რუსული კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ მან თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს ულტიმატუმი წაუყენა, რომ თუ ვაგნერის სამხედროებისთვის ტყვია-წამლის დეფიციტის პრობლემა არ გადაიჭრება, მისი დანაყოფები იძულებულები იქნებიან, გამოვიდნენ უკრაინის ქალაქ ბახმუტიდან.
ამის შესახებ პრიგოჟინმა ომის კორესპონდენტთან სემიონ პეგოვთან ინტერვიუში ისაუბრა. ჩანაწერი ტელეგრამ არხმა WarGonzo-მ გაავრცელა.
პრიგოჟინის თქმით, თავდაცვის სამინისტრომ სასწრაფოდ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ვაგნერის მებრძოლების ბახმუტში ყოფნის მიზანშეწონილობის შესახებ.
ვაგნერის დამფუძნებელმა ასევე აღნიშნა, რომ წერილი რუსეთის თავდაცვის მინისტრს უკვე გაუგზავნა და სთხოვა, დაეხმარონ "ტყვია-წამლის დეფიციტის" აღმოფხვრაში.
პრიგოჟინმა განაცხადა, რომ ვაგნერი იმ შემთხვევაში დარჩება ბახმუტში, თუ დანაყოფებს ტყვია-წამალი ექნებათ, თუმცა მისი ცნობით, ამ დროისთვის ჭურვების მარაგი მხოლოდ რამდენიმე დღისთვისაა საკმარისი.
"ჩვენ დავრჩებით ბახმუტში მანამ სანამ ბოლო ვაზნა გვექნება, მაგრამ ძალიან ცოტა ტყვია-წამალია დარჩენილი - არაა სამყოფი კვირებისთვის, არამედ დღეებისთვის. და თუ ტყვია-წამლის დეფიციტი არ შეივსება, იძულებულები ვიქნებით, რომ იმისთვის, რომ შემდგომში მშიშარა ვირთხებივით არ გავიქცეთ, ან ქალაქი ორგანიზებულად დავტოვოთ ან დავრჩეთ და დავიხოცოთ. დიდი ალბათობით, მოგვიწევს ამ ტერიტორიიდან ზოგიერთი დანაყოფის გაყვანა" - განაცხადა პრიგოჟინმა.
2023 წლის თებერვალში პროგოჟინმა "რაკეტების დეფიციტზე" დაიწყო საუბარი და რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერის განადგურების მცდელობაში დაადანაშაულა. პასუხად თავდაცვის სამინისტრომ პრიგოჟინის განცხადება შეაფასა როგორც "ეგზალტირებული განცხადება თავდასხმის რაზმების მოხალისეებისთვის საბრძოლო მასალის მიწოდების სავარაუდო დაბლოკვის შესახებ".
სამინისტროს თქმით, ისინი საბრძოლო მასალის მიწოდების შესახებ ყველა მოთხოვნას უმოკლეს დროში ასრულებენ და "რუსული დაჯგუფების ქვედანაყოფებს შორის ურთიერთობისა და მხარდაჭერის მჭიდრო მექანიზმის დანაწევრების მცდელობები კონტრპროდუქტიულია და თამაშობს მხოლოდ მტრის სასარგებლოდ მოქმედებს".