სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა თავის მოადგილედ ნათია ჯულაყიძე, ალეკო ელისაშვილის დისშვილი დანიშნა.
ფორმულას ეს ინფორმაცია ომბუდსმენის აპარატში დაუდასტურეს.
ტვ პირველთან ინტერვიუში ნათია ჯულაყიძეც ადასტურებს, რომ ის ელისაშვილის დისშვილია.
"მე და ალეკო ერთი დიდი ოჯახის წევრები ვართ, ალეკო ბიძად მეკუთვნის, [მისი დისშვილი]. მე უბრალოდ პარტიის ერთ-ერთი წევრი ვიყავი და იქიდან გამომდინარე, რომ მე ლევანთანაც წლები განმავლობაში ვმუშაობდი, არასამთავრობო ორგანიზაციაში ერთად ვმუშაობდით, აქედან გამომდინარე, როდესაც დააარსეს ეს პარტია, ჯერ როგორც აქტიური მხარდამჭერი ვეხმარებოდი და მერე როგორც რიგითი წევრი ვიყავი პარტიის, პოლიტიკურ საბჭოშიც ვიყავი."- განაცხადა ჯულაყიძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე- ერთ დღეს, რომ ალეკო ელისაშვილმა დისკრიმინაციული განცხადება გააკეთოს გააკრიტიკებს თუ არა ჯულაყიძე ელისაშვილს, მან განაცხადა, რომ იქნება პირველი "ვინც გააკრიტიკებს საკუთარ ოჯახის წევრს."
"აუცილებლად გავაკრიტიკებ, გავაკრიტიკებ პირველ რიგში ალეკოს იმიტომ, რომ ოდესღაც სადღაც ერთი და იგივე ღირებულებებს ვიცავდით და რავი ნებისმიერ ადამიანს. ალეკომ კი არა, საკუთარი დედა, საკუთარი მამა და ძმა, რომ იყოს დისკრიმინაციული განცხადებების ავტორი არ შემიშლის პირიქით, ძაან ესეთი სწორხაზოვანი ვარ ადამიანის უფლებებთან მიმართებაში იქნება პირველი, ვინც გააკრიტიკებს საკუთარ ოჯახის წევრს."- ამბობს ტვ პირველთან იოსელიანის მოადგილე.
* * *
დღეს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა თავისი მოადგილეები წარადგინა. ომბუდსმენის მოადგილეები იქნებიან ელენე ღუდუშაური და ნათია ჯულაყიძე.
სახალხო დამცველის პირველი მოადგილე და აპარატის უფროსი კვლავ თამარ გვარამაძე იქნება.
ელენე ღუდუშაური კოორდინაციას და ზედამხედველობას გაუწევს სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის, პრევენციის ეროვნული მექანიზმის, სტრატეგიული სამართალწარმოების სამმართველოს, ანალიტიკური დეპარტამენტის და ადამიანის უფლებათა სწავლების დეპარტამენტის საქმიანობას.
ნათია ჯულაყიძე სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის, გენდერის დეპარტამენტის, თანასწორობის დეპარტამენტის, აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს, დასავლეთ საქართველოს სამმართველოს საქმიანობას გაუწევს კოორდინაციასა და ზედამხედველობას.