის განზრახ აირჩია პოლიტიკური მართლმსაჯულების პირველ სამიზნედ":

"მმართველი პარტიის წევრებმა ჩათვალეს, რომ ახალგაზრდული იმიჯის გამო ლაზარე დისკრედიტაციის ხელსაყრელი სამიზნე იქნებოდა, საზოგადოებას კი მის ბრალეულობაში ადვილად დაარწმუნებდნენ".

გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურა ჯაფარიძის თქმით, სწორედ ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე გადის ახლა ბრძოლის ხაზი.

"ეს ბიჭი თუ ჩასვეს 7-დან 11 წლამდე, ჩათვალეთ, რომ 8-10 მარტის ამბები წავაგეთ. ასე მარტივად დგას საკითხი. რუსეთი მარტო ის კანონი არ არის, ამ ბიჭის დაჭერაც რუსეთია".

ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ აქტივისტის დაკავება ახალგაზრდების დისკრედიტაციისა და დაშინების გაგრძელებაა. პარტიაში გმობენ ქართული ოცნების მიერ წარმოებულ ჰომოფობიურ და სიძულვილის კამპანიას.

21 წლის ლაზარე გრიგორიადისის წინასასამართლო სხდომა პირველ მაისს ჩაინიშნა. სოციალურ ქსელებში უკვე დაორგანიზდა რამდენიმე მხარდამჭერი აქციაც. სამოქალაქო სექტორში მიაჩნიათ, რომ ლაზარე გრიგორიადისის მიტოვება არ შეიძლება და მისი გასათავისუფლებლად ყველაფერი უნდა გაკეთდეს.


close დახურვა