logo
ENG



თვის ტროლის ჯილდო ქართველ ტროლებს გადაეცემათ, რუს ტროლებსაც აჯობეს - კრამონი

26 აპრ 202314:49
3 წუთის საკითხავი
clock 459
2023/04/26/dh8d7px7f0cmb1c.png

ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, რომ ქართველმა ტროლებმა რუს ტროლებსაც აჯობეს - ასე ეხმაურება ის საქართველოში მის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციას, რომ თითქოს ის ნაცისტური გერმანიის მაღალჩინოსანისა და ომის დამნაშავე ჰერმან გერინგის ნათესავია.

"მომილოცავს, თვის ტროლის ჯილდო ამჯერად გადაეცემათ ქართველ ტროლებს, მათ რუს ტროლებსაც აჯობეს. რატომ? მე მათ ჰერმან გერინგის შესაძლო ნათესავად გამამწესეს, მსგავსი აზრი მხოლოდ მათ მოუვიდათ", - ამბობს კრამონი ვიდეომიმართვაში.

კრამონი საუბრობს ე.წ. deepfake ვიდეოზეც და მიუთითებს, რომ ისინი ძირითადად მმართველი პარტიის მხარდამჭერებმა გააზიარეს. ევროპარლამენტარის თქმით, ყალბი ვიდეოების დამკვეთიც, სავარაუდოდ, აქ უნდა ეძებონ.

"მეორე ფეიკი კიდევ უფრო აბსურდული და უხერხული იყო - ნასვამი ქალი ბრიტანულ ქორწილში. სიამოვნებით წავიდოდი ქარულ ქორწილში, მაგრამ ჯერ არავის დავუპატიჟებივარ. ამ ქალბატონთანაც არაფერი მაქვს საერთოდ, ეს კლასიკური ე.წ. deepfake ვიდეო იყო. საინტერესო გარემოებაა, რომ ეს ფეიკები ძირითადად მმართველი ფრაქციის მხარდამჭერების მიერ იქნა გაზიარებული, საფიქრებელია, რომ სავარაუდო დამკვეთიც აქ უნდა ვეძებოთ", - განაცხადა მან.

კრამონის წინააღმდეგ გავრცელებული დეზინფორმაცია 13 აპრილს მითების დეტექტორმა შეისწავლა. მათი თქმით, 4 აპრილს TV სეზონის გადაცემაში "დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან" ისტორიკოსმა დიტო ჩუბინიძემ ვიოლა ფონ კრამონის შესახებ ისაუბრა. ჩუბინიძის მტკიცებით, ევროპარლამენტარის ქალიშვილობის გვარი გერინგია და ის ლუფტვაფეს რაიხსმარშლის ჰერმან გერინგის გენეტიკური და სულიერი შთამომავალია.

გადაცემის სტუმარი ასევე ამტკიცებდა, რომ ფონ კრამონის საქართველოში ვიზიტის მიზანი საქართველოში იმის განხორციელებაა, რასაც გერინგი, გებელსი, ჰიმლერი, ბორმანი და სხვები მეოცე საუკუნის 30-40-იან წლებში კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადიოდნენ. 


close დახურვა