logo
ENG



პიზონერო: სტატუსს მოგანიჭებთ, როგორც კი პრიორიტეტები შესრულდება - მუშაობა ჯერ კიდევ საჭიროა

21 აპრ 202309:31
3 წუთის საკითხავი
 

ევროკომისიის სპიკერი ანა პიზონერო ამბობს, რომ ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაციას გასცემს მაშინვე, როგორც კი პრიორიტეტები შესრულდება.

როგორც პიზონერომ ფორმულასთან აღნიშნა, საქართველოს ამ მიმართულებით მუშაობა ჯერ კიდევ სჭირდება.

"ევროკომისია მზად არის გასცეს რეკომენდაცია - მიენიჭოს საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი საქართველოს წევრობის მომართვის შესახებ კომისიის შეფასებაში მითითებული პრიორიტეტები მოგვარდება. საქართველოს მთავრობამ 2022 წლის ივლისში დაამტკიცა სამოქმედო გეგმა - რეკომენდაციაში განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესასრულებლად. საქართველომ აჩვენა ერთგულება რამდენიმე სფეროს მიმართ. კერძოდ მიიღო საარჩევნო სისტემის ცვლილება და საკანონმდებლო პაკეტი გენდერული თანასწორობისა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართ სტამბოლის კონვენციის გამოყენების მიზნით. ასევე მიიღო კანონმდებლობა, რომელიც საშუალებას მისცემს სასამართლოებს გაითვალისწინონ განხილვისას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებები, მაგრამ 12 პრიორიტეტის სრული შესრულებისთვის სამუშაოები რჩება.

როგორც ყოველთვის ევროკავშირი მზადაა უზრუნველყოს ტექნიკური დახმარება, რაც საქართველოს სჭირდება დროულად დაასრულოს ეს ტრანსფორმაციული რეფორმები, რაც ქვეყანას ევროკავშირთან უფრო ახლოს მიიყვანს. თუმცა პასუხისმგებლობა ამაზე მთლიანად საქართველოს ეკისრება. ევროკომისიის რეკომენდაცია გაცემული იქნება უშუალოდ საქართველოს მიერ 12 პრიორიტეტის შესრულების დონის საფუძველზე", - თქვა ევროკომისიის სპიკერმა.

ცნობილია, რომ ევროკომისიის პირველი შეფასება რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით ოქტომბერში გახდება ცნობილი. წლის ბოლოს, დეკემბერში კი საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე იმსჯელებს ევროპული საბჭო.


close დახურვა