logo
ENG



კეზერაშვილი: ივანიშვილის ფაქტორის გაქრობის შემდეგ დასრულდება ჩემი ჩართულობა პოლიტიკაში

18 აპრ 202314:07
3 წუთის საკითხავი
 
კეზერაშვილი: ივანიშვილის ფაქტორის გაქრობის შემდეგ დასრულდება ჩემი ჩართულობა პოლიტიკაში
ფოტო: ფორმულა/დროება

ფორმულას დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი ე.წ. ქოლცენტრებზე BBC-ის გამოძიებასთან და ფორმულასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კეზერაშვილი აცხადებს, რომ "ივანიშვილის ფაქტორის გაქრობისა" და დასავლურ სივრცეში საბოლოოდ შესვლის შემდეგ პოლიტიკაში მისი ჩართულობა დასრულდება. 

კეზერაშვილი აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის 11-წლიანი მცდელობა, საქართველო პუტინის რუსეთის პლატფორმა გაეხადა, განწირული აღმოჩნდა. მისივე თქმით, ოლიგარქის რეჟიმისთვის "ფინიშთან მიახლოების ნიშანს" იძლევა უკრაინასთან ომში რუსეთის პერმანენტული მარცხიც.

"საქართველოში მოქმედი ხელისუფლებისა და მისი რეალური მმართველისთვის დღეს პრობლემაა ყველა ის ინსტიტუცია და ადამიანი, ვინც მისი მკაცრი ვერტიკალის ქვეშ არ არის მოქცეული. ქართული ოცნების მმართველისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველია მისგან, რუსული ოლიგარქიული რეჟიმისგან დამოუკიდებელი ფინანსური რესურსები, პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო სექტორი, მედია, ახალგაზრდები. ოლიგარქის პერსპექტივიდან დღეს საფრთხეა ყველგან, სადაც ის არ არის, რასაც ის ვერ აკონტროლებს, რასაც დემოკრატიულობისა და დასავლური ღირებულებების შინაარსი შეიძლება ჰქონდეს", - აღნიშნავს დავით კეზერაშვილი. 

კეზერაშვილი საუბრობს იმაზეც, რომ ბევრ ადამიანს შეიძლება უჩნდებოდეს კითხვა იმაზე, ხომ არ იქნება ის მომავალი ოლიგარქი გახდეს და აღნიშნავს, რომ ეს გასაგები საფრთხეა.

"მრავალი წელია მეც და ჩემს ოჯახსაც არაერთხელ გვიფიქრია, ხომ არ ჯობს, თავი დავანებოთ ბრძოლას და მშვიდი რეჟიმით ვიცხოვროთ, რამდენად ეს შესაძლებელია იძულებით ემიგრაციაში. ამ დღეებში ეს საკითხი კიდევ ერთხელ გახდა ჩვენთვის აქტუალური, მაგრამ როგორც კი მსგავს პერსპექტივას ვუშვებთ, მაშინვე ვგრძნობთ პასუხისმგებლობას. როგორ შეიძლება, ვდისტანცირდე ყველაფრისგან მაშინ, როდესაც შემიძლია თუნდაც ერთი აგური დავდო რუსული ოლიგარქიის წინააღმდეგ ბრძოლაში. [...]

ივანიშვილის ფაქტორის გაქრობისა და დასავლურ სივრცეში საბოლოოდ შესვლის შემდეგ, დარწმუნებული ვარ თავისუფალ მედიას ჩემი მონაწილეობის გარეშეც გაუჩნდება ბევრი სხვა საარსებო წყარო და აქ დაესმება წერტილი ჩემს აქტივობას მედიის მხარდაჭერის მიმართულებით და ზოგადად, ყველა ტიპის ჩართულობას ქართული პოლიტიკაში", - წერია დავით კეზერაშვილის განცხადებაში.

დავით კეზერაშვილი უარყოფს მილტონ ჯგუფთან და ე.წ. ქოლცენტრებთან რაიმე კავშირს. ამასთან, ის გამოთქვამს მზადყოფნას, საგამოძიებო უწყებებს მიაწოდოს ინფორმაცია ქოლცენტრების საქმეში რეალურად ჩართულ მაღალჩინოსნებზე. გარდა ამისა, იგი ამბობს, რომ თმობს ტელეკომპანია ფორმულას საკონტროლო პაკეტს და მის ნახევარს კოლექტივს გადასცემს. მისივე თქმით, ოლიგარქიული მმართველობის დასრულების შემდეგ დარჩენილ წილსაც კოლექტივს გადასცემს.

დავით კეზერაშვილის განცხადება სრულად. 


close დახურვა