სუდანიდან საქართველოს 35-მდე მოქალაქის ევაკუაცია კვლავ ვერ ხერხდება.
დაპირისპირების ზონაში რჩებიან ორი ქართული ავიაკომპანიის "ჯეო სქაისა" და "მაი-ვეი ეარლაინსის" თანამშრომლები - მფრინავები, ეკიპაჟის წევრები და ინჟინრები.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, არ არის ცნობილი, როდის გამოიყვანენ საქართველოს მოქალაქეებს სუდანიდან.
Geo sky-ის ხელმძღვანელის, შალვა კიკნაძის თქმით, ამჟამად სუდანში კომპანიის 20-მდე თანამშრომელი იმყოფება. კიკნაძის თქმით, ისინი უსაფრთხოდ არიან.
"გადაყვანა მოხერხდა ქალაქის ცენტრიდან ქალაქგარეთ, სადაც აბსოლუტურად უსაფრთხო სიტუაციაა, სადაც არ ყოფილა მთელი ამ კონფლიქტის პერიოდში არც სროლა, არც შეტაკებები. როგორც თანამშრომლები გვეუბნებიან, სადაც ისინი განთავსდნენ მაღაზიებიც ღიაა, ხალხი გარეთ მოძრაობს, დენი, წყალი და საკვებიც არის", - თქვა შალვა კიკნაძემ ფორმულასთან საუბრისას.
აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ცნობით, აშშ-ის დიპლომატიური პერსონალის სუდანიდან ევაკუაცია დასრულდა. სუდანიდან მოქალაქეების ევაკუაციის შესახებ დღეს, 23 აპრილს გამოაცხადა ნიდერლანდების ხელისუფლებამაც. ქვეყნიდან მოქალაქეების გაყვანა დაიწყო საფრანგეთმა და საუდის არაბეთმაც.
სუდანიდან საქართველოს 35-მდე მოქალაქის ევაკუაცია უკვე რამდენიმე დღეა ვერ ხერხდება.
სუდანის დედაქალაქ ხარტუმში სუდანის არმიასა და გასამხედროებულ სწრაფი რეაგირების ძალებს შორის სამოქალაქო მმართველობაზე გადასვლის შესახებ უთანხმოების გამო შეიარაღებული დაპირისპირება 15 აპრილს დაიწყო.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 21 აპრილის მონაცემებით, სუდანში შეტაკებების შედეგად 413 ადამიანი დაიღუპა 3 551 კი დაშავდა.