logo
ENG



სუდანიდან ევაკუირებული საქართველოს 20 მოქალაქე სამშობლოში დაბრუნდა

27 აპრ 202312:32
3 წუთის საკითხავი
clock 729

სუდანიდან ევაკუირებული საქართველოს 20 მოქალაქე სამშობლოში დაბრუნდა. ავიაკომპანია Geosky-ის თანამშრომლები დილის 10 საათისთვის დაბრუნდნენ თბილისში.

მათი განცხადებით ვითარება რთული და გაუსაძლისი იყო.

ცხელი წერტილიდან მათი გამოყვანის შესახებ ამბობენ, რომ ჩართული იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. ისინი არ ადასტურებენ, რომ ამ პროცესში უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო დეპარტამენტი მონაწილეობდა. ამას არ ადასტურებს ავიაკომპანიის ვიცე-პრეზიდენტიც.

ხვალ, დილის 10 საათზე, სუდანიდან საქართველოს კიდევ 10 მოქალაქე დაბრუნდება. ისინი ავიაკომპანია Myway-ის თანამშრომლები არიან.

"10 დღის მანძილზე ვიმყოფებოდით ამბოხებულთა ასე, რომ ვთქვათ ალყაში, არ ვიცი რა დავარქვა. ნამდვილად გაუსაძლისი პირობები იყო, ირგვლივ სროლა, ყოველ დილით, ყოველ საათში დაბომბვა. უბრალოდ, ჯოჯოხეთი იყო, ხალხი გარბოდა, ბავშვები, ქალები, წყლის რაოდენობა საკმაოდ მცირე იყო. ჯამში 2 500 კილომეტრი გავიარეთ უდაბნოში."- განაცხადა ავიაკომპანიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა.

"კომპანიას კომუნიკაცია ჰქონდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, მინისტრის მოადგილე ბატონ ალექსანდრესთან მუდმივ კავშირზე ვიყავით. თავის მხრივ ჩართული იყო პროცესში საქართველოს საელჩო თურქეთში და საქართველოს საელჩო ეგვიპტეში. დარჩენილი 13 ადამიანი არის კომპანია MyWays-ის თანამშრომელი, უბრალოდ შეუძლებელი იყო ყველას ერთ რეისზე მოხვედრა."- ამბობს ავიაკომპანია Geosky-ის ვიცე-პრეზიდენტმა, შალვა კიკნაძემ.

* * *

სუდანის დედაქალაქ ხარტუმში სუდანის არმიასა და გასამხედროებულ სწრაფი რეაგირების ძალებს შორის სამოქალაქო მმართველობაზე გადასვლის შესახებ უთანხმოების გამო შეიარაღებული დაპირისპირება 15 აპრილს დაიწყო.

სუდანიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაცია დროებითი ზავის პირობებში მიმდინარეობს. სუდანი უკვე დატოვეს ამერიკელმა დიპლომატებმა და მათი ოჯახის წევრებმა. თავისი მოქალაქეები გაიყვანა ესპანეთმა. საფრანგეთმა და გერმანიამ განაცხადეს, რომ მათაც შეძლეს 700-მდე ადამიანის ევაკუაცია. მოქალაქეები გამოიყვანა დანიამ, ნიდერლანდებმა, შვეიცარიამ და შვედეთმა. ხალხის ნაწილის ევაკუაცია პორტ სუდანიდან წითელი ზღვის გავლით მოხერხდა. ქვეყნის დატოვებას ყველა შესაძლო გზით ცდილობენ თავად სუდანის მოქალაქეებიც.


close დახურვა