logo
ENG



კრამონი: იმსახურებთ სტატუსს, მაგრამ ვხედავთ, რას აკეთებს მთავრობა, ეს არის დიდი უფსკრული

01 აპრ 202317:19
3 წუთის საკითხავი
 

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში იმყოფება. კრამონი უკვე შეხვდა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. შეხვედრას ყოფილი ომბუდსმენი, ნინო ლომჯარიაც ესწრებოდა.

კრამონი აღნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, მაგრამ მისი თქმით, მთავრობა რასაც აკეთებს, არის დიდი უფსკრული.

"საქართველოს მოსახლეობა, მოქალაქეები, ყველა თქვენგანი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, მაგრამ შემდეგ ვხედავთ, თუ რას აკეთებს მთავრობა და ეს არის დიდი უფსკრული", - თქვა ევროპარლამენტარმა.

ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, რომ ევროპა ცდილობს, გამოძებნოს გზები უფსკრულის ამოსავსებად. ევროდეპუტატის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 12 რეკომენდაცია ჯერ არ შესრულებულა, საქართველო არ უნდა დარჩეს უმნიშვნელოვანესი სტატუსის გარეშე.

"ზოგიერთ სფეროში ჩვენ ვხედავთ გარკვეულ პროგრესს, მაგრამ ბევრი რამ ჯერ კიდევ ფურცელზეა და ჩვენ უნდა ვნახოთ მათი შესრულება. ჯერ კიდევ დიდ კითხვის ნიშანს ვხედავთ დეოლიგარქიზაციასთან, დეპოლარიზაციასა და სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით. იმედი გვაქვს, რომ ეს გამოსწორდება.

გასულ კვირას, აქ იმყოფებოდა ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი, რომელმაც ნათლად თქვა, რომ სამოქალაქო საზოგადოების გარეშე, საქართველოს ვერ ექნება ევროპული მომავალი. უნდა არსებობდეს დამოუკიდებელი, კრიტიკული, სუვერენული სამოქალაქო საზოგადოება, რომელსაც შეეძლება აკონტროლოს და დააკვირდეს, რას აკეთებენ პოლიტიკოსები და რას აკეთებს მთავრობა. არც ერთ ჩვენგანს არასდროს გვქონია სურვილი, საქართველოს ომში ჩართვის. მთავარი, რასაც ჩვენ ველით არის ის, რომ საქართველო იყოს შესაბამისობაში ჩვენს საერთო და საგარეო პოლიტიკასთან, რაც ასევე მოიცავს სანქციების რეჟიმს. ამ დრომდე საქართველო საწინააღმდეგოს აკეთებს და პირიქით, სარგებელს იღებს ომიდან", - განაცხადა კრამონმა.


close დახურვა