ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტის მიერ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების გადაწყვეტილებას "ანტი-სახელმწიფოებრივს" უწოდებს. მან გააკრიტიკა სალომე ზურაბიშვილი და მას "ე.წ. პრეზიდენტი" უწოდა.
"ძალიან ვცდილობ რომ მოზომილი ვიყო ჩემს შეფასებას. რა უნდა ვუწოდოთ ასეთ გადაწყვეტილებას, როგორ არ ვუწოდოთ ანტისახელმწიფოებრივი. ადამიანმა შეიწყალა პირი, რომელმაც მოლოტოვის კოქტეილი ესროლა ჩვენს საამაყო პოლიციას და ცოცხლად დაწვა სურდა ჩვენი გმირი პოლიციელის. ეს ხომ ფაქტია. აღიარა ამ კაცმა, რომ მე ვესროლე მოლოტოვის კოქტეილიო და ამის შემდეგ ეს რადიკალი-ექსტრემისტი შეიწყალა ე.წ. პრეზიდენტმა. ეს არის, რა თქმა უნდა, უკვე ანტი-სახელმწიფოებრივი ქმედება. ის, რომ ამ ქალმა საერთოდ დაივიწყა კონსტიტუცია კანონი, პატივს არ სცემს ჩვენ ქვეყანას, ხალხს, ამომრჩეველს. საკუთარ ამომრჩეველზე აღარაფერზე ვამბობ, ბოლომდე რომ უღალატა", - განაცხადა ღარიბაშვილმა ამბროლაურში ყოფნის დროს, სადაც ადგილობრივ მხარდამჭერებთან შეხვედრას მართავდა.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარტის აქციების შემდეგ დაკავებული აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისის შეწყალება გადაწყვიტა.
12 აპრილს გრიგორიადისს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. როგორც სალომე ზურაბიშვილმა TV პირველის ეთერში თქვა, შეწყალების გადაწყვეტილება მან დილით 10 საათზე მიიღო და ახლა მხოლოდ პროცედურული ნაწილია წინ.
ლაზარე გრიგორიადისი გასული წლის 29 მარტს დააკავეს - შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.
აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ მალევე სიძულვილის კამპანია დაიწყო, ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მას არაერთხელ უწოდა "ორიენტაციაარეული".
22 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 7-8 მარტის აქციებზე დაზარალებულმა პოლიციელებმა, სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მხარდაჭერით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებისგან თავის შეკავების თაობაზე განცხადებით მიმართეს.