logo
ENG



სამხრეთ კორეის პრეზიდენტი უკრაინისადმი სამხედრო დახმარების შესაძლებლობაზე მიუთითებს - REUTERS

19 აპრ 202312:29
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/19/68h0rwmnla8tobb.jpg
REUTERS/Kim Hong-Ji

სამხრეთ კორეის პრეზიდენტის იუნ სუკ იოლის თქმით, უკრაინის მოქალაქეებზე ფართომასშტაბური თავდასხმის შემთხვევაში, შესაძლოა, უკრაინისადმი მათი მხარდაჭერა ჰუმანიტარულ და ეკონომიკური დახმარებას გასცდეს.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა პრეზიდენტი უკრაინისადმი სამხედრო დახმარების შესაძლებლობაზე მიუთითებს. გასულ წელს სამხრეთ კორეის ხელისუფლება უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას გამორიცხავდა.

Reuters-თან ინტერვიუში იუნმა განაცხადა, რომ მისი ხელისუფლება ეძებს ახალ გზებს, უკრაინის დაცვისა და ხელახალი აღმშენებლობისთვის.

"თუ იქნება ისეთი სიტუაცია, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებისთვის მიუღებელი იქნება, როგორიცაა ნებისმიერი ფართომასშტაბური თავდასხმა მოქალაქეებზე, მასობრივი მკვლელობები ან ომის კანონების სერიოზული დარღვევა, შესაძლოა, ჩვენთვის რთული იყოს მხოლოდ ჰუმანიტარულ ან ფინანსურ მხარდაჭერაზე შეჩერება" - განაცხადა იუნმა.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი აზრით, უკრაინის თავდაცვისთვის დახმარების კუთხით შეზღუდვები არ იქნება და ბრძოლის ველზე მოქმედებების და ომის მხარეებთან „მათი ურთიერთობების გათვალისწინებით“ შესაბამის ზომებს მიიღებენ.

"მიმაჩნია, რომ არ იქნება შეზღუდვები თავდაცვისა და იმ ქვეყნის აღდგენის მხარდაჭერის კუთხით, რომელშიც, როგორც საერთაშორისო ასევე შიდა სამართლის მიხედვით უკანონოდ შეიჭრნენ. თუმცა, ომში ჩართულ მხარეებთან ჩვენი ურთიერთობების და ბრძოლის ველზე მოვლენათა განვითარების გათვალისწინებით ჩვენ შესაბამის ზომებს მივიღებთ" - განაცხადა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა.


close დახურვა