სუდანის დედაქალაქ ხარტუმში სუდანის არმიასა და გასამხედროებულ სწრაფი რეაგირების ძალებს შორის სამოქალაქო მმართველობაზე გადასვლის შესახებ უთანხმოების გამო შეიარაღებულ დაპირისპირებას სულ მცირე სამი ადამიანი ემსხვერპლა.
სწრაფი რეაგირების ძალები (RSF) აცხადებენ, რომ კონტროლი დაამყარეს სულ მცირე 3 აეროპორტზე, ჯარის მეთაურის საცხოვრებელსა და პრეზიდენტის სასახლეზე.
სუდანის ჯარი უარყოფს ამას და აცხადებს, რომ მისმა საჰაერო ძალები თავს ესხმიან სამხედრო ბაზებს.
"სროლა კვლავ გრძელდება და ხალხი შენობებში რჩებიან - ძალიან დიდი პანიკა და შიშია" – BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა თვთმხილველმა.
RSF-ის ლიდერმა გენერალმა მოჰამედ ჰამდან დაგალომ, რომელიც ცნობილია სახელით ჰემედტი გამოცემა Al-Jazeera-ს უთხრა, რომ მანამ იბრძოლებენ, სანამ ყველა სამხედრო ბაზას არ დაიკავებენ.
მისი თქმით, სუდანის ჯარის მეთაური აბდელ ფატა ალ-ბურჰანი "კრიმინალია" და ის ან უნდა "მოკვდეს ან გასამართლდეს".
მეორე მხრივ სუდანის ჯარი აცხადებს, რომ RSF-ის მებრძოლები ცდილობენ სამხედრო შტაბების დაკავებას.
"სწრაფი რეაგირების ძალები მებრძოლები თავს დაესხნენ რამდენიმე სამხედრო ბანაკს ხართუმში და სუდანში სხვადასხვა ადგილას" - განაცხადა ჯარის სპიკერმა ნაბილ აბდალამ.
სამხედრო გენერლები ქვეყანას ე.წ სუვერენული საბჭოს გავლით 2021 წლის გადატრიალების შემდეგ მართავენ.
გენერალი ბურჰანი საბჭოს პრეზიდენტია, ჰემედტი კი ვიცე პრეზიდენტი.
ჯარის მიერ შეთავაზებული სამოქალაქო ხელისუფლებაზე გადასვლის მოდელის მიხედვით სწრაფი რეაგირების ძალები (RSF) ეროვნულ ჯარში გაერთიანდება. RSF-ს ამ ცვლილების 10 წლით გადადება სურდა, მაგრამ სუდანის ჯარის თქმით, ეს 2 წელში მოხდება. დაპირისპირება სწორედ ამ საკითხზე უთანხმოების გამო დაიწყო.
დასავლეთმა და რეგიონულმა ლიდერებმა ორ მხარეს სიტუაციის დეესკალაციისა და მოლაპარაკებებისკენ მოუწოდეს, რომლის მიზანიც სამოქალაქო მმართველობის აღდგენა იქნება.
2021 წლის გადატრიალებით დასრულდა 2-წლიანი პერიოდი, როცა სამხედრო და სამოქალაქო ლიდერები ძალაუფლებას ინაწილებდნენ. შეთანხმება მას შემდეგ მიიღწა, რაც სუდანის ავტორიტარი პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი გადააყენეს.
გადატრიალების შემდეგ სუდანში ხშირია პროდემოკრატიული პროტესტები.