logo
ENG



IRI: სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანას ოცნების ამომრჩეველთა 23% მტკიცედ ან ნაწილობრივ ემხრობა

28 აპრ 202300:23
3 წუთის საკითხავი
clock 704
IRI: სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანას ოცნების ამომრჩეველთა 23% მტკიცედ ან ნაწილობრივ ემხრობა

ფორმულამ მოიპოვა დამატებითი მონაცემები IRI-ის კვლევიდან, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ქართული ოცნების ამომრჩეველთა 23% მტკიცედ ან ნაწილობრივ უჭერს მხარს.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 43% მიხეილ სააკაშვილის სხვა ქვეყანაში სამკურნალოდ გადაყვანას მხარს მტკიცედ უჭერს, 18% კი ნაწილობრივ ემხრობა.

IRI-ის კვლევის ფორმულას მიერ მოპოვებულ ნაწილში ჩაშლილია მონაცემები გამოკითხულთა პარტიული მიკუთვნებულობის მიხედვით. შედეგებიდან იკვეთება, რომ პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ქართული ოცნების ამომრჩეველთა 23% მტკიცედ ან ნაწილობრივ ეთანხმება.

კითხვაზე: დაუჭერდით თუ არა მხარს მიხეილ სააკაშვილის სხვა ქვეყანაში სამკურნალოდ გადაყვანას? ქართული ოცნების ამომრჩეველთა 12%-მა განაცხადა რომ მტკიცედ უჭერს მხარს, 11% კი ნაწილობრივ.

ოცნების ამომრჩეველთა 62% სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას მტკიცედ, 8% კი ნაწილობრივ ეწინააღმდეგება. 7%-მა პასუხისგან თავი შეიკავა, ან განაცხადა რომ არ იცის.

წყარო: IRI

ყოფილი პრეზიდენტის საზღვარგარეთ გადაყვანას პარტიული მიკუთვნებულობის მიხედვით, ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლები ყველაზე მეტად უჭერენ მხარს. ენმ-ის ამომრჩეველთა 89% მტკიცედ უჭერს მხარს სააკაშვილის გადაყვანას, 7% კი ნაწილობრივ.

გირჩი - მეტი თავისუფლების, დროას და სტრატეგია საქართველოს ამომრჩეველთა 66% ასევე მტკიცედ უჭერს მხარს სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას, 25% კი ნაწილობრივ.

სხვა პარტიების ამომრჩეველთა 44%, ხოლო იმ ადამიანების 38% კი ვინც თავს არცერთ პარტიას არ მიაკუთვნებს, ასევე მტკიცედ ემხრობა ყოფილი პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები 25 აპრილს გამოქვეყნდა. 

IRI-ს კვლევის საველე სამუშაოები Polling & Marketing-მა ჩაატარა. მონაცემები შეგროვდა მთელი საქართველოს მასშტაბით 2023 წლის 4-დან 23 მარტამდე, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით. გამოიკითხა საქართველოს 1500 მოქალაქე 18 წლის ზემოთ, ვისაც ხმის მიცემის უფლება აქვს და ეს რაოდენობა გენერალური მოსახლეობის ჭრილში რეპრეზენტატულია ასაკის, სქესის, რეგიონის და დასახლების ზომის მიხედვით. გამოპასუხების მაჩვენებელმა შეადგინა 63%. ცდომილების ზღვარი ±2.5 პროცენტული პუნქტი. კვლევა დაფინანსდა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ.

 

close დახურვა