logo
ENG



"სრულად შესრულებულია მხოლოდ ერთი პირობა" - არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასება 12 პუნქტზე

20 აპრ 202313:54
3 წუთის საკითხავი
 

8 ორგანიზაციამ მოამზადა შეფასების დოკუმენტი – სტატუსმეტრი, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ 2023 წლის 31 მარტამდე პერიოდში ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესს, არსებულ მდგომარეობასა და სამომავლოდ განსაზღვრულ ნაბიჯებს ასახავს.

ორგანიზაციების შეფასებით, სრულად შესრულებულია მხოლოდ ერთი რეკომენდაცია - ECHR-ის გადაწყვეტილებების გათვალისწინება. ამასთან, დიდწილად შესრულებულია ორი პირობა, ნაწილობრივ შესრულებულია ოთხი პირობა და შესასრულებელია ევროკავშირის ხუთი პირობა.

როგორც განმარტებულია, სტატუსმეტრი ევროკავშირის ინსტიტუტების, წევრი ქვეყნების, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური ჯგუფების მოლოდინებს აერთიანებს. თითოეული პირობის ირგვლივ ამჟამად არსებული მდგომარეობის აღწერასთან ერთად, დოკუმენტი დარჩენილი გამოწვევებისა და პრობლემების ჩამონათვალსაც გვთავაზობს.

სრულად შესასრულებელია ევროკავშირის 5 პირობა:

  • დეპოლარიზაცია
  • დამოუკიდებელი სასამართლო
  • დეოლიგარქიზაცია
  • მედიის თავისუფლება
  • სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა

ნაწილობრივ შესრულებულია 4 პირობა:

  • საარჩევნო და ინსტიტუციური რეფორმები
  • ანტი-კორუფციული ზომები
  • მოწყვლადი ჯგუფების დაცვა
  • დამოუკიდებელი სახალხო დამცველი

დიდწილად შესრულებულია 2 პირობა:

  • ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა
  • გენდერული თანასწორობა

დეპოლარიზაციის ნაწილში აღნიშნულია, რომ არ გატარებულა რეფორმები საარჩევნო ბარიერთან და ძალაუფლების განაწილებასთან დაკავშირებით ; ისევ პრობლემად რჩება სააკაშვილისა და გვარამიას საქმეები; გრძელდება პოლიტიზებული მართლმსაჯულება; საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მედიის საქმიანობისთვის ხელის შემშლელი კანონების მიღება პოლარიზაციას უფრო გააღრმავებს; არ მცირდება პოლარიზაციის გამომწვევი რიტორიკა; პოლიტიკური პროცესები 2024 წლის არჩევნების წინ მკვეთრად პოლარიზებული რჩება; საპარლამენტო დანიშვნებზე, სადაც მაღალი კვორუმია საჭირო, შეთანხმების პოლიტიკური ნება არ არსებობს; 19 აპრილის შარლ მიშელის შეთანხმების სულისკვეთება არ არის გათვალისწინებული.

რაც შეეხება საარჩევნო და ინსტიტუციურ პრობლემებს, ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ კვლავ გამოწვევად რჩება 5%-იანი საარჩევნო ბარიერი, ბლოკები არაა დაშვებული, რაც ოპოზიციურ პარტიებს 2024 წლის არჩევნებისათვის არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს; არ არის შემუშავებული კონკრეტული მექანიზმები, რომლებიც ე.წ. „კარუსელების“ პრევენციას მოახდენს; ცესკო-ს თავმჯდომარე არ არის არჩეული პარლამენტის 2/3-ით და ის დროებით ინიშნება; სამოქალაქო საზოგადოების აზრით, პარლამენტის წინაშე მთავრობის ანგარიშვალდებულება კვლავ დაბალია; ოპოზიციისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების აზრით, პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებები ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიან ანგარიშვალდებულებას; არ შეცვლილა კითხვა-პასუხის რეჟიმის პროცედურა ინტერპელაციის დროს. საპარლამენტო ოპოზიციისთვის საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმები შეზღუდულია და, ცალკეულ შემთხვევაში, დამოკიდებულია საპარლამენტო უმრავლესობის თანხმობაზე.

დამოუკიდებელი სასამართლო - ამ შემთხვევაში საზოგადოებრივი ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ საქართველოს პარლამენტმა ვერ უზრუნველყო მართლმსაჯულების რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში ფართო ჩართულობა; სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული საკანონმდებლო ცვლილებები იწვევს კრიტიკას ოპოზიციასა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებში; ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ “საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანული კანონის ცვლილებები არ ითვალისწინებს სასამართლო სისტემის ჯეროვან რეფორმას; ორი მოსამართლე, რომლებიც სასამართლოში გავლენიანი ჯგუფის (ე.წ. „კლანის“) ლიდერებად მიიჩნევიან, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშვნის პროცედურის რეფორმის გატარებამდე აირჩიეს და სხვა.

რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქართული ოცნების განცხადებით, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი მხოლოდ კრიტიკული მედიისა და ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებს შეეხება, მაგრამ არ შეეხება ბიძინა ივანიშვილს; ვენეციის კომისიამ კანონპროექტში მნიშვნელოვანი ხარვეზები დაინახა. კომისიის რეკომენდაციით, არსებულ კანონპროექტს, რომელიც პერსონალურ მიდგომას ეფუძნება, სისტემური ტიპის მიდგომა სჯობს; კანონი შესაძლოა ვენეციის კომისიის მოსაზრების სრულყოფილად გათვალისწინების გარეშე იქნას მიღებული.

ანგარიშის სრულად ნახვა შეგიძლიათ აქ.


close დახურვა